კახა ცხადაძე: ქართველებთან დასამტკიცებელი არაფერი მაქვს 

ორდაბასის ქართველი მწვრთნელის პრესკონფერენცია ტორპედოსთან მატჩის წინ

 

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა თბილისში, 18 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და ყაზახეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი ორდაბასი დაუპირისპირდებიან. სტუმარი გუნდის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძე გახლავთ, რომელმაც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

 

"პირველი მატჩის შემდეგ გასული დრო რეაბილიტაციისთვის გამოვიყენეთ. შევეცადეთ, რომ გუნდი ზედმეტი ვარჯიშებით არ დაგვეტვირთა და ფეხბურთელებისთვის მეტი დასვენების დრო მიგვეცა. ეს ყველაფერი ჩვენი რთული კალენდრიდან გამომდინარეობს. ტორპედოსთან საპასუხო შეხვედრიდან სამ დღეში ყაზახეთის ჩემპიონატის მატჩი გველის. დღეს გვექნება ერთი ძირითადი ვარჯიში, ხვალ კი მნიშვნელოვანი დაპირისპირება. 

 

ტორპედო ბოლო წლების განმავლობაში ძალიან კარგი შეთამაშებული გუნდი იყო, რომელმაც არაერთი ტიტული მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს, ამბიციური მოთამაშეები მოვიდნენ, თუმცა ტორპედოს საკმარისი დრო არ აქვს, რაც შეთამაშებაში უშლის ხელს.

 

წინა მატჩში ტორპედო მაქსიმალურად შეეცადა დაცვაში სწორად თამაშს და საწყისი ანგარიშის შენარჩუნებას. 

 

როგორც გითხარით, რთული კალენდარი გვაქვს, ხშირად ვაკეთებთ ცვლილებებს და აქედან გამომდინარე ავარჩევთ ტორპედოსთან შემადგენლობას. 

 

მართალია ქართველი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობ, მაგრამ დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. მთავარია, რომ გუნდმა გაიმარჯვოს. 

 

საბურთალოს ვულოცავ წარმატებულ გამოსვლას. ალბათ გამოუცდელობის ბრალია, ის რაც თბილისელებს საწყის წუთებში დაემართათ. სასიამოვნოა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა, იმედია მათთვის ეს მოდუნება კარგი გაკვეთილი იქნება",-თქვა ცხადაძემ. 

 

ტორპედო-ორდაბასის დაპირისპირება თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი ყაზახეთში მასპინძელთა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.