მკვლელი, რომელიც მიყვარს

კავაის დაცვა ხელოვნებაა. კავაის დაცვა მიქელანჯელოს დავითია. კავაის დაცვა ენერგიისგან გცლის და შენც იცვლები. კავაი გცვლის. ლეონარდი კლდეა.

NBA Top 50. კავაი ლეონარდი

კარიერა: სან ანტონიო (2011-2018), ტორონტო (2018-2019), კლიპერსი.

NBA-ს ჩემპიონი (2014, 2019).

ფინალის MVP (2014, 2019).

ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე (3).

სტატისტიკა: 17.7  ქულა, 6.3  მოხსნა, 2.4 პასი, 1.8  ჩაჭრა.

 

სან ანტონიო 2007 წლის შემდეგ უტიტულოდ იდგა. სტაბილურობა რეგულარულში იცვლებოდა ტკივილით ფლეი ოფში, სადაც სპერსი აგებდა მოსაგებ სერიებს. მაგიური ტრიო (ტიმ დანკანი-ტონი პარკერი-მანუ ჯინობილი) საქმეს აკეთებდა, მაგრამ სპერსს აკლდა აგრესია. სპერსს აკლდა ახალი სისხლი. სან ანტონიომ ისტორია 2011 წლის დრაფტზე შეცვალა.

1997. დანკანი სან ანტონიომ აირჩია. 1989. დევიდ რობინსონის დებიუტი ლიგაში სან ანტონიოსთან ერთად. ეს ორი მონსტრი ცვლის გუნდს, დასავლეთის კონფერენციას. დრაფტიდან მოდიან მოსიე პარკერი და ნაგიჟარი მანუ. და...ეგ არის! სან ანტონიოს დრაფტი სტაგნაციაში შევიდა. გაელვებები, უმნიშვნელო ეპიზოდები - სპერსის ახალგაზრდები ყომარობდნენ, მაგრამ ვერ ცვლიდნენ გუნდს. მათთან ერთად სან ანტონიო არ იყო უკეთესი და მათ გარეშე სპერსი არ იყო უარესი. ჩვეულებრივი, კარგი ბიჭები.

2011. გრეგ პოპოვიჩი პირადად ჩავიდა დრაფტზე. ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო დრაფტი. ლიგის ისტორიაში. ჩვენ მივიღეთ კაირი ირვინგი (კლივლენდში), ჯიმი ბატლერი (ჩიკაგო), ბოიან ბოგდანოვიჩი (მაიამი), იონას ვალანჩუნასი (ტორონტო), კემბა უოკერი (შარლოტი), კლეი ტომფსონი (გოლდენ სტეიტი), ნიკოლა ვუჩევიჩი (ფილადელფია), ტობაიას ჰარისი (ფილადელფია), რეჯი ჯექსონი (ოკლაჰომა), ტრისტან ტომფსონი (კლივლენდი), ძმები მორისები და აიზეია ტომასი, რომელიც ამ დრაფტის ბოლო არჩევანი (60, საკრამენტო, ტრანზიტით ჩიკაგოდან მილუოკიში) გახდა.

სან ანტონიომ დაირტყა კორი ჯოზეფი, ტიაგო სპლიტერი, მაგრამ გუნდი კიდევ ერთი სვლისთვის ემზადებოდა. როგორც კი ინდიანამ თავისი არჩევანი გააკეთა, სან ანტონიომ პეისერზს ძალიან კარგი მსროლელი ჯორჯ ჰილი (ბოლო ორ სეზონში საშუალოდ 12.0 ქულა) შესთავაზა. ტექსასში წამოვიდა სლოვენიელი ერაზემ ლორბეკის და ლატვიელი დავის ბერტანსის არჩევის უფლება. და კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელიც ინდიანამ მე-15 ნომრად გაშანსა. ჯორჯ ჰილმა პეისერზში 5 პროდუქტიული, სანდო სეზონი ჩაატარა და სან ანტონიომ მიიღო ბიჭი, რომელმაც შეცვალა გუნდი. რომელმაც შეცვალა ლიგა. ჩემპიონი.

კავაი ლეონარდი.

სან ანტონიომ მოტეხა ბალასტი რიჩარდ ჯეფერსონი, რომელიც გაუშვეს გოლდენ სტეიტში სტივენ ჯექსონის სანაცვლოდ და კავაიმ სასტარტოში გარანტირებული ადგილი მიიღო. პოპოვიჩი ხედავდა პოტენციალს და ზრდის პერსპექტივას. პოპოვიჩი ხედავდა მომავალს. იმ სეზონის საუკეთესო ახალბედა გახდა ირვინგი. კავაი მეოთხეზე გავიდა.

2012 წლის რეგულარულის დაწყებამდე გრეგმა ისაუბრა კავაიზე: „ის აუცილებლად გახდება ვარსკვლავი. ის გახდება ჩვენი გუნდის სახე. დაცვაში, შეტევაში, ის ცვლის გუნდს უკეთესობისკენ. და მას აქვს ეს ენერგია, ეს სურვილი, ჩემპიონის ამბიცია და ის დაუნდობელია. მას აქვს მოსმენის უნარი და ის ყოველთვის მზად არის, უფროსი თანაგუნდელის თხოვნა შეასრულოს. ყოველთვის თავმდაბალი. და არასოდეს არავის თავს არ დაუხრის. გაგვიმართლა.“

გრეგი, ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ალბათ, რედ აუერბახთან ერთად, საუკეთესო სელექციონერი და ფსიქოლოგი, ამჯერადაც მართალი იყო. სან ანტონიომ მიიღო მომავალი. მოთამაშე, რომელიც პირველივე წამიდან იყო დაგეშილი იმ, მეორე გუნდის საუკეთესო მსროლელზე, გამთამაშებელზე, მსუბუქ ფორვარდზე. კავაის ჰქონდა დავალება - შენ ის უნდა გამოთიშო. და ლეონარდი ამ მისიით ბოლომდე გადიოდა. კავაიმ ისწავლა წაგება, კავაიმ ისწავლა მოგება და კავაიმ ისწავლა ტიმ დანკანისგან ყველაზე მნიშვნელოვანი - სან ანტონიოში იგებს გუნდი. ლეონარდი იდეალური გუნდური მოთამაშე გახდა. როგორც ადრე, ტიმის მენტორი გახდა დიდი ადმირალი, კავაი რჩევებს უკვე მისტერ დანკანისგან იღებდა.

სან ანტონიოში ახალი ტალღა წამოვიდა.

კავაის პირველი სეზონი იყო კარგი, მისაღები სან ანტონიოსთვის და არაფრით გამორჩეული სტატისტიკის მოყვარულებისთვის. კავაი თავდახრილი მუშაობდა, გაჰქონდა ნაგავი სან ანტონიოს ზონიდან და პოპოვიჩი კმაყოფილი იყო. რაც მთავარია, კავაიც ძალიან კმაყოფილი იყო. ის საუკეთესო გუნდში მოხვდა.

ჩემთვის, კავაის ტრანსფორმაცია იმ ერთი სერიით დაიწყო. ამის შესახებ დავწერე ზაზა ფაჩულიას შესახებ წიგნში „ლეგენდა“, სადაც ერთი ქვეთავი მთლიანად ლეონარდს დავუთმე. ეს ეპიზოდი ამჯერადაც უნდა გავიხსენო.

2012/2013 წლების ფლეი ოფი.

ოდნავ გამოუცდელმა, მაგრამ უკვე მოურიდებელმა და სახიფათო უორიორზმა გრეგ პოპოვიჩის გუნდს მოულოდნელად, სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

დასავლეთის კონფერენციის მეორე წრე. და პირველ შეხვედრაში კარიმ გაწონასორებულ ფავორიტს 44 ქულა აარტყა. 11 პასთან ერთად. ორი დამატებით დრო. გოლდენ სტეიტი იყო უკეთესი, მაგრამ თამაში გამოცდილმა სან ანტონიომ დაიტოვა. 129:127.

იმ უორიორზის პირველ ხუთეულში სტეფის და კლეის გარდა იდგნენ ფესტუს ეზელი, ენდრიუ ბოგატი და ჰარისონ ბარნსი. სათადარიგოებში - გრინი, რიჩარდ ჯეფერსონი, ჯარეტ ჯეკი, კენტ ბეიზმორი და კარლ ლენდრი. საინტერესო და ორ პერსონაჟზე ზედმეტად დამოკიდებული გუნდი. კარი გამორჩეულია შეტევაში და დაცვაში ყველა ბილიკს კეტავს კლეი. დრეიმონდის აგრესია ჯერ დასაბალანსებელი იყო.

სერიის მეორე მატჩში კლეიმ 9/8 სამიანი გამოიყენა. ფლეი ოფის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი. სპერსიდან მას დენი გრინი ეთამაშება. კარგი, ალბათ, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი სტაბილური დამცველი, რომელიც ბევრ სოლიდურ მსროლელს უქმნიდა პრობლემებს. და კლეისთან გრინი დაიკარგა. ტომფსონი სპერსის პიტბულს უგებდა სიმაღლით, ძალით, ინტელექტით. და კლეი დაცვაში ხაფანგი იყო. გრინი არ ჩანდა.

გადის 4 თამაში და სერიაში ანგარიში თანაბარია.

და პოპოვიჩმა ჩეხვაში კავაი ლეონარდი შეაგდო. ეს იყო ფლეი ოფის ისტორიაში ერთ-ერთი დაუნდობელი, სადისტური პერსონალური დაცვა.

კლეი ტომფსონი, რომელიც სერიის პირველ ოთხ მატჩში ელეგანტურად უგვარებდა დენი გრინს, მარტივად ამოდიოდა ორმაგი მეურვეობიდან და დომინირებდა, კავაისთან გასაუბრების შემდეგ დაიკარგა.

კლეი ტომფსონი სერიის მეხუთე გარჩევაში - 32 წუთი, 4 ქულა, 8/2 ზუსტი საშუალო და 0 ნასროლი სამიანი.

0!

ნასროლი!

სამიანი!

Holy F..k! ეს კავაის სამყარო იყო. კლეი ტომფსონი ხერხის ლაბირინთებში მოხვდა. ლიგამ რეალური ლეონარდი მიიღო. კავაი, რომელიც ორჯერ (2015-2016) რეგულარულის საუკეთესო დამცველი გახდა. კლეი ლეონარდის ზონაში მოხვდა.

ლიგამ ახალი კავაი მიიღო.

და კიდევ ერთი ეპიზოდი.

2016/2017. დასავლეთის კონფერენციის ფინალი. გოლდენ სტეიტი დიურანტთან ერთად და სპერსი უკვე ტიმის გარეშე, მაგრამ ახალ, მონსტრ კავაისთან ერთად.

ამ სერიის დაწყებამდე რამდენიმე კითხვაზე გავეცი პასუხი.

უკეთესი გუნდი? გოლდენ სტეიტი, რომელსაც დიურანტი ფლეი ოფამდე დაუბრუნდა.

X-ფაქტორები? სან ანტონიოს დაცვა და კავაი ლეონარდი დიურანტზე. კევინი ლიგის საუკეთესო ინდივიდუალური დამცველის ტერიტორიაზე შედის.

კავაი მესამე მეოთხედის მეხუთე წუთზე აგდებს ორ საჯარიმოს და ანგარიშია 78:55 სან ანტონიოს სასარგებლოდ. კავაი შეცვალა ჯონათან სიმონსმა და ლეონარდი მოედანზე არ დაბრუნებულა. სან ანტონიო ხერხემლის, პულსის, მუშტის, თვალების გარეშე დარჩა.

კავაიმ ეს ტრავმა პირველად რეგულარულში მიიღო, ჰიუსტონთან სერიაში გაუმიზეზდა და გოლდენ სტეიტთან ზაზა ფაჩულიას ფეხზე დაბიჯება ბოლო აკორდი გახდა.

ლეონარდის გარეშე სერია დამთავრდა. სპერსს მაინც შეეძლო იმ კონკრეტული შეხვედრის აღება, მაგრამ დაშლილი, გაოგნებული, ულიდერო სან ანტონიო ბოლოში დადგა და უორიორზმა თითქმის ყველაფერი ჩააგდო.

პოპოვიჩი სათადარიგო ვარიანტის გარეშე დარჩა. გრეგი კავაის გარეშე საშუალოდ 10-12 წუთის გაძლებას გეგმავდა და როდესაც გაირკვა, რომ ლეონარდისთვის სეზონი დასრულებული იყო, გრეგმა ზაზას მისამართით ცოტა მძიმე ფრაზები გაუშვა.

იყო თუ არა ზაზას ჯარიმა დაგეგმილი? არა.

მოიგებდა თუ არა სპერსი ლეონარდთან ერთად იმ შეხვედრას? მოიგებდა.

კავაის სტატისტიკა ტრავმამდე - არასრული 24 წუთი, 26 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა, 11/11 ზუსტი საჯარიმო, 13/7 თამაშიდან, არაჩვეულებრივი +21.

კევინ დიურანტმა თამაში 34 ქულით დაასრულა.

დიურანტის სტატისტიკა კავაის ტრავმის შემდეგ - 20 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 5 სროლა წინააღმდეგობის გარეშე. კევინი წინააღმდეგობითაც მაღალი პროცენტით ისვრის და თავისუფალი დიურანტი სპერსისთვის კოშმარი გახდა.

გაქაჩავდა თუ არა სან ანტონიო ბოლომდე სერიაში? აუცილებლად. სპერსი იმ უორიორსზე უკეთესი გუნდი არ იყო. სპერსმა იმ უორიორზთან მოგება იცოდა.

ზაზასთან კონტაქტით კავაიმ და სან ანტონიომ სეზონი დაასრულეს.

შეიცვალა ურთიერთობა ლეონარდს და სპერსს შორის. კავაიმ შემდეგ რეგულარულში სცადა დაბრუნება, ტრავმა გაიმიზეზა და მეორედ აიღო პაუზა. ლეონარდი ტორონტოში გაუშვეს და სპერსმა კარგი, მაგრამ კავაისთან შედარებით, ქვედა ეშელონის მოთამაშე - დემარ დეროუზენი მიიღო. სპერსმა დაკარგა ლეონარდის ნდობა და შემდეგ, ლეონარდიც. კავაი ტორონტოში  ჩემპიონი გახდა. და როგორც მაშინ, სან ანტონიოს საჩემპიონო (2013/2014) სეზონში, ფინალური სერიის MVP კავაი ლეონარდია.

კალათბურთის ისტორიაში ბევრი კარგი დამცველი იყო. მოდი, მხოლოდ NBA გავიაროთ. ჯორდანი, პიპენი, როდმანი, გარი პეიტონი, დიკემბე მუტომბო, კობი, ჯეისონ კიდი, ჰაკიმი, ადმირალი, სტოქტონი, ორივე უოლასი, გარნეტი, ტიმი, არტესტი. დღეს - გრინი და გობერი. და ყველაზე აკურატული და დაუნდობელი დამცველი ჩემთვის ლეონარდია.

კავაის დაცვა ხელოვნებაა. კავაის დაცვა მიქელანჯელოს დავითია. კავაის დაცვა ენერგიისგან გცლის და შენც იცვლები. კავაი გცვლის. ლეონარდი კლდეა.

როდესაც ლეონარდი კარიერას დაასრულებს და თუ ამ წლებში ჯანმრთელი იქნება, ის ჩემი რეიტინგის Top 20-ში შევა. მინიმუმ, Top 20-ში.

კავაი ლეონარდი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს.