ჩემს ქალაქში იყო გუცაევი

გულსა თუ გონებაში საკუთარი პროგრამა მაქვს, სადაც ისეთი რაღაცები წერია, რომლებიც მწვრთნელებისთვის არ არის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი

ფეხბურთელები ერთმანეთს შეიძლება შეადარო ცრუმოძრაობით, ფინტით, კარში დარტყმით, მოკლე პასით, გრძელი პასით, თავურით, გოლით, ჯანით და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი რამით. მწვრთნელებს კომპიუტერული პროგრამები აქვთ. იქ ისეთი პარამეტრებია შეტანილი, მე, მაგალითად, სულ რომ არ ვაქცევ ყურადღებას. სამაგიეროდ, გულსა თუ გონებაში საკუთარი პროგრამა მაქვს, სადაც ისეთი რაღაცები წერია, რომლებიც მწვრთნელებისთვის არ არის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი. ნუ, შეიძლება ზოგს კი აინტერესებს, მაგრამ არა მგონია მთავარი იყოს. მაგალითად, არტისტიზმი.

 

დღეს ძალიან დიდ ფეხბურთელზე, ვლადიმერ გუცაევზე მინდა ვილაპარაკო. ბედნიერი ვარ, გუცაევის თამაში რომ მინახავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთის უკიდეგანო და ფერად სამყაროში ერთი ისეთი საოცარი ფერი მაქვს ნანახი, რომელიც ბევრ სხვას არ უნახავს: უცხოელს; მას, ვინც ვერ მოესწრო; მას ვინც მერე დაიბადა.

 

და უცხოელსო, რომ ვამბობ, განმარტება სჭირდება, რადგან მაშინ სხვა დრო იყო. დღევანდელივით ყველგან ყველაფერი არ გადაიცემოდა. არ კი არა, ვერ გადაიცემოდა. სხვა სიტყვებით, მავან ფეხბურთზე გადარეულ არგენტინელს ან იტალიელს შეიძლება სიამოვნებითაც ენახა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, მაგრამ ამის საშუალება ტექნიკურად არ ჰქონდა. დღე და ღამ, მთელი მსოფლიოდან ფეხბურთს ვერავინ ჩაგირთავდა. ციფრული ტექნოლოგია ჯერაც ლაბორატორიებში იწყებდა მოკრძალებულ არსებობას.

 

თუმცა, ბებრის წუწუნივით მომაბეზრებელ „მაშინ ინტერნეტი არ იყო“-ს და „მაშინ მობილური სად იყო“-ს აღარ დავიწყებ. დიახ, ინტერნეტი არ იყო, სამაგიეროდ იყო გუცაევი. ის იყო ჩემს ქალაქში და მე მის თამაშებზე დავდიოდი; ერთს არ ვაცდენდი.

 

დინამოს სტადიონზე, აღმოსავლეთ ტრიბუნიდან პირდაპირ ჩანდა გვირაბიდან გამოსასვლელი, სადაც მილიციელები და ვიღაცები ირეოდნენ. მაგრამ, რაღაც მომენტში გამოკრთებოდა ლურჯი ნათება და ერთიმეორის მიყოლებით დინამოელები იწყებდნენ გამოსვლას.

 

დი-ნა-მო“, „დი-ნა-მო“ დასცხებდა დინამიკებიდან ივერია ვაჟა აზარაშვილის სიმღერა-ჟრუანტელს და იფეთქებდა ტრიბუნები.

 

ვოვა ყოველთვის ბოლო გამოდიოდა. მოთელვაზეც და მერეც, უკვე მსაჯებთან და მეტოქესთან ერთად. ფეხბურთის მარშის თანხლებით.

 

ენითაუწერელი ფეხბურთელი იყო. ერთხელ, ფეხი იტკინა თუ რაღაც, თავის მარჯვენა ფრთაზე შეყოვნდა. ცოტა ხანს ტკივილი მოიშუშა, შემდეგ კი თასმების შეკვრა დაიწყო. ეს თასმების შეკვრა და გეტრების გასწორება ერთგვალი რიტუალი იყო. ალბათ, კოხტაობაც. ჰოდა, ცალ მუხლზე დაჩოქილი თასმას რომ იკრავდა, ჩვენებმა მეტოქეს ბურთი წაართვეს და სწრაფი შეტევა წამოიწყეს. ვოვა კი ზურგითაა. და უცებ, პასი წამოვიდა.

 

— ვოვა, ბურთი! — დაიყვირა ტრიბუნამ. პირველი რიგები ხომ მოედანთან ახლოსაა. ისმის.

 

და გუცაევმა რა ქნა, იცით? თვალის კუთხით ბურთს გახედა, მერე ცოტათი წამოიწია, იმ ფეხს დაეყრდნო, რომელზეც თასმას იკრავდა, ხოლო მეორე უკუ-აღმართა, ბურთს შეაგება და პირდაპირ ჰაერიდან ქუსლით თავზე გადაუგდო მოახლოებულ მცველს. გააშეშა კაცი.

 

ვიმეორებ, თამაშისკენ ზურგით იყო. ჩაცუცქული. დაუძახეს, ბურთი მოდისო.

 

არასდროს დამავიწყდება მისთვის დამახასიათებელი მოძრაობა, პლასტიკა, მიხრა-მოხრა, ბურთზე ფეხის გადატარება.  კრიშტიანუ რონალდუ უდიდესი ფეხბურთელია, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ სად გუცაევის ლამაზად და ცბიერად გადატარებული ფეხი და სად იგივე კრიშტიანუს შესრულებით. ეს კონკრეტული ფინტი ჯერ ერთი ვოვასებურად სწრაფის გარდა ეშმაკურიც იყო და მერე თითქმის ყოველთვის გაგრძელება მოსდევდა. ათასში ერთხელ თუ ნახავდით, რომ გუცაევმა ბურთს ფეხი გადაატარა, მაგრამ გაგრძელება ვეღარ იპოვნა და სხვა რაღაც გააკეთა.

 

ჰოდა, გაცუცურაკებული მეტოქისგან ხშირად ისეთი ხვდებოდა, რომ… ცუდად შესრულებული „პოდკატი“ კი არა, ალალი, ვირული!

 

მე რომ ფეხბურთელები მინახავს, მათ შორის (ერთ-ერთი) ყველაზე არტისტული ალბათ ზინედინ ზიდანი იყო. ცეკვავდა კაცი მოედანზე. ჟურნალისტებიც, ინტერვიუებში, სულ სანახაობრივ მხარეზე უმახვილებდნენ ყურადღებას. ერთხელაც, ზიზუს პლასტიკაზე და ესთეტიკაზე ლაპარაკი მობეზრდა და რეპორტიორებს ასე უთხრა: ხალხო, მე მარტო მოცეკვავე კი არ ვარ, ფეხბურთსაც კარგად ვთამაშობო.

 

და მართლაც, მთელი კარიერის განმავლობაში ზიდანი აკეთებდა იმას, რითაც დიდი ფეხბურთელი რიგითისგან გამოირჩევა — გადამწყვეტი გოლები გაჰქონდა. გაიხსენეთ…

 

ვოვა გუცაევიც ასე იყო. ისიც საოცრად არტისტულ ფეხბურთს თამაშობდა და მან ქართული ფეხბურთის მთავარ შეხვედრაში, დიუსელდორფში, ანგარიში გაათანაბრა.

 

P.S. იმ წინადადების თქმა, რომ ვოვა სუსტ მეტოქეებთან ისეთი ჯიგრით ვერ თამაშობდა, როგორც ძლიერებთან, თქვენთვის მომინდია.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.