გიორგი აბურჯანია: მარტო ბელარუსი არაფერს გვარგებს

გიორგი აბურჯანია ტვენტეში ტრანსფერზე, საქართველოს ნაკრებზე, სამომავლო გეგმებზე ...

რამდენიმე დღის წინ გიორგი აბურჯანია ტვენტეში გადავიდა. 24 წლის ნახევარმცველი ჰოლანდიელებს 2 წლიანი იჯარით შეუერთდა.

 

ქართველი საყრდენი ოლიმპის აღზრდილია. შემდეგ იყო გორის დილა, თბილისის ლოკომოტივი, ფამაგუსტას ანორთოსისი, სიმნასტიკი, სევილია და ბოლოს ლუგო. მას ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ყველგან ერთ-ერთი ლიდერი იყო. ეროვნული გუნდის მაისურით აბურჯანიას ანგარიშზე 12 მატჩია.

 

ტვენტეში ტრანსფერზე და კიდევ რამდენიმე საინტერესო თემაზე სასაუბროდ, Leadersport.ge ქართველ შუახაზელს დაუკავშირდა

 

- გასულ სეზონს როგორ შეაფასებ?

 

- ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი სეზონი მქონდა, თუმც იყო  ცუდი მომენტებიც, რაც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. საბოლოო ჯამში სეზონს დადებითად შევაფასებ.

 

 

- ლუგოში გადასვლის შემდეგ, უფრო მეტს თამაშობდი. ამან ალბათ თავდაჯერებულობა შეგმატა.

 

- ლუგოში ყოფნისას სამი მწვრთნელი შეიცვალა, რამაც გუნდს არასტაბილურობის განცდა გაუჩინა. რაც ყველაზე მთავარი იყო მიზანს მივაღწიეთ და სეგუნდა დივიზიონში ადგილი შევინარჩუნეთ. მართალია, ეს ბოლო ტურებში მოპოვებული ქულების წყალობით მოხდა, თუმცა მთავარია არ გავვარდით. რაც შემეხება მე, ინდივიდუალური თვალსაზრისით ეს ტრანსფერი ძალიან წამადგა. ელოი ხიმენესი ძალიან მენდო, რამაც ჩემზე დადებითად იმოქმედა.

 

- ტვენტეს ტრანსფერზეც გკითხავ. დიდი ხანი მიმდინარეობდა შენსა და ჰოლანდიელებს შორის მოლაპარაკებები?

 

- როცა ტვენტემ ერედივიზიონის საგზური მოიპოვა, ჩემსა და კლუბს შორის მოლაპარაკებებიც სწორედ მაშინ დაიწყო და ყველაფერი მალევე მოგვარდა. თუ სწორად მახსოვს, ჩემი ამბავი აპრილის ბოლოს უკვე გარკვეული იყო.

 

- როგორც ვიცი შენით დეპორტივოც იყო დაინტერესებული. რატომ არჩიე დეპორს ტვენტე?

 

- პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ დეპორტივოს მხრიდან ინტერესი ძალიან სასიამოვნო იყო. ესპანურ გუნდს დიდი ისტორია აქვს, თუმცა ჩავთვალე, რომ ჩემი განვითარებისთვის ტვენტეში გადასვლა უკეთესი  იქნებოდა.

 

- ახალ გუნდში როგორ დაგხვდნენ, მწვრთნელთან თუ ისაუბრე?

 


 

- ყველა ძალიან თბილად დამხვდა. ტვენტე ჰოლანდიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ამას ყოველ დღე ვგრძნობ. ჩემ მიმართ ყურადღებას არამხოლოდ კლუბში, ქალაქშიც გამოხატავენ და ეს ძალიან მახარებს. რაც შეეხება მწვრთნელს, მას ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან ანორთოსისში ერთად ვთამაშობდით. მისი საფეხბურთო გემოვნება კარგად ვიცი და დარწმუნებული ვარ, ერთად მუშაობით წარმატებებს მივაღწევთ.

 

- რა იქნება ტვენტეს მიზანი ახალ სეზონში?

 

- თამაშიდან თამაშამდე პროგრესი. კონკრეტული მიზანი არავის დაუსახავს, თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ ტვენტე დიდი გუნდია და ამბიციებიც შესაბამისი იქნება.

 

- სანაკრებო თემაზეც გადავიდეთ. საწყის 4 შეხვედრაში გუნდმა არასახარბიელო შედეგი აჩვენა.

 

- უკეთესი შედეგის მისაღწევად ბევრს ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ მალე ყველაფერი დალაგდება. ჩვენი თავის მიმართ ყველაზე კრიტკულები სწორედ ჩვენ ვართ და მაქსიმუმს გავაკეთბთ, რომ ქართველი ქომაგები გავახაროთ.

 

- ბევრი თვლის, რომ ამ შესარჩევიდან გასვლის შანსი აღარ გვაქვს და ბელორუსთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ. შენ რა აზრის ხარ?

 

- გეთანხმებით, ამ შესარჩევში წარმატების მიღწევის შედარებით ნაკლები შანსია, თუმცა ყურების ჩამოყრა და მხოლოდ ბელორუსთნ მატჩზე ფიქრი კარგს არაფერს მოგვიტანს. ფეხბურთია და ერთ კონკრეტულ მატჩში შეიძლება მეტოქეს ჯობდე, თუმცა თამაში ვერ მოიგო. ყველა შეხვედრაში ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და რაც შეიძლება მეტი ქულა ავიღოთ. ვფიქრობ, ასე უფრო მომზადებულები შევხვდებით ერთა ლიგის ნახევარფინალს.