უკან, მომავალში

ჯონი იღებს პაუზას და არ ჩქარობს. ის ელოდება. ის გუნდზე თამაშობს. და როგორც ტიმ დანკანი, პარალელურად, ორმაგ დუბლს აკეთებს. 

რობერტ ზემეკისის დროის მანქანით ლიგამ, ატლანტამ, კალათბურთმა, ჩვენ მივიღეთ ჯონ კოლინზი.

რომელიც არ ცდილობს ემინემზე საკაიფოდ გარეპვას. რომელიც არ კითხულობს სთენდაფის დროს ოპრას მონოლოგებს. რომელიც არ მეგობრობს დენზელ ვაშინგტონთან. რომელსაც არ აცვია გუჩის ან პლეინის ბოლო კოლექციის ტანსაცმელი.

ის, უბრალოდ, ძალიან მაგრად თამაშობს კალათბურთს.

ძალიან მაგრად და ძველმოდურად. მიიღო ბურთი, აიღო პაუზა, შეაფასა სიტუაცია, ჩაუყენა ცენტრი, მიაწვა და ისროლა. ეს კოლინზის კალათბურთია.

კოლინზმა იმდენად შეუმჩნეველი იყო პირველ სეზონში, რომ მისი შარშანდელი გამოსვლა ბევრს სადებიუტო ეგონა. და ლოგიკური იყო კითხვა, როგორ არ შევიდა ახალბედების პირველ ხუთეულში ბიჭი, რომელმაც საშუალოდ თითქმის 20 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა? აქ, ალბათ, უნდა დავწერო ღიმილი და გიპასუხოთ - მეგობრებო, ეს კოლინზის მეორე სეზონი იყო.

ჯონი იღებს პაუზას და არ ჩქარობს. ის ელოდება. ის გუნდზე თამაშობს. და როგორც ტიმ დანკანი, პარალელურად, ორმაგ დუბლს აკეთებს. შარშანდელი რეგულარულის ბოლო შეხვედრაში მან ინდიანას 20 ქულა და 25 მოხსნა აარტყა. დაიტოვეთ. დაიმახსოვრეთ. მე ვარ ჯონ კოლინზი.

დავიმახსოვრეთ, ჯონ.

და გვჯერა, რომ ტრე იანგთან ერთად მისტერ კოლინზი ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ტანდემს შეკრავს. მომავალი ეკუთვნის ატლანტას.