ლებრონის გუნდი

ლეიკერსი კიდევ ერთი იმედგაცრუებისთვის ზედმეტად ნიჭიერია. ლოს ანჯელესში ახალი მეფეა. ლებრონ ჯეიმსი. თავი დაუხარეთ. 

ლოს ანჯელესში მუღამი იცვლება. ჯეკ ნიკოლსონის ნათება აღარ არის ბევრმილიონიანი ჰონორარის გარანტია. პროდიუსერები ჭკვიან, ღრმა ფილმებში დიდ ინვესტიციას არ დებენ და სტალონეს ერთჯერად სისხლისღვრაზე უფრო დიდ კუშს ხარჯავენ. რობერტ ზემეკისის დროის მანქანა მარველის გმირების ფონზე სათამაშოა. ჰარისონ ფორდი ინდიანა ჯონსის მათრახით ვეღარ ლიდერობს კინოგაქირავებაში და კანონმორჩილი ამერიკელების საყვარელი მსახიობიც ჯონ რემბოს მეგობრებთან ერთად იბრძვის. სადამდეც ქაჩავს, იბრძვის. კრისტინა აგილერა მზრუნველი დედის მოვალეობებს ასრულებს და ნაკლებად არის ჩართული მუსიკალურ ინდუსტრიაში. ემინემი დოქტორ დრეს ყურსასმენებით და Off White-ის ახალი ლუქით საერთოდ აღარ ჰგავს თეთრკანიანს. ახალი თაობის რეპ-პოეტი მაიკლ ჯექსონის შემდეგ ყველაზე გაყიდვადი სოლო-შემსრულებელი გახდა.

ლოს ანჯელესი იცვლება. და იცვლება ნიკოლსონის, სტალონეს, ბიძია ფორდის, ბუნჩულა და საჩქმეტი აგილერას, ემინემის საყვარელი გუნდი. 

ლოს ანჯელეს ლეიკერსი. ჯერი უესტის გუნდი. 

ქარიმ აბდულ-ჯაბარის გუნდი. 

მეჯიქ ჯონსონის გუნდი. 

შაკის გუნდი.

კობი ბრაიანტის გუნდი. 

და ლოს ანჯელესში ახალი მეფეა. ლებრონ ჯეიმსი. თავი დაუხარეთ. 

როგორ იცვლება პრიორიტეტები. შარშან, როდესაც მეფე კალიფორნიაში ჩავიდა, გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა სწრაფი მოთამაშეების დაკონტრაქტება გახდა. ლებრონი შედის ასაკში და ჯეიმსმა რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა გაატაროს პირველ ნომერზე. რომ ასაკს არ ჩამორჩეს. რომ ლეიკერსთან საკონტრაქტო ვალდებულება როიალურად, მისთვის საკადრისად შეასრულოს. 

გეგმამ ვერ იმუშავა. ახალწვეულებმა ვერ გაქაჩეს და ჯეიმსი (იძულებით) პირველ ნომერზე დადგა. ახალი თაობის მეჯიქ ჯონსონი. ლებრონმა შარშანდელი რეგულარული ბურთთან (საშუალოდ) ყველაზე მეტი შეხებით და ფლეი ოფის გარეშე დახურა. ლეიკერსი 34 წლის ჯეიმსთან ერთად მშვიდად იჯდა საფლეიოფო ზონაში და ლებრონის გარეშე დაიშალა. 

ლებრონმა რეგულარულის მეორე ნაწილი გაატარა და დაიწყო ახალი გუნდის შეკვრა. და ლეიკერსში საკალათბურთო ოპერაციები უკვე ჯეიმსთან შეთანხმებით მიდის. მხოლოდ ჯეიმსთან შეთანხმებით. მკაცრად ჯეიმსთან შეთანხმებით. 

ლოს ანჯელესი მეორე შანსს არ გაძლევს. თუ არ ხარ ლერბონი და წლიდან წლამდე მხოლოდ ჩემპიონობისთვის არ იბრძვი. 

და ჯეიმსი ამ გუნდში გამთამაშებელი იქნება. იცვლება ჯეიმსის ორგანიზაცია, იცვლება ჯეიმსის დატვირთვა და არ იცვლება ლებრონის როლი - ის გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს, ყველა პოზიციაზე დგება და მის გარშემო ყველა მეტს ელოდება.

ჯეიმსს უნდოდა ენტონი დევისი. შესრულებულია. ლიგის საუკეთესო მაღალი მოთამაშე ლეიკერსშია. გუნდმა დაკარგა ბოლი, ინგრემი, ჰარტი და ახალგაზრდობა. მოვიდა მკვლელი, რომელიც ბოლო სეზონებში უმოტივაციოდ იღლებოდა. ლებრონთან ერთად უსისხლოდ თამაში არ გამოვა. დევისმა ეს იცის. 

ბოლის წასვლის შემდეგ, გუნდის ძირითადი გამთამაშებელი გახდა რაჟონ რონდო. ლეიკერსს მის დასაკონტრაქტებლად მთელი 7 მილიონი მიზეზი ჰქონდა. საინტერესო და ოდნაც ჭრელი შემადგენლობა დენი გრინით, ეივერი ბრედლით, ჯარედ დადლით და კენტავიუს კოლდუელ-პოუპით შეივსო. 

ლებრონთან იქნება კაილ კუზმა. მე ინგრემი უფრო მომწონს, მაგრამ კუზმაც წავა. დემარკუს კაზენსმა დაკარგა ჯანმრთელობა, ნდობა, ვარსკვლავის სტატუსი და ერთი კარგი სეზონით ჯეიმსთან ერთად ის კარიერას გადატვირთავს. 

ლებრონი და დევისი ლიგაში ყველაზე მოქნილ, შედეგიან, ბასრ წყვილს ქმნიან. მძიმე, მოქნილი პიკ ენ როლით. თუ ამ ჰარდ როკს ანდრე იგუდალა და კაილ კორვერი დაემატებიან, ლეიკერსი სიღრმით და გამოცდილებით მოკლავს მოწინააღმდეგეებს. ჯანმრთელი ლეიკერსი სულ მცირე, ფლეი ოფის გუნდია. 

დევისი ლიგის საუკეთესო მაღალია და ყველა პოზიციის ტოპ ათეულში შედის. ლებრონი დღესაც კალათბურთის შოპენია. ლებრონი გუნდთან ერთად გუნდზე თამაშობს. როგორც ყოველთვის. როგორც კლივლენდში, მაიამიში. როგორც კაირისთან და უეიდთან ერთად. 

ლებრონმა უნდა დაისვენოს. ორი წლის წინ ჯეიმსმა კლივლენდთან ერთად რეგულარულის ყველა, 82 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შარშან, ჯეიმსმა 26 მატჩი გამოტოვა. მეფემ სხეული დაასვენა. ჩემპიონი კავაი ლეონარდი და ტორონტო გახდნენ. და ჯეიმსმა ვერ დაარწმუნა კავაი, რომ ლეიკერსი მისთვის კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტი იყო. 

კავაის საკუთარი ნიჭით უნდა მოგება. კავაი კლიპერსში გადავიდა. ლებრონთან ჩეხვა კავაისთვის ყოველთვის მკვლელი მოტივაცია იყო. 

ლეიკერსს აქვს ნიჭი. ლეიკერსს ჰყავს დევისი. ლეიკერსს ჰყავს ლებრონი. L(ebron)A(nthony) Lakers სექსუალური და დაუნდობელია. ჯერ - ქაღალდზე და თუ დევისი ტრავმას არ მიიღებს, ჯეიმსი ბევრ თამაშს მოიგებს. ლეიკერსის მთავარი მწვრთნელი გახდა ფრენკ ვოგელი. მისი ასისტენტია ჯეისონ კიდი, რომელსაც ლებრონთან ერთად ამერიკის ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს. თუ ჯეიმსს მოეწონება ფრენკი, ლეიკერსი გაიქცევა, იყომარებს. თუ არ მოეწონება, ლეიკერსში ახალი მწვრთნელი მივა. როგორც - კლივლენდში, სადაც ჯეიმსმა ვერ მიღო დევიდ ბლატის სიმკაცრე. 

ლეიკერსმა უნდა მოიგოს 50-53 თამაში. ალბათ, მიიღებს უპირატესობას ფლეი ოფის პირველ წრეში. 

ჯეკ ნიკოლსონმა მოითხოვა თავისი ადგილი ლეიკერსის სათადარიგოების უკან. ჯეკს იქ ძველ დურბინდს დაახვედრებენ. სხვებიც დაბრუნდებიან.

და უნდა დაბრუნდეს ლეიკერსიც. 

რომელიც კიდევ ერთი იმედგაცრუებისთვის ზედმეტად ნიჭიერია. 

ლოს ანჯელესში ახალი მეფეა. 

ლებრონ ჯეიმსი. თავი დაუხარეთ.