ზედიზედ მეორედ - ჩიხურა შემდეგ ეტაპზეა 

საჩხერულმა კლუბმა ფოლას ბარიერი დაძლია 

მეორე ქართული გუნდი ევროტურნირების შემდეგ ეტაპზეა. ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა. საჩხერის ჩიხურამ ლუქსემბურგული ფოლა ეში მიიღო და 2:1 დაამარცხა. 


საქართველოს თასის 2017 წლის გამარჯვებული უპირატესობას საწყისი წუთებიდანვე დაეუფლა და პირველ ნომრად თამაში დაიწყო, საჩხერელები ბურთს აკონტროლებდნენ და სახიფათო ეპიზოდებს ქმნიდნენ, ფოლას კი რამდენიმე შანსი კონტრშეტევაზე მიეცა. 


25-ე წუთზე ჩიხურამ უპირატესობა გოლად აქცია. მიხეილ სარდალიშვილის ჭკვიანური გადაცემის შემდეგ, რატი არდაზიშვილი საჯარიმოში, მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, ზუსტი დარტყმით კი ორი მატჩის ჯამში უპირატესობა ორამდე გაზარდა. 


ჩიხურას მეტოქეზე საკუთარი თამაშის მოხვევაში ისიც დაეხმარა, რომ ლუქსემბურგელები ათი კაცით დარჩნენ. მუჰარემოვიჩმა სახიფათო შეტევისას დეკანოიძის მისამართით ძალიან უხეშად ითამაშა და მსაჯისგან პირდაპირ წითელი ბარათი დაიმსახურა. 


მეორე ნახევარში, ფოლამ გადარჩენაზე იფიქრა და ბურთი მოიპოვა, ჩიხურამაც ანგარიშიდან გამომდინარე ინციატივა დათმო და უკნიდან თამაში ამჯობინა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის სტარტზე მოედანზე ლუქსემბურგელთა ფეხბურთელები დომინირებდნენ, ჩიხურას კონტრშეტევები სიმწვავეს არ კარგავდა. ერთ-ერთი ასეთი იერიშის დროს, ბურთი საჩხერელთაგან ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა მიხეილ სარდალიშვილმა მოიპოვა და საგოლე გადაცემას გოლიც დაუმატა - 2:0. 


ჩიხურას მატჩი გამარჯვება მშვიდად მიჰყავდა, მაშინ როცა ბოლოსწინა წუთზე, მათ საჯარიმოში 11-მეტრიანი დარტყმა დაინიშნა, ის გოლად სინანიმ აქცია და ანგარიში 2:1 გახდა.

 

ამრიგად, ორი მატჩის ჯამში - 4:2, ჩიხურამ შემდეგი ეტაპის საგზური გაინაღდა, სადაც შოტლანდიურ აბერდინსა და ფინურ როვანიემს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.