კვარაცხელია: ეს საუკეთესო არჩევანი იყო; რეალში თამაშზე ვოცნებობ 

ქართველი ფეხბურთელის ინტერვიუ ყოფილი კლუბის დატოვების მიზეზებზე, ოცნებებზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე და სხვა... 

ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის ლოკომოტივი დატოვა და ყაზანის რუბინს შეუერთდა. 18 წლის ქართველი შემტევი რკინიგზელთა დატოვების რეალური მიზეზის, კარიერული მომავლის და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ რუსულ გამოცემა sport24-თან ინტერვიუში საუბრობს, რომელსაც სრულად გთავაზობთ.

 

ფეხბურთი და შენ - როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები?

 

ფეხბურთის თამაში 9 წლის ასაკში დავიწყე, მამამ მირჩია. ის ყოფილი ფეხბურთელია, თბილისის დინამოში და რუსთავში თამაშობდა, სწორედ იმ გუნდებში, რომლიდანაც ლოკომოტივში გადავედი. ვუყურებდი მას და მინდოდა, რომ მეც ფეხბურთელი გავმხდარიყავი.

 

ვინ არის შენი კერპი?

 

კრიშტიანუ რონალდუ და ბრაზილიელი რონალდო.

 

რთულია, როცა მამა პროფესიონალი ფეხბურთელია?

 

არა, ეს ძალიან მარტივია. ვიცი, რომ არსებობენ მამები, რომლებიც შვილებს მუდმივად ასწავლიან როგორ ითამაშონ ფეხბურთი, რის გამოც მათთან ხშირად კონფლიქტი მოსდით, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში არა. მთელი ჩემი ოჯახი ფეხბურთით ცხოვრობს, ჩემი ძმებიც თამაშობენ. ფეხბურთზე ხშირად ვსაუბრობთ, ვკამათობთ, ვუყურებთ ჩემს მატჩებს და ვაანაზლიზებთ შეცდომებს, მაგრამ ჩხუბსა და ყვირილში ეს არასდროს იზრდება.

 

View this post on Instagram

A post shared by Kvaratskhelia Khvicha (@kvara7) on

 

საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები ყოველთვის იზრდებოდნენ, რა არის თქვენი აკადემიების საიდუმლო?

 

ფაქტია, რომ საქართველოში ფეხბურთი დიდი ხანია ეროვნულ სპორტადაა ქცეული. ჩვენთან უპირატესობას ტექნიკურ ფეხბურთს ანიჭებენ, ძალიან უყვართ ბურთის გორება. რუსულ აკადემიებში ტექნიკას განსაკუთრებული ყურადღება არ ეთმობა, მთავარი აქცენტი ძლიერ ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება.

 

რუსეთის პრემიერლიგაში საქართველოს ჩემპიონატიდან გადმოხვედი. გრძნობ თუ არა განსხვავებას?

 

დიახ, პირველი ვარჯიშისასვე ვიგრძენი. აქ ძალიან სწრაფი ფეხბურთელები არიან, ისინი გადაწყვეტილებას ძალიან სწრაფად იღებენ. ფეხბურთელები წინ უფრო ჩქარა მიდიან, რაც მატჩის ტემპს უფრო ზრდის.

 

როგორ დაინტერესდა შენით ლოკომოტივი?

 

ჩემი აგენტი მამუკა ჯუღელი გახლავთ, ის ოჯახის მეგობარია. როცა 17 წლის ვიყავი, ლოკომოტივი ჩემით დაინტერესდა, მამუკა სახლში მოვიდა, მთელი ოჯახი მაგიდასთან დავსხედით და ერთხმად შევთანხმდით, რომ ლოკო საუკეთესო ვარიანტი იყო. გარდა ამისა, იყო შემოთავაზებები ევროპიდან.

 

მოსკოვურ კლუბში გადმოსვლამდე იცოდი თუ არა რამე ლოკომოტივის შესახებ?

 

ვიცოდი, რომ ამ გუნდში ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის თამაშობდნენ, მათი უმეტესობა კი ძალიან წარმატებული იყო, მაგალითად ზაზა ჯანაშია და მალხაზ ასათიანი.

 

მეგობრობდი თუ არა სოლომონ კვირკველიასთან ლოკომოტივში გადასვლამდე?

 

დიახ, ჩვენ მანამდე რამდენჯერმე ვისაუბრეთ, მაგრამ ნამდვილი მეგობრები უკვე ლოკომოტივში გადმოსვლის შემდეგ გავხდით. ის როგორც დამწყებს ძალიან დამეხმარა და ლოკომოტივში არსებულ სიტუაციასთან დაახლოებაში ხელი შემიწყო. სოლომონმა წარმადგინა გუნდში, მეხმარებოდა ენის ბარიერის დაძლევაში. ჩვენ ხშირად მივყავდი მოსკოვის ცენტრალურ ადგილებში და მათვალიერებინებდა ქალაქის ღირსშესანიშნაობებს.

 

 

რა მოგეწონა განსაკუთრებით მოსკოვში?

 

ძალიან მომეწონა კრემლი და წითელი მოედანი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი ორი საგანი - ბურთი და მოედანია. სხვა დანარჩენი მოსკოვში ჩემთვის მეორეხარისხოვანია, იმდენად, რომ ერთ აქაურ გოგოსაც კი არ შევხვედრილვარ.

 

რუსული ენა როგორ იცი?

 

ენა ვიცი, თუმცა დამწყების დონეზე. მესმის რასაც მეკითხებიან, თუმცა მიჭირს იმის ზუსტად გადმოცემა, რასაც ვფიქრობ. სხვათა შორის, ლოკოში ენის არ ცოდნაზე ჯარიმაც კი დააწესეს, თუმცა მე ეს არასდროს შემხებია.

 

პირველი, რამაც ლოკომოტივში გადმოსვლისას გაგაკვირვა?

 

ქომაგები. პირველად ძალიან უცნაური გრძნობა დამეუფლა, როცა სავსე სტადიონი და ასეთი ხმაურიანი გულშემატკივრები დავინახე, მერე კი ისინი შემიყვარდნენ.

 

 

მოსკოვში სად ცხოვრობდი?

 

ბაზაზე, ეს ძალიან კომფორტული იყო და ხელს არაფერში მიშლიდა, რამდენჯერმე კი საბასთან დავრჩი.

 

ლოკომოტივში ნახევარი წელიწადი იჯარით გაატარე, იყო თუ არა შემოთავაზება სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით?

 

დიახ, იმავე წუთიდან, რაც ლოკომოტივს შევუერთდი. მთელი ამ თვეების განმავლობაში მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა. ჩემპიონატის განახლების შემდეგ, ლოკომოტივმა მე 1+3 სისტემის კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზა, მაგრამ ეს წინადადება ჩემთვის არასახარბიელო იყო. შესაძლოა მე ტრავმა მიმეღო (ღმერთმა დამიფაროს), ლოკომოტივს კი ექნებოდა უფლება, რომ კონტრაქტი აღარ გაეხანგრძლივებინა და უკლუბოდ დავრჩენილიყავი. მსგავს ხელშეკრულებას უმეტესად იმ ფეხბურთელებს უფორმებენ, რომელთა კლუბში დატოვებაც არ სურთ, მე კი არ მსურდა თავი ასეთად მეგრძნო.

 

რუბინმა და ლოკომოტივმა კონტრაქტი ერთდროულად შემოგთავაზეს?

 

არა, რუბინმა ოდნავ მოგვიანებით. ყაზანიდან 5-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, რომლის პირობებითაც არ აქვს მნიშვნელობა თუ რა მოხდება, ვადის ამოწურვამდე ვითამაშებ და რაიმე გაურკვევლობა თავიდან იქნება არიდებული. მამუკასთან და ოჯახთან ერთად ვიმსჯელე და მივხვდი, რომ ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის რუბინში გადასვლა უკეთესი გადაწყვეტილება იყო.

 

სხვა შემოთავაზებები?

 

დიახ, იყო ასეთებიც, მათ შორის ევროპიდან, მაგრამ რუსეთში დარჩენა ვამჯობინე.

 

კვირკველია შენს დაყოლიებას არ შეეცადა?

 

საბას ჩემი წასვლა ძალიან ეწყინა, მაგრამ მითხრა, რომ გადაწყვეტილება თავად უნდა მიმეღო და გამეკეთებინა ის, რასაც საჭიროდ ჩავთვლიდი.

 

ხვდები, რომ ჩემპიონთა ლიგაში თამაშის შანსი ხელიდან გაუშვი?

 

არ მინდა ამ შეკითხვას ვუპასუხო.

 

როგორ დაემშვიდობე გუნდს?

 

ბიჭებთან და იური სიომინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, ეს უკანასკნელი რუსული ფეხბურთის ლეგენდაა. ბედნიერი ვარ, რომ ლოკომოტივში თამაშის შესაძლებლობა მქონდა.

 

პირველ ტურში სწორედ ლოკომოტივს შეხვდები, აღნიშავ მათ კარში გატანილ გოლს?

 

რა თქმა უნდა, არა!

 

 

თქვი, რომ ევროპიდან შემოთავაზება გქონდა. გინდა იქ თამაში?

 

ეს ჩემი ოცნებაა, თუმცა არავინ იცის რა მოხდება მომავალში. ვოცნებობ, რომ მადრიდის რეალში ვითამაშო.

 

ვნახეთ, რომ საჯარიმო დარტყმების შესრულებაზე მხოლოდ შენ და ზურიკო დავითაშვილი ვარჯიშობდით...

 

"არ ვიცი, თუ რატომ არ აკეთებენ ამას სხვები",-ზურიკო და მე ამას ერთმანეთს ყოველი ვარჯიშის შემდეგ ვეუბნებით. არა მხოლოდ ჯარიმებზე, პენალტებზეც ვვარჯიშობთ, ვცდილობთ გავაკეთოთ ის, რასაც ნამდვილი პროფესიონალები აკეთებენ.

 

რუბინში ბევრ წარმატებულ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. იცნობ ლაშა სალუქვაძეს?

 

რა თქმა უნდა. წამოსვლამდე ბევრ ქართველ ფეხბურთელს ვესაუბრე, რომელთაც აქამდე რუბინის მაისური მოურგიათ, მათ შორის ლაშას და დათო კვირკველიას. მათ კლუბის ინფრასტრუქტურა და გარემო ძალიან აქეს.

 

გახსოვთ ჩემპიონთა ლიგის მატჩი, რომელშიც რუბინმა ბარსელონა დაამარცხა?

 

რა საკვირველია. ეს დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ მაინც მახსოვს. რუბინმა 2:1 მოიგო, გოლები კი კარადენისმა და რიაზანცევმა გაიტანეს. მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი, მე ხომ რეალს ვგულშემატკივრობ.

 

 

მაშინ დაცვაში შარონოვი თამაშობდა, ახლა ის შენი მწვრთნელია.

 

მართლა, ნამდვილად არ ვიცოდი.

 

გავს ის იური სიომინს?

 

იური პავლოვიჩი [სიომინი] ვარჯიშის დროს ფეხბურთელებს ინდივიდუალურად ძალიან ბევრს ელაპარაკება. უხსნის თუ როდის რა უნდა გააკეთოს. რომან სერგეევიჩიც ასეთია, ორივე მათგანი დეტალებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

 

თქვი, რომ გახსოვს რუბინის ქართველი ვეტერნები, ახლა კი გუნდში ერთბაშად სამი თანამემამულე ხართ.

 

ყოველთვის უფრო მარტივია, როცა შენს გვერდით თანამემაულეები არიან. თვითმფრინავში ერთად ვსხედვართ. რუსული კარგად არ მესმის და შენს ენაზე საუბარი მშვენიერი გრძნობაა.

 

 

ოჯახის წევრები სამშობლოში არიან?

 

კი, თუმცა მალე ჩავალ და ვინახულებ.

 

საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობაზე რას ფიქრობ.

 

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ მსურს, პოლიტიკოსი არ ვარ!

 

კვარაცხელიამ იანვრიდან ივლისამდე ლოკომოტივში ითამაშა და 10 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. რუბინთან ერთად პირველ ოფიციალურ შეხვედრაში თამაშის შესაძლებლობა კი 14 ივლისს ექნება, როცა ყოფილ კლუბს პრემიერლიგის პირველი ტურის ეგიდით დაუპირისპირდება.