ჭიაბრიშვილი: ბოდიში, ჟურნალისტებზე უხეშად საუბრის გამო

საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა ზაგრების დინამოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საბურთალო ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 23 ივლისს, თბილისში, ზაგრების დინამოს წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრის წინ, საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც როგორც წინა მძიმე დაპირისპირების, ისე ხორვატული მეტოქის შესახებ ისაუბრა.

"ვიდრე შეკითხვებზე გიპასუხებდეთ, მინდა ბოდიში მოვიხადო, რადგან წინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მისამართით უხეშად ვისაუბრე. ჯობდა ჩემი გუნდის თამაშზე და საფეხბურთო ნაწილზე გამემახვილებინა ყურადღება.

ზაგრების დინამო არის საშუალო ევროპული დონის გუნდი. თუ რომელიმე გუნდი ტოპ კლუბების შემდეგ რთულ მეტოქედ უნდა მივიჩნიოთ, ერთ-ერთი ზაგრების დინამოა.

მართალია, მათ არ ეყოლებათ ესპანელი ლიდერი, რომელიც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, მაგრამ გუნდში სხვა ძლიერი მოთამაშეები არიან.

დაცვაში თამაშს არ ვაპირებთ, პირიქით შევეცდებით რომ შევუტიოთ, მთავარია მეტოქემ ამის შესაძლებლობა მოგვცეს.

წინა მატჩი ჩვენ ძალიან წაგვადგება. ეს დიდი გამოცდილებაა. ცხელ გულზე შესაძლოა ვთქვი, მაგრამ ეს არ ყოფილა მოწინააღმდეგის დაუფასებლობა, ეს იყო უიღბლობა. გოლი პირველ წუთზე, ავტო-გოლი... ჩვენ რომ განწყობა თავიდანვე არ გვქონოდა და მეტოქე სათანადოდ არ შეგვეფასებინა, გოლის გატანას და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვეღარც მოვახერხებდით.

შერიფთან მატჩი არ იყო კარგი და მით უმეტეს საუკეთესო. შესაძლოა, პირველი შეხვედრის შემდეგ შემადგენლობაში ცვლილებები მოხდეს, მაგრამ როცა ვაგებთ, ეს არა კონკრეტული ფეხბურთელების, არამედ მთლიანად გუნდის კისერზეა.

გაგი მარგველაშვილი ფსიქოლოგიურად ძლიერია. ის გუნდის კაპიტანია ერთ-ერთი ლიდერი და აქვს უნარი, რომ წინა, ჩაგდებული შეხვედრა და დაშვებული შეცდომები გააანალიზოს.

როცა შერიფთან საპასუხო მატჩის შემდეგ გასახდელში შევედი, ბევრი ფეხბურთელი შემდეგ ეტაპზე გასვლას არ ზეიმობდა და საკუთარ შეცდომებს განიცდიდა. ეს მახარებს, რადგან ისინი თავის თავს მაქსიმუმს სთხოვენ.

წილისყრის შედეგებზე არ ვფიქრობ, წინ ზაგრების დინამოა, თუმცა თუ შეფასებას მთხოვთ, გეტყვით, რომ ფერენცვაროში-ვალეტას წყვილი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ევროპის ლიგა...",-თქვა ჭიაბრიშვილმა.

საბურთალო-დინამოს მატჩი 23 ივლისს, მიხეილ მესხზე, 21:30 საათზე დაიწყება.