თუკი ამინმა ჩამოიარა

ისტები“ მომენატრა, ოღონდ ფეხბურთში. მესხისტებიყიფიანისტები

ეს იყო სარბიელის მე-18 გამოკითხვა, უკვე მეორე ლიდერბეთთან ერთად. გამოკითხვაში მონაწილეობდა სამოცდაცხრამეტი სპორტული ჟურნალისტი, რომელთაც 2018-19 წლების საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელეს. 

 

ხმათა უმრავლესობით, რასაკვირველია. ოღონდ, დიდი, უმრავლესობით.

 

 

ალალია გიორგიზე! თავადაც მას მივეცი ხმა.

 

მეორეზე შარშანდელი საუკეთესო საბა კვერკველია გავიდა, მესამეზე — თავდადების სიმბოლო ჯაბა კანკავა.
ახლა, რა ვთქვათ? რა ვისურვოთ? რა ვუსურვოთ? ყურადღება რაზე გავამახვილოთ?

 

ალბათ, ყველაფერს ჯობს უკვე ამობრწყინებულ და მაინც, ჯერაც ამომავალ ქართველ ვარსკვლავს დიდი წარმატებები ვუსურვოთ, ჩვენ კი ის დღე გაგვთენებოდეს, როდესაც საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ერთმანეთს მსოფლიოს უდიდეს კლუბებში მოთამაშე ვარსკვლავები შეეცილებიან. დაე, ეს ვარსკვლავები ამ კლუბების ლიდერები ყოფილიყვნენ, ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ეთამაშოთ, ხოლო გულშემატკივარს საკამათოდ ჰქონოდეს საქმე — არა ეს სჯობს და არა ისო.

 

ისტები“ მომენატრა, ოღონდ ფეხბურთში. მესხისტები, ყიფიანისტები

 

მეორე მხრივ კი რას გეტყვით, იცით? სარბიელის 18 გამოკითხვიდან ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც საუკეთესოობა ქართულ გუნდში მოთამაშე ფეხბურთელს ხვდა წილად. ეს იყო გიორგი ქინქლაძე, ვინაც 1992-93 წლების სეზონში თბილისის დინამოდან მიიღო საუკეთესოს პრიზი. დანარჩენი ხან აქედან იყო და ხან იქიდან: ტრაბზონსფორიო, როსტელმაშიო, სიტიო, აეკიო, აიაქსიო, მოსკოვის ლოკომოტივიო, ფრაიბურგიო, მილანიო, შალკეო, ალკმაარიო. მილანი ოთხჯერ იყო, ლოკომოტივი და ფრაიბურგი ორ-ორჯერ.

 

ჰოდა, ვიფიქრე, ბარემ თუ ნატვრა და სადღეგრძელოა, ნატვრა და სადღეგრძელო იყოს — ის დღე გაგვთენებოდეს, როდესაც საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ერთმანეთს  ქართულ გუნდებში მოთამაშე მსოფლიო დონის ვარსკვლავები შეეცილებიან, მეთქი.

 

ზღაპარია? იყოს, მერე რა? რა გენაღვლებათ?

 

მესმის, რომ საქართველო იქით იყოს და დღეს, მთელ მსოფლიოში ცოტა სხვანაირი დროება დგას. ბრაზილიის ნაკრები რომ ბრაზილიის ნაკრებია, იმასაც კი მარტო ერთი კაცი ჰყავს ეროვნული ჩემპიონატიდან, სხვა ყველა ცნობილ ევროპულ გუნდებში გამოუდის.

 

და მაინც, მე ვინატრებ და იქნებ ამ დროს ამინმა ჩამოიაროს.

 

ერთი რამ ზუსტად ვიცი. ბუნებამ საქართველოზე იზრუნა და აქაურებს გენში ფეხბურთის ნიჭი ჩაუდო. ეს ისტორიულად დამტკიცებული ფაქტია. ხოლო თუ ჩავარდნა გვაქვს, თუ ვერ ვთამაშობთ, თუ გვიჭირს, ეს ისტორიული კონტექსტის, ჩვენი უთავბოლობის (რაზე ზრუნვაც ბუნებას აშკარად დაეზარა) და სხვა ასეთი მიზეზების ბრალია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, უიღბლობის პერიოდი ჩვენს თავს უნდა მოვკითხოთ და შევეცადოთ მდგომარეობა გამოვასწოროთ. დღეს არ გამოვა? ხვალ გამოვა, ზეგ გამოვა, მაზეგ იქნება…

 

ის, რომ ფეხბურთის თამაში სისხლში გვაქვს, აგერ, ჩვენი დღევანდელი გამარჯვებულის, გიორგი ჩაკვეტაძის მაგალითზე მტკიცდება. 

 

ჰოდა, შეუბერე, ჩემო გიორგი. არ მოეშვა, მცირედით არ დაკმაყოფილდე. საერთოდ, არ დაკმაყოფილდე. შეხედე რონალდუს. 34 წლის კაცია, ფულიც აქვს, გარაჟში რარიტეტული მანქანებიც უბღუის და ცოლადაც ერთიმეორეზე ლამაზი ქალები უზის, მაგრამ გიჟია. თასები და ტიტულები უნდა, სულ მეტი და მეტი.

 

ჰოდა, არც შენ გაჩერდე. ბოლომდე მიდი, ოღონდ შენი თავი არ დაკარგო. არ გაახუნო ის რაღაც, რასაც ყველა ჩვენგანზე უკეთ გრძნობ. შენებური „წკაპი“ დაიტოვე და ქართველი გულშემატკივრები გვერდით გვიგულე.
მე, ყოველ შემთხვევაში, შენთვის ტაშის დაკვრით ხელებს გადავიტყავებ და შენი სახელის ყვირილით ხმას ჩავიხლეჩ.

 

ეს მხოლოდ პირველი აღიარება იყო!