რაილის ბიჭები

მაიამი ბატლერის გუნდი იქნება. აქ უნდა იშრომო. აქ გასახდელში დაღლილი და ამაყი დუეინ უეიდის პოსტერებია. ამ გასახდელში ტრავმირებული კრის ბოში სუპეფინალისთვის ემზადებოდა. 

2018-2019 რეგულარულის შედეგი39:43.

მნიშვნელოვანი მატება: ჯიმი ბატლერი, ტაილერ ჰერო, მაიერს ლეონარდი.       

მნიშვნელოვანი დანაკარგი: ჰასან უაითსაიდი, ჯოშ რიჩარდსონი, დუეინ უეიდი.    

 

მაიამი შეიცვალა. ბოლო წლებში კლუბი ძირითადად, არასტაბილურ და ნიჭიერ ცენტრთან ჰასან უაითსაიდთან ასოცირდებოდა. დიდი პოტენციალი, ცოტა ნებისყოფა - უაითსაიდი ნიჭით ლიგის საუკეთესო ცენტრებში ზის. და ჰასანმა ამ პოტენციალის უმნიშვნელო ნაწილი გამოიყენა. ჰასანის გამოხაცდელი პერიოდი დასრულდა და ახალი სეზონიდან ის უკვე პორტლენდის თავის ტკივილი იქნება. ლილარდმა და მაკკოლუმმა იფიქრონ. შესუსტდება სამწამიანი, მაგრამ მაიამის სხვა პრიორიტეტები აქვს. ჰიტში პატ რაილიმ ჯიმი ბატლერი წაიყვანა.

ბატლერი კარიერის პიკზეა. არა მხოლოდ სტატისტიკით. უნივერსალი მცველიი, რომელსაც ლიგაში რვა სეზონი აქვს გატარებული, შარშან ორ გუნდში იყო. დაიწყო მინესოტაში და დაასრულა ფილადელფიაში. ტომ ტიბოდო ბატლერს აფასებდა და ჯერ ჩიკაგოში, შემდეგ კი მინეაპოლისში დაუნდობლად ტვირთავდა ჯიმის. ამ ეგზეკუციამ ბატლერს მოტივაცია წაართვა. მინესოტაში ჯიმი მთელი გუნდის ნაცვლად იდგა დაცვაში. თაუნზს თავის კაცზე ასვლა ეზარება? ჯიმი მას დააზღვევს! უიგინსს მძიმე ღამე ჰქონდა? არ არის პრობლემა, ბატლერი უიგინსის კაცსაც მიხედავს. და ტიბოდო კმაყოფილი იყო. იდეაში, ყველა კმაყოფილი იყო. ბატლერის გარდა. ფილადელფიაში გადასვლა ჯიმისთვის რენესანსი გახდა. საინტერესო პერიოდი და კავაისგან მიღებული ჭრილობა აღმოსავლეთის ფლეი ოფში.

მაიამი ბატლერის გუნდი იქნება. აქ უნდა იშრომო. აქ გასახდელში დაღლილი და ამაყი დუეინ უეიდის პოსტერებია. ამ გასახდელში ტრავმირებული კრის ბოში სუპეფინალისთვის ემზადებოდა. რომ მეექვსე თამაშში ბურთი მოეხსნა და რეი ალენს ჩაეგდო. ამ გასახდელში პატ რაილიმ საზოგადოებას ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტი ერიკ სპოელსტრა გააცნო. და რაილის შემცვლელმა, მისმა პროტეჟემ გაამართლა. ერიკი იყო ერთადერთი მწვრთნელი, რომელიც რეალურად მოსწონდა ლებრონს. მერწმუნეთ, ეს ცოტა არ არის. ერიკი ძალიან კარგი ფსიქოლოგია და იცის, ვის როგორ უნდა დაელაპარაკოს. სპოელსტრასთან ერთად მაიამი სტაბილური ფრენჩაიზი გახდა. ერიკმა იცის მოგება. ერიკს არ უყვარს ზარმაცები. ერიკი მაგალითს დღესაც მისტერ რაილისგან იღებს. ბოსი კმაყოფილია. ბოსმა ერიკს ჯიმი აჩუქა.

და მაიამი აუცილებლად გავა ფლეი ოფში. ბატლერის გარდა, ამ გუნდს არ ჰყავს ვარსკვლავი. ბატლერის და ალბათ, გორან დრაგიჩის გარდა, ამ გუნდს არ ჰყავს ბურთის გადმომტანი. პრობლემატურია ცენტრის პოზიციაც, სადაც ჰიტმა ბენ ადებაიო (შარშან 8.5 ქულა, 7.3 მოხსნა, 2.2 პასი) და კელი ოლინიკი (10.0 ქულა, 4.7 მოხსნა) შეინარჩუნა და დაიმატა მეიერს ლეონარდი პორტლენდიდან. რომელიც საშუალოდ 6 ქულამდე იღებს და დაცვაში პატ რაილის დეიდას ვერ შეუქმნის პრობლემას. ადებაიოს დრო გაიზრდება, მაგრამ ფლეი ოფში ეს კომბინაცია ვერ იქნება შედეგის მომტანი. ოლინიკი თავს უფრო კომფორტულად მეოთხე ნომერზე გრძნობს და არის შანსი, რომ რეგულარულის დროს ჰიტმა გორან დრაგიჩი კარგ, მსროლელ მეოთხე ნომერზე გაცვალოს. მაიამის სნაიპერების დეფიციტი აქვს. მაიამის სნაიპერები ფლეი ოფში დასჭირდება.

აქ სპოელსტრას უნდა გაახსენდეს ბოლო დრაფტზე არჩეული ტაილერ ჰერო. მშვენიერი სროლით, ნორმალური დრიბლინგით, საეჭვო დაცვით და კარგი მომავლით. კენტაკიში ის იყო ვარსკვლავი და სიამოვნებით მიიღებს ამ სტატუსს ჰიტშიც.

რომ არ დაგვავიწყდეს - კარიერა დაასრულა დუეინ უეიდმა.

წარმატებები მაიამის.