მამუკა გორგოძე 35 (+VIDEO)

მამუკა გორგოძე იუბილარია. საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე 35 წლის გახდა.

ლელო, მონპელიე, ტულონი თუ საქართველოს ნაკრები - გორგოძე ყველგან ლიდერი იყო. კიდევ, ბარბაროსთა და მსოფლიო ნაკრებშიც კი! 18 წლისა იყო, როცა ბორჯღალოსნებში პირველად ითამაშა, სამ მსოფლიო თასზე იყო და შარშან დაასრულა სანაკრებო კარიერა. გამოაცხადა: არ მინდა წაგებული წავიდე, ხალხმა საუკეთესო ფორმაში დამიმახსოვროსო.

 

მართლაც, სხვა სიმაღლეზე აიყვანა ქართული რაგბი. თამასა ასწია. 69 სანაკრებო კეპი და აქედან 11 კაპიტნის რანგში. ლელოების რაოდენობით ბორჯღალოსნების რეკორდსმენია.

 

ბავშვობაში ცურვაზეც დადიოდა და კალათბურთზეც. ეს სპორტში, მოედნის მიღმა კი უყვარს ნადირობა. ისე, მოედანზეც მეტოქეებისთვის ნამდვილი მონადირეა.