ჩაკვეტაძეს ახალი ნომერი აქვს

ქართველი გენტში პრესტიჟული ნომრით ითამაშებს 

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე გენტში ახალი ნომრით ითამაშებს. 19 წლის ქართველი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, ახალ სეზონში ბელგიურ კლუბში 7-ს ნაცვლად, პრესტიჟულ მეათე ნომერს მოირგებს. 


ინფორმაცია გენტის ოფიციალური ვებ-გვერდიდან შევიტყვეთ, სადაც წინასასეზონოდ, ფეხბურთელთა ბაზა განაახლეს, თბილისის დინამოს აღზრდილის გასწვრივ კი მეათე ნომერია მითითებული. 


ჩაკვეტაძე გენტში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა, 50 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და ადგილობრივი პრესის ვერსიით, შესაძლოა კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელიც კი გახდეს. 


შეგახსენებთ, 10 ივლისს, ჩაკვეტაძე გაზეთ "სარბიელისა" და კომპანია "ლიდერბეთის" ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებაზე ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.