ენგორდანის მწვრთნელი: შედეგი მოულოდნელი არ იყო

ფილიპე ბუსტომ დინამოსთან მარცხი შეაფასა 

თბილისის დინამომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, ანდორულ ენგორდანს უმასპინძლა და 6:0 გაანადგურა. მატჩის დასრულების შემდეგ, სტუმარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფილიპე ბუსტომ დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში ქართული მედიის შეკითხვებს უპასუხა.

"ამ მატჩისთვის წინასწარ მომზადებული სტრატეგია გვქონდა, რომელიც დინამოს ძალიან კარგმა თამაშმა დაგვიმსხვრია. ასეთი დიდი სხვაობით მარცხის მიზეზი საწყის წუთებში ორი გოლის გაშვება იყო, ამან მთლიანად დაგვანგრია.

ყველა მატჩის წინ მეტოქეს წინასწარ ვსწავლობთ. დინამო კარგად გვყავდა შესწავლილი. ვიცოდით, რომ ამ გუნდმა სატრანსფერო ფანჯრისას სერიოზული შევსება მიიღო, თავის ჩემპიონატში ზედიზედ 7 შეხვედრა მოიგო. დინამო ჩვენთვის სამწუხაროდ ძალიან ტიტულოვანი ძლიერი გუნდია, რომელსაც ჰყავს როგორც ადგილობრივი, ისე ძლიერი უცხოელი ფეხბურთელები. ამრიგად, შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა.

დაცვაში რამდენიმე სერიოზული შეცდომა გვქონდა, რომლითაც დინამომ ისარგებლა. მათ ტემპი ფეხბურთელების შეცვლის შემდეგაც არ დააგდეს, პირიქით უფრო მოუმატეს და რამდენიმე გოლი კიდევ გაგვიტანეს.

ამ მატჩიდან ერთადერთი დადებითი არის ის, რომ მივიღეთ გამოცდილება, რომელიც შემდეგში ხარვეზების გამოსწორებაში დაგვეხმარება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ შევეცდებოდით შემდეგი შეხვედრისთვის ინტრიგა დაგვეტოვებინა. სამწუხაროდ ასე არ მოხდა, მაგრამ ჩვენს გუნდს არაერთი წინაღობა გადაულახავს. შევეცდებით, მოედნის უპირატესობა გამოვიყენოთ და უფრო ძლიერი და პრესტიჟული ფეხბურთი ვაჩვენოთ",-თქვა ფილიპე ბუსტომ.