კაპიტან ფუტურო

მისი კარიერა სპორტული ერთგულების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ილუსტრაციაა 

14 მაისს დანიელე დე როსიმ რომადან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. 26-ში ბოლო მატჩი გამართა მშობლიურ კლუბში. ამ ზაფხულს მისით სერია A-ს და ამერიკული MLS-ის რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, მაგრამ, ჩანს, იტალიელმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. 


ეროვნულ ნაკრებში ის 2017 წლის შემდეგ აღარ თამაშობს, თუმცა რომას მაისურით მინდორზე გასვლისას, მაინც რჩებოდა იტალიური ფეხბურთის სიმბოლოდ.


ასეთია დღესაც. იმ განსხვავებით, რომ თუკი კარიერას დაასრულებს, ეს სიმბოლო უკვე ისტორიად გადაიქცევა.
მას კაპიტან ფუტუროს ეძახდნენ, ანუ მომავლის კაპიტანს.


დე როსი რომაში მთელი კარიერის, 18 წლის განმავლობაში თამაშობდა და ჯამში  616 მატჩი გამართა. 

 

ახლა თუკი მას ფეხბურთელის ფორმაში წარმოვიდგენთ, ალბათ მხოლოდ სკუარდა აძურას მაისურით.


მისი კარიერა სპორტული ერთგულების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ილუსტრაციაა. 

 


მისი სათამაშო წლები იმ დროს დაემთხვა, როცა რომის იმპერატორი, ფრანჩესკო ტოტი ბრწყინავდა. ეს ერთგვარად დრამატულიც იყო დე როსისთვის. წლების განმავლობაში ელოდა ის კაპიტნის სამკლავურს. ამიტომაც შეარქვეს მომავლის კაპიტანი. ეს სამკლავური ბოლოს მაინც მიიღო, ტოტის წასვლის შემდეგ. მაგრამ თავად ამბობს, რომ მისთვის გუნდის წარმატება იყო მთავარი და არა კაპიტნობა.


2013 წელს, როცა ტოტიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, დე როსიმ თქვა: „ეტყობა, მომავლის კაპიტნის თიკუნი კარიერის ბოლომდე შემრჩება. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს.  ერთს ვთხოვ ფრანჩესკოს, განაგრძე გამარჯვებები რომასთან ერთად. მე ვიცე-კაპიტნის წოდებითაც ვამაყობ და ბედნიერებისთვის სამკლავური არ მჭირდება.

 


დე როსის გამორჩეულობა კიდევ იმაში გამოიხატება, რომ ტოტის ეპოქაში, გუნდის თვითმყოფად ფასეულობად ჩამოყალიბება მოახერხა. და აქ საქმე მხოლოდ ლიდერის და მებრძოლ ხასიათში არ არის. ის თამაშის შესანიშნავი ორგანიზატორიც გახლდათ. 


საფეხბურთო ინტექლექტის წყალობით, ის შეუცვლელი მოთამაშე და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი გახდა. მას შეეძლო გუნდის შეტევების ორგანიზებაც და დაცვაში სტაბილურად თამაშიც. ფაქტობრივად, დე როსი პლეიმეიკერისა და ჩამშლელის ფუნქციებს ითავსებდა, რაც წარმოუდგენელ ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს.


ჯერ კიდევ 2009 წელს, გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონინიო  სერეზომ, გამოთქვა მოსაზრება, რომ გუნდურობის თვალსაზრისით, დე როსის მეტი გავლენა აქვს პარტნიორებზე, ვიდრე ტოტის. თუ იმ პოზოციას გავიხსენებთ, რომლიც კაპიტან ფუტუროს ეკავა, ეს ნათქვამი მთლად უსაფუძვლო არ არის.


დე როსის ბევრი ტიტული არ მოუხვეჭია. მეტიც, მას არასოდეს მოუგია ჩემპიონთა ლიგა ან სკუდეტო. სამაგიეროდ, 2006-ში სკუადრა აძურასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 

თუმცა, იქაც თავის სტიქიაში იყო. ბრძოლა, გაძევება, კონფლიქტი მწვრთნელთან...


ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, აშშ-ის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, დე როსიმ მოწინააღმდეგეს სახეში გაარტყა ხელი, წითელი ბარათი და დისკვალიფიკაცია მიიღო, რომელიც ფინალურ მატჩამდე გაგრძელდა.

 


გადამწყვეტ მატში მარჩელო ლიპიმ ის შეცვლაზე ათამაშა და დე როსისაც არ უმტყუნია. თავისი მატჩისშემდგომი უმნიშვნელოვანესი პენალტიც გაიტანა, მეტოქე ტრეზეგეს გაცუდებულის შემდეგ.


„გაგიჟდი? თუ ვერ გაიტან გაგანადგურებენ,“ - ეუბნებოდნენ თანაგუნდელები. ლიპიმაც გაკვირვებულმა ჰკითხა: „შენ ურტყამ?“ მერე მიხვდა, რომ დე როსის აუცილებლად უნდა დაერტყა, ეს საქმისთვის უკეთესი იქნებოდა. და მოთამაშეებს მიუბრუნდა: „ვინ დაარტყამს დანიელეს შემდეგ?“


ასეთია დე როსი.