ვაკო გვილია: საქართველო გულის არჩევანი იყო

ვაკო გვილია მშვენივრად შეეწყო ვარშავის ლეგიას. უკვე მიიჩნევენ გუნდის ერთ–ერთ წამყვან ფიგურად.

 გვილია, როგორც იცით, პოლონური ზაბჟეს გურნიკიდან გადავიდა ლეგიაში: გაცილებით ძლიერ გუნდში.

 

გვილია პოლონურ პრესას ესაუბრა და მოკლედ დავწერთ: მეტწილად იმ ფრაგმენტებს, სადაც საქართველოს ეხება.

 

ტალანტი და შრომისუნარიანობა – თქვენ რომელი უფრო გაქვთ?

 

ერთიც და მეორეც. ნიჭი ბავშვობიდან მქონდა, მაგრამ სხვადასხვა მეთოდებით ვხვეწდი კომპონენტებს. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიეროა. მერე ასევე შემიყვარდნენ ანდრეა პირლო და ტონი კროოსი.

 

რამდენ ენაზე საუბრობთ?

 

ქართული და მეგრული ჩემი მშობლიური ენებია. ვიცი ინგლისური, უკრაინული, რუსული და ცოტა პოლონურიც. შვეიცარიაში თამაშისას გერმანული ვისწავლე: ცოტა მესმის, ესაა და ეს.

 

ახალ გუნდში ცნობილი ქართული ჭაჭა ხომ არ მოიტანეთ?

 

ჰა–ჰა, ჯერ არა. თუმცა მზად იყვნენ. კარგი სეზონის მერე ბოთლს ჩამოვიტან, თუმცა ღვინოს ვამჯობინებ. ჭაჭა ჩემთვის ზედმეტად მძიმეა. სეზონის მერე ქართული დელიკატესები უნდა გავსინჯოთ.

 

უკრაინის მოქალაქეობაც გაქვთ. ეს როგორ მოხდა?

 

16 წლის ასაკში წავედი საქართველოდან. უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებიდან მოწვევა მომივიდა, მაგრამ მხოლოდ ამხანაგურებში ვითამშე და ოფიციალურებში, სადაც ქულები ითვლებოდა, უარს ვამბობდი. ეს იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი. გარკვეული დროის მერე საქართველოს პასპორტი აღვიდგინე და 21–წლამდელთა ნაკრებიდან დამირეკეს. პირველი მატჩი მქონდა... სწორედ უკრაინის წინააღმდეგ. 3:3 დასრულდა. მანამდე ნახევარი წლით ადრე უკრაინის ახალგაზრდულში ვითამაშე საქართველოს წინააღმდეგ. ორივე გუნდიდან მეხუმრებოდნენ ფეხბურთელები, მოდი, 45 წუთი ერთ მხარეს ითამაშე, მეორე 45 წუთი კი – სხვა მხარესო. საქართველო გულის არჩევანი იყო. უკრაინის ნაკრები უფრო ძლიერია და დიდ ტურნირებზე არის გასული, მაგრამ არჩევანს ერთი წამითაც არ ვნანობ. ახლა შანსი გვაქვს, ჩვენც გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მოვიგეთ და გაისად მარტში თბილისში ბელარუსს ვეთამაშებით. ეს უკვე ნახევარფინალი იქნება.

 

და საკლუბო ტიტულების მოგება?

 

ამიტომაც გავაფორმე კონტრაქტი ლეგიასთან. ამ დროისთვის ბელარუსის ჩემპიონობა და სუპერთასი ორ–ორჯერ მოვიპოვე. ვარშავაში კოლექციას ახალი ტიტული უნდა შევმატო.