ლებრონი თუ კავაი?

შემდეგი სეზონიდან ლოს ანჯელესი აალდება. ლეიკერსი ლებრონ ჯეიმსით და ენტონი დევისით. და კონკია, ანუ კლიპერსი, სადაც კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი სოლირებენ.

ამ ბრძოლას ჯონ უიქიც გაერიდებოდა.

ამ დაპირისპირებაში თანოსიც ზედმეტი იქნებოდა.

ამ ჩეხვაში ლეონიდეც არ გარისკავდა თავისი 299 პირადი მცველის გაწირვას.

შემდეგი სეზონიდან ლოს ანჯელესი აალდება. ლეიკერსი ლებრონ ჯეიმსით და ენტონი დევისით. და კონკია, ანუ კლიპერსი, სადაც კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი სოლირებენ.

ბოლო ფლეი ოფი ლეონარდმა აიღო. კავაი იყო ლეონიდე, მაგრამ სპარტელების მამაცი მეფე ბრძოლის ველზე დარჩა. და კავაიმ ბრძოლის ველზე მთელი ლიგა დატოვა. ლებრონი ისვენებდა. ლებრონის გუნდს აკლდა ხერხემალი. და ჯეიმსმა თვალები, გული დაასვენა.

კავაი თუ ლებრონი?

ეს ლებრონი თითქმის არ თამაშობს დაცვას და მთელი ნიჭით და გამოცდილებით კრეატივზე არის გადართული. კავაის დაცვა რამდენიმე წლის წინ ლიგაში საუკეთესო იყო და დღეს ლეონარდიც უფრო შეტევაზე არის აქცენტირებული. 2008-2014 წლებში ლებრონი ლიგის საუკეთესო და ყველაზე დაუფასებელი დამცველი იყო. 2014-2017 წლებში კავაიმ გადახსნა მთელი ლიგა. მათ შორის, ლებრონიც. ერთადერთი, ვინც ლებრონს რეალურ დისკომფორტს უქმნიდა, იყო მისტერ ლეონარდი. ის კავაი პირველიდან მეოთხემდე ყველას იჭერდა.

შეტევაში ჯეიმსი რემბრანტია. ბევრი ფერით, სიბრძნით და სილამაზით. ჯეიმსმა ჩაქუჩი გადადო და მარაოთი დადის. თუ სიცხე შეაწუხებს, დაინიავებს, დახრის თავს და როდესაც ამოგხედავს, იმ თვალებში შენი უიმედობა და სწრაფი სიკვდილი დგანან.

ჯეიმსი მაიკლ ჯორდანის შემდეგ კალათბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი მოთამაშეა.

კავაი მაიკლ ჯორდანის შემდეგ ყველაზე დიდი პერსონალური დამცველია.

ჩვენ მაიკლზე ვსაუბრობთ, თუ ლებრონზე და კავაიზე? თემა გაგვექცა.

ჯეიმსმა იცის, რომ თუ ენტონი დევისის სხეული ვერ გაუძლებს დატვირთვას და ბიჭი კიდევ ერთხელ დაილეწება, ლეიკერსი უშანსოდ რჩება.

ისევე, როგორც კლიპერსი კავაის გარეშე.

შემდეგ სეზონში ლოს ანჯელესი აალდება. დაბრუნდება თავისი დურბინდით ჯეკ ნიკოლსონი, კიდევ ერთხელ დააგემოვნებს ბამბის ნაყინს ქემერონ დიასი და იქ, მოედანზე კავაი და ლებრონი იცეკვებენ.

ჩვენ გვიყვარს ეს თამაში.