გურბანოვი: დინამო ძლიე​რი მეტოქე​ა, მაგრამ საკუთარი ძალების გვჯე​რა

​გაბალას მწვრთნე​​ლის წინასამატჩო პრე​​სკონფრე​​ნცია 

თბილისის დინამოს მეტოქე ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაბალაა. გუნდი, რომელთანაც თბილისელებმა 4 წლის წინაც ითამაშეს და ორრაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხებულები გამოვიდნენ. ეროვნული ლიგის ლიდერი უკვე აზერბაიჯანშია და მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის გაბალა სითი სთედიუმზე ემზადება. პარალელურად, გაბალას მთავარმა მწვრთნელმა სანან გურბანოვმა პრესკონფერენცია გამართა და აზერბაიჯანელი და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"თბილისის დინამო კარგი გუნდია. ჩვენ ამ შეხვედრისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ. ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ ჩვენი გუნდის სათამაშო ფორმა გავაუმჯობესოთ. ახალწვეულები გვყავს, რომლებიც გუნდთან ადაპტაციის პროცესს კარგად გადიან.

კვლავ გვჯერა საკუთარი ძალების და იმის, რომ დინამოს დამარცხება კიდევ შეგვიძლია.

ჩვენს გუნდში ორი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, რომლებიც გაბალასთვის ძალიან მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ. დავით ვოლკოვმა წინა სეზონშიც ჩვენს გუნდში ითამაშა, მერაბ გიგაური კი ახალწვეულია, თუმცა ძალიან საჭირო ფიგურა.

მთლიანობაში დინამო ძალიან გუნდურ ფეხბურთს თამაშობს და წარმატებას ამის ხარჯზე აღწევს, თუმცა მინდა განსაკუთრებით ლევან შენგელია გამოვყო, რომელიც ხვალინდელ მატჩში ბევრ პრობლემას შეგვიქმნის",-თქვა გურბანოვმა

 

ამირან შაიშმელაშვილი გაბალადან 

სპეციალურად ლიდერსპორტისთვის