გოლის გემო

ინტერვიუ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელთან

ინტერვიუ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელთან

ინტერვიუ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელთან

გიორგი ჩაკვეტაძე მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ ერთი დიდი საქმე უკვე გააკეთა: ვერის (კიროვყოფილი) პარკში, ბუკიას ბაღის საჭადრაკო მაგიდებთან, თბილისური ეზოების და სოფლის ბირჟებზე წლების წინ მინავლულ დისკუსიებს ქართული ფეხბურთის შესახებ დიდი ცეცხლი შეუნთო. მორიდებული სახის და მანერების ახალგაზრდამ ისევ დააბრუნა საქართველოში იმ ფეხბურთზე საუბრის ხალისი, რომელსაც პაიჭაძე, ბასა, მესხი, ყიფიანი და სხვები თამაშობდნენ. ჩაკვეტაძის დრიბლინგებმა, ბურთთან კომფორტული ურთიერთობის ხელოვნებამ, პასის და დარტყმის სიზუსტემ უფროსი თაობის ქომაგს ხელახლა აუჩქროლა გული და არც ახალი თაობა დატოვა განზე. საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებზე მომრავლებული გულშემატკივარიც მნიშვნელოვანწილად მისი დამსახურებაა.

 

ნათქვამის შემდეგ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ „სარბიელის“ მიერ, leader-bet.com-თან ერთად აღორძინებულ, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში, ქართული ფეხბურთის თემაზე გამოცდილ ტელე თუ მწერალ ჟურნალისტთა სიმპათიებიც მეტწილად გიორგი ჩაკვეტაძეს ერგო. გიორგის გამარჯვება ნიშანია იმისა, რომ ქართული ფეხბურთის მარადიული პრიორიტეტები: ტექნიკური თამაში, იმპროვიზაცია, საფეხბურთო ესთეტიკა ძალას ინარჩუნებს და მომავალშიც გადამწყვეტი იქნება ფეხბურთზე ფიქრის, წერისა და განსჯისას.

ახლა კი ინტერვიუ, რომელიც გიორგის უკვე 2018-2019 სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის რანგში ჩამოვართვით და ცხადია, ტრადიციული ორი კითხვით დავიწყეთ:

– გიორგი, ელოდი, რომ ქართული სპორტული მედია საუკეთესოდ დაგასახელებდა?

– ალალად რომ გითხრათ, ველოდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი. ველოდი, რადგანაც ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა და რამდენიმე გოლი გავიტანე; ველოდი, რადგანაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელა… დიდი მადლობა დაფასებისთვის, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ქართული ფეხბურთის სამსახურში ხართ.

– მადლობა შენ, კარგი თამაშისთვის. შენთვის რომ გვეკითხა და გამოკითხვის ანკეტა ჩაგვებარებინა, სამეულს როგორი თანამიმდევრობით ჩამოწერდი?

– ჯაბა კანკავა, საბა კვირკველია, გურამ კაშია.

 

 

– თითქმის იგივეა ჩვენი სამეულიც, თუმც საუკეთესოდ ჩვენ შენ დაგასახელეთ…

– ძალიან გამახარეთ, მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ქართული სპორტული მედიის რჩეული გავხდი. გმადლობთ.

 

- კეთილი. მოდი თავიდან დავიწყოთ. ფეხბურთის თამაში როდის დაიწყე?


- ექვსი თუ შვიდი წლის ვიყავი. ეზოში ხშირად ვთამაშობდი. ერთ დღესაც მეზობელმა დამინახა და გინდა თუ არა, ფეხბურთზე უნდა მიგიყვანოო. მომკიდა ხელი და „ნორჩ დინამოში“ მივედით. პირველი მწვრთნელი, ცხონებული გივი ლომიძე იყო, შემდეგ კი თამაზ კოსტავა. 10 წლამდე იქვე ვვარჯიშობდი, შემდეგ კი „დინამოს“ აკადემია და ლევან გვანცელაძე იყო. ამათი უდიდესი დამსახურებაა, რომ ახლა ფეხბურთს ვთამაშობ.

- „გენტში“ როგორ აღმოჩნდი?

- ბელგიელებმა ჩემს მიმართ ინტერესი რომ გამოხატეს, მას მერე კიდევ დიდხანს ვიფიქრე. 17 წლის ვიყავი და არ მსურდა უცხოეთში ადრე წასვლით კარიერისთვის რაიმე დამეკლო. საბოლოოდ უფროსი და გამოცდილი ხალხის აზრი, რჩევა მოვისმინე და წასვლა გადავწყვიტე. „დინამოს“ პრეზიდენტ რომან ფიფას ვესაუბრე, გაშვება ვთხოვე და ეროვნული ლიგის მესამე წრე რომ დამთავრდა, წავედი.

- გაგიჭირიდა?

- თავიდან. ენა არ ვიცოდი, თანაც მარტო ვიყავი, თუმც ნელ-ნელა ადაპტაცია გავიარე, ენა ვისწავლე, ხალხი გავიცანი, მწვრთნელიც შეიცვალა და ახლა უკვე ყველაფერი კარგადაა.
 

- წინა მწვრთნელი არ გწყალობდა?

- რატომღაც, არა. არ მენდობოდა, მუდმივად სათადარიგო ვიყავი.
 

 

 

- ახლა უკვე ყველაფერი კარგადააო. ტრავმა?

- აი, ტრავმამ კი ნამდვილად დამტანჯა, დამღალა. ჯვარედინი იოგები მქონდა გაგლეჯილი. თითქოს კარგად ვიმკურნალე და მოედანზეც დავბრუნდი, მაგრამ მალევე ისევ დავშავდი. ხელოვნურსაფარიან მოედანზე ფეხი გამიცურდა და... აღდგენითი პროცესი კარგად მიდის, უკვე ძუნძულიც დავიწე. მთელი დატვირთვით კი სადღაც ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ავთამაშდები.

-„გენტიდან“ შენს წასვლა-დარჩენაზე ბევრი ლაპარაკია. რეალურად რა ხდება?

- დიახ, მართლაც მქონდა რამდენიმე კლუბში გადასვლის ვარიანტი, იყო ლაპარაკი, მაგრამ ტრავმამ ეს ამბავი შეაჩერა და მინიმუმ ზამთრამდე გადადო.

- ეროვნულ გუნდში უკვე რამდენიმე კარგი და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანე. რომელს გამოარჩევ?

- ყაზახეთთან, ერთა ლიგის სულ პირველ მატჩში გატანილს. ლამაზი და საჭირო გოლი იყო. იცით, სხვათა შორის, სწორედ მაშინ შევიგრძენი კარგად გოლის გემო, იქამდე პასის გაკეთება უფრო მსიამოვნებდა.

- იოზილიც ეგრეა, გოლზე მეტად საგოლე პასის მიცემა სიამოვნებს.

- მე უკვე გოლის გატანა უფრო მსიამოვნებს.
 

- გოლის გარდა?

- ინდივიდუალური თამაში, მეტოქის გაცურება.
 

- ნაკლი რა გაქვს?

 

- ყველაზე მეტად ფიზიკურ მომზადებაში მოვიკოჭლებ, თუმც ბოლო პერიოდში, ვატყობ, ჯანიც მომემატა და გამძლეობა.

 

- საუკეთესო პარტნიორი?

 

- „დინამოში“ ასეთები კიტეიშვილი და ქარდავა იყვნენ, ნაკრებში ყაზაიშვილი, გვილია, ქვილითაია...

 

- რაიმე თილისმა გაქვს?

 

- არაფერი.

 

- ტატუ?

 

- არ მაქვს.

 

- უახლოესი მიზანი რა გაქვს?

 

- საქართველოს ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის ფლეი ოფში გოლების გატანა, გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე თამაში.

 

 

- რომელ კლუბს ქომაგობ?

 

- „რეალს“ და „იუვენტუსს“

 

- და კრიშტიანუ რონალდუს?

 

- დიახ, ის ჩემი კერპია.

 

- შეყვარებული გყავს?

 

- არა.

 

- თავისუფალ დროს რას აკეთებ?

 

- ძალიან იშვიათად რომ უსაქმოდ ვიყო. ვარჯიში დილას და საღამოს, ძალების აღდგენა... გასართობი დრო ნამდვილად არ მაქვს.

 

- ბელგიაში მშობლები თან გყავს?

 

- არა, პერიოდულად ჩამოდიან ხოლმე და ერთი-ორი კვირა რჩებიან.

 

- რომელ ქვეყანაში გინდა კარიერის გაგრძელება?

 

- ესპანეთში. მომწონს იქაური ფეხბურთი, გუნდები, ფეხბურთელები. მგონია, რომ ჩემი სტილია და იქ თამაში მომიხდება.

 

- კარგი, ამით დავასრულოთ, წარმატებებს გისურვებ და ერთხელაც გილოცავ...

 

- მადლობა თქვენ და თქვენს კოლეგებს, ქომაგებს და ყველას ვის პატივისცემასა და 
გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობ.

 

sarbieli.com




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.