თითქოს საბურთალოზე გამომივიდა

ძალიან გამიხარდებოდა ქუთაისელებს საქართველოს რომელიმე ლიგაში ზასტავა ან საფიჩხია გამოეყვანათ


მე არ დავსწრებივარ და ზაგრებთან თამაშის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე უთქვამს საბურთალოს მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს, ქართველებზე მაგრად ფეხბურთის თამაში დედამიწაზე ძალიან ცოტა ერს შეუძლიაო და მერე დაუმატებია, სხვა საქმეა, ამ ნიჭს როგორ ვიყენებთო.

ასი პროცენტით გეთანხმებით, ბატონო გიორგი. აი, ვისაც რა უნდა ის თქვას. ის კი არა, ამასწინათ ერთ-ერთ ბლოგში ეს აზრი მეც გამოვთქვი, ოღონდ ასე მძაფრად ვერ გავბედე. შაბლონურად ვთქვი — სისხლში გვაქვს, მეთქი; გენში. ხოლო მათ, ვისაც ირონიულად ეღიმება, მინდა ვკითხო: როდის უფრო ადვილია ასეთი რამის თქმა, როდესაც გლეჯ თუ როდესაც გაჭიანურებული ჩავარდნა გაქვს და ხალხში აპათიაა? რასაკვირველია როცა გლეჯ და როცა პაიჭაძის, მესხის და ყიფიანის ეპოქაა. თუნდაც, როდესაც ქინქლაძე გყავს, მიუხედავად იმისა, რომ ოთხმოცდაათიანებიდან მოყოლებული, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ქართულ გუნდებს ცალკეული მატჩების მეტი არაფერი მოუგიათ. 

 

დღეს ისე ჩანს, რომ აღარაფერი გვეშველება, მაგრამ არ უნდა იყოს ასე. არ მჯერა. ვერ ვიჯერებ და არც იმათ გავატარებ, ვისაც სჯერა. განა მე არ ჩამკვდომია გული ჩვენების ცუდ გამოსვლაზე? რამდენჯერაც გინდათ. თუნდაც, დანიასთან ნაკრების აბდაუბდის შემყურეს სადმე დამალვა მინდოდა. კლუბებზე ხომ აღარ ვამბობ. ბოლო წლებში ვისაც არ ეზარებოდა, ყველა გვიგებდა. მეტსაც ვიტყვი, საბურთალომ შერიფს იქ 3:0 რომ მოუგო, საპასუხო თამაშს შიშით ველოდი. გულშემატკივარი გახლავართ და ფეხბურთელისგან განსხვავებით შიშის სრული უფლება მაქვს. საბოლოოდ, რომ გადავრჩით კი გამიხარდა, მაგრამ… 

და მაინც, იმედი თავს არ მანებებს. წლიდან წლამდე, რაღაცას ველი. წლიდან წლამდე იმ მეზღვაურივით ვარ, ანძაზე ამძვრალი ჭოგრიტით ჰორიზონტს რომ უყურებს და ერთ დღესაც აუცილებლად დაიძახებს: ხმელეთი!

 

რატომ? იხ. გიორგი ჭიაბრიშვილის სიტყვები და იმიტომ.

იმ დღეს საბურთალოს და ზაგრების თამაშს რომ ვუყურებდი უცხოეთში ძმაკაცს მივწერე, არ ვიცი ეს შეხვედრა როგორ დამთავრდება, მაგრამ საბურთალო აშკარად სიმპათიური გუნდია, მეთქი. წინადადების პირველი ნახევარი რამ დამაწერინა, გასაგებია. ისევ და ისევ შიშმა. უფრო სწორედ, იმის ცოდნამ, რომ ეს ჩვენი ჩემპიონი გამოუცდელია; იმის ცოდნამ, რომ ზაგრების დინამო მაინც უფრო ძლიერია და ისტორიის მანძილზე ერთი ფუთი მარილი აქვს ნაჭამი; იმის ცოდნამ, რომ ბოლო წლებში მისტიკური ტრადიცია დამკვიდრდა ასეთი — მეტოქეს თანაბრადაც რომ ვეთამაშოთ, მაინც ქართველებმა უნდა წავაგოთ. რა ჯანდაბამ დაამკვიდრა ეს ტრადიცია, არ ვიცი. გულის სიღრმეში ვხვდები, რომ ეშმაკი დეტალებშია — ცოტა ფიზმომზადება, ცოტა ის, რომ საქართველოს ჩემპიონატში მაინც ნელა ვთამაშობთ, და სხვა — მაგრამ ერთხელ არ შეიძლება ადგეს და უბრალოდ გაგვიმართლოს? 

და კიდევ, მგონია, რომ საქმის გამოსასწორებლად ჩვენი შიდა, ეროვნული შეჯიბრებების მიმართ დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ. საბჭოთა კავშირი აღარ არის. ახლა საქართველოს სოფლები, დაბები, პატარა ქალაქები და დიდი ქალაქების უბნები ვეჯიბრებით ერთმანეთს. ამიტომაც, საბურთალო (მინდა, არ მინდა დღევანდელი ბლოგი საბურთალოზე გამომივიდა) სწორი პროექტი მგონია. უბრალოდ, ოდესმე უფრო დიდი სტადიონიც თუ საბურთალოზე ექნება, დაგლიჯავს. 

 

მგონია, რომ აუცილებლად უნდა იყოს გუნდები დიდუბე და ნახალოვკა. თბილისის ამ ორ უბანს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი როლი აქვს ნათამაშები და იმიტომ. თან, ორივეგან არის მოყანყალებულ-მომაკვდავი ძველი ქარხნები თუ რაღაც ჯანდაბები, სადაც ოდესმე ორასსართულიანი მახინჯი კორპუსების ნაცვლად კოხტა სტადიონების ჩადგმა შეიძლება.

ძალიან გამიხარდებოდა ქუთაისელებს საქართველოს რომელიმე ლიგაში ზასტავა ან საფიჩხია რომ გამოეყვანათ და ასე…

თორემ, დგას ეს უშველებელი ეროვნული სტადიონი მოწყენილი, წელიწადში ნაკრების რამდენიმე თამაშის მოლოდინში და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იქ ხდება ის არის, რომ ღამის კლუბებში ვიღაცეები ცეკვავენ.