ჰაკუჰო თუ კაკურიუ - ნაგოიაზე საკითხავი მხოლოდ ეს არის! (+ვიდეო)

ჰაკუჰომ გამარჯვება უბრძოლველად მოიპოვა

ნაგოია ბაშოს მეთერთმეტე დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო,  ოძეკი ტაკაიასუმ კიუჯო (ბრძოლიდან თავი მოიხსნა) გამოაცხადა. შეგახსენებთ, იაპონელ ჩემპიონს მარცხენა ხელის ტრავმა აწუხებს,  რომელიც ტურნირის მერვე დღეს  სეკივაკე ტამავაშისთან შერკინებისას მიიღო.  ტახმა გუშინ მერვე გამარჯვება მოიპოვა, კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) დააფიქსირა და შემდეგი ბაშოსთვის მშვიდად მოემზადება. ტაკაიასუს წასვლა ჰაკუჰოსთვისაც კარგი გამოდგა, პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ სერიოზული კონკურენტი ჩამოშორდა, მეორეც, მეთერთმეტე  დღეს  სწორედ ოძეკის უნდა შეხვედროდა და უბრძოლველი გამარჯვება ჩაეთვალა.

 

კაკურიუს თეთრი ფენიქსის იღბალი არ აღმოაჩნდა, მისი მოწინააღმდეგე გამოცხადდა, თუმცა ექს ოძეკი კოტოშოგიკუ მძიმე ბრძოლაში მაინც დაამარცხა. წეროდრაკონს ჰაკუჰოსთან შედარებით მოგებული ერთი ბრძოლით მეტი აქვს, თუმცა მეთხუთმეტე დღეს იოკოძუნებს შერკინება ერთმანეთთან მოუწევთ და ფენიქსისთვის დაკარგული ჯერ არაფერია.