რასელ უესთბრუქი კრის პოლში გაცვალეს

ოკლაჰომამ გაუშვა რასი „ჰიუსტონში“ და დაირტყა კრის პოლი. და მისტერ პოლთან ერთად 2024, 2026 დრაფტის პირველ წრეში სასურველი მოთამაშის არჩევის უფლება. და სიცარიელე. 

NBA ყველაზე მაგარი ლიგაა. და ბოლო ტრანსფერით ჩვენ კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი მკვლელი ტანდემი მივიღეთ. მკვლელი და არაპროგნოზირებადი.

რასელ უესთბრუქი ჯეიმს ჰარდენთან ერთად ითამაშებს!

ოკლაჰომამ გაუშვა რასი „ჰიუსტონში“ და დაირტყა კრის პოლი. და მისტერ პოლთან ერთად 2024, 2026 დრაფტის პირველ წრეში სასურველი მოთამაშის არჩევის უფლება.

უესთბრუქი დინამიტია. რომელმაც „ოკლაჰომაში“ 11-წლიანი სამხედრო ვალდებულება გაიარა. რიგითი რასელი გადადის კაპიტან ჰარდენთან, სადაც ის საშუალოდ სამმაგ დუბლს ვეღარ გააკეთებს. ალბათ, არც იქნება წინააღმდეგი. თუ ჯეიმსი მას სულ მცირე, დასავლეთის კონფერენციის ფინალში დააბრუნებს.

„ოკლაჰომაში“ ჰარდენმა და უესთბრუქმა ერთად სამი სეზონი გაატარეს. და ჰარდენი „ჰიუსტონში“ გადადის. ჯეიმსის გარეშე (და კევინ დიურანტთან ერთად) რასელმა გაიმეორა ოსკარ რობერტსონის შედეგი და რეგულარული საშუალო სამმაგი დუბლით დაასრულა (2016/2017). და იდენტური ტრიპლ დაბლი შემდეგ ორ სეზონშიც დასვა.

ჰარდენმა მიიღო მოთამაშე, რომელმაც არ იცის ფლეი ოფში მოგება. ჰარდენმა მიიღო ალბათ, ლიგის ისტორიაში ფიზიკურად ყველაზე კარგად განვითარებული გამთამაშებელი. ჰარდენმა მიიღო არასტაბილური ვარსკვლავი, რომელიც ახალ გარემოში მოხვდა.

„ოკლაჰომაც“ ახალ ერას იწყებს. კლუბის გენერალური მენეჯერი სემ პრესტი უესთბრუქთან ერთად აქტიურად მუშაობდა ამ ტრანსფერზე და დღეს „ოკლაჰომა“ დასავლეთის ერთ-ერთი აუტსაიდერია. ბუნდოვანი პერსპექტივით და სახელფასო ფონდში ძალიან დიდი აქტივით.

უესთბრუქს უნდოდა ჰარდენთან ერთად თამაში. რასის სურვილი გაითვალისწინეს.

„ოკლაჰომამ“ „კლიპერსს“ პოლ ჯორჯი დაუთმო. „ოკლაჰომა“ შეიცვლება. აქცენტი მომავალზე. და პირველ წლებში ეს საგრძნობლად შეამცირებს საშინაო შეხვედრებზე გულშემატკივრების რაოდენობას. პრესტი ამისთვის მზად უნდა იყოს.

გუნდი, რომელმაც ბევრი წლის წინ დიურანტის, ჰარდენის, უესთბრუქის და სერჟ იბაკას სახით მომავალი მიიღო, დღეს თეთრ ტილოს უყურებს. სადაც ფერებია დასატანი. და ეს ტილო კიდევ დიდხანს ვერ გავა ვერცერთ გამოფენაზე.

კრის პოლი ამ ეტაპზე „ოკლაჰომას“ მოთამაშეა. კალათბურთის პროფესორი, ამ პოზიციაზე ერთ-ერთი ჭკვიანი და უტიტულო მოთამაშე. კრისმა და ჰარდენმა ორჯერ თითქმის მოუგეს „გოლდენ სტეიტს“ და „როკეტსის“ გენერალურ მენეჯერს დერილ მოურის ეს „თითქმის“ არ მოეწონა. ამასთან ერთად, დაიძაბა ურთიერთობა ჰარდენს და პოლს შორის. ორიდან ერთის არჩევის დროს, მოურიმ ლოგიკურად, ჰარდენი დაიტოვა.

ჯეიმსმა და კრისმა ვერ შექმნეს დინასტია.

„ჰიუსტონი“ შეიცვალა. არ გახდა უკეთესი. ან - უარესი. უბრალოდ, შეიცვალა. და ამ ეტაპზე რთული სათქმელია, რამდენად გააუმჯობესებს ეს ტრანსფერი „როკეტსის“ საფლეიოფო პერსპექტივას. ჰარდენმა უნდა ატაროს ბურთი. უესთბრუქმა უნდა გადმოიტანოს ბურთი. და კალათბურთს ერთი ბურთით თამაშობენ. ამ სეზონამდე ასე იყო.

„ჰიუსტონი“ რჩება დასავლეთის ერთ-ერთ ფავორიტად. „ოკლაჰომა“ ამ სიიდან დიურანტის დაკარგვის შემდეგ მოტყდა.

34 წლის პოლს ძველი კონტრაქტით შემდეგი სამი წლის განმავლობაში 124 მილიონი დოლარი ეკუთვნის. სერიოზული ბონუსია.

და არის შანსი, რომ ძალიან მალე კრისი „მაიამიში“, ჯიმი ბატლერთან მოხვდეს.

უესთბრუქი კარიერით - 23.0 (18 859) ქულა, 8.4 (6 897) პასი, 7.0 (5 760) მოხსნა. კლასიკა.

პოლი კარიერით - 18.5 (17 597) ქულა, 9.7 (9 181) პასი, 4.5 (4 261) მოხსნა.

NBA ფანტასტიკაა. NBA საგიჟეთია. და როგორც ემ სი ჰამერი რეპავდა, U Can’t Touch This!

ველოდებით სიახლეებს.