რუბინი: 3+1

ყაზანურმა კლუბმა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა

ყაზანის რუბინს კიდევ ერთი ქართველი შეემატა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას რუბინმა უკვე მე-4 ქართველი ფეხბურთელი დაიმატა.

ხვიჩა კვარაცხელიას, ზურა დავითაშვილის და ბექა მიქელთაძის შემდეგ, ყაზანელთა მაისურს ნიკა ყიფიანი მოირგებს. წარმოშობით ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებშიც უთამაშია, რუბინთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 70-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

22 წლის ფეხბურთელი თბილისში დაიბადა და ბოლოს რუსთავში თამაშობდა. 2014-16 წლებში ის მოსკოვის ლოკომოტივის ახალგაზრდულ აკადემიაში გამოდიოდა. ყიფიანს კვიპროსის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილებაც აქვს, ის ეთნიკოსში, ერმისში და ნიქოზიის ომონიაშიც ირიცხებოდა.