გრიზმანი ბარსელონას ფეხბურთელია! 

კატალონიურმა კლუბმა მოსალოდნელი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა 

კიდევ ერთი საგა დასრულდა. ედენ აზარის შემდეგ, მიმდინარე ზაფხულის ყველაზე 
ცხელი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა - ანტუან გრიზმანი ბარსელონას ფეხბურთელია. 


კატალონიურმა კლუბმა ესპანურ მედიაში გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციები ოფიციალურად დაადასტურა. საფრანგეთის ნაკრების ლიდერი ბლაუგრანამ მადრიდს ატლეტიკოდან 120 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა. 28 წლის შემტევი ბარსელონასთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის გამოსასყიდი თანხაც 800 მილიონი იქნება. 


ჯერჯერობით უნცობია, თუ რომელ ნომრიან მაისურს მოირგებს გრიზმანი ბარსელონაში. 


ფრანგი როხიბლანკოში 2014 წელს, რეალ სოსიედადიდან, 30 მილიონად გადავიდა და გუნდის საკვანძო ფიგურა გახდა. ჩატარებულ 5 სეზონში გრიზმანმა 257 მატჩში 133 გოლი გაიტანა, ესპანეთისა და ევროპის სუპერთასი და ევროპის ლიგა მოიგო. ევრო 2016-ზე გრიზმანმა 6 გოლი გაიტანა, საუკეთესო ბომბარდირი გახდა და "ოქროს ბურთის" სამეულში მოხვდა.