კლოპი და ძველი ახლები

... თუ არავინ არაფერი მოიტეხა

ლივერპულის სატრანსფერო სოვრცეში ამ ზაფხულს სიჩუმეა. ჩემპიონთა ლიგის  გამარჯვებულს არავინ უყიდია, თუ არ ჩავთვლით 17 წლის სეპ ვან დენ ბერგსა და 16 წლის ჰარვი ელოტს, რომლებსაც ძირითადის ფეხბურთელებად ვერც მოვიაზრებთ.

სხვა ახალწვეულები არ ჩანან. მაგრამ, თუ მათ დამრიგებელ იურგენ კლოპს მოვუსმენთ, არც მთლად ასეა საქმე.

„ახალი ფეხბურთელები გვყავს, - თქვა კლოპმა, - თუ ოქსი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი) მწყობრში იქნა, ის ახალ მოთამაშედ შგვიძლია ჩავთვალოთ. რაიანიც (ბრიუსტერი) დიდი ტალანტია, ჯო გომესსა და ადამ ლალანასაც სრულად ჯერ არ უჩვენებიათ საკუთარი შესაძლებლობები.“

მართლაც, ტრავმებისა და უთამაშებლობის მიუხედავად, ოთხივეს სატრანსფერო ფასი თითქმის 90 მილიონი ევროა.

ბრიუსტერი ის თავდამსხმელია, რომელიც უკვე 17 წლისა გადაიყვანეს ახალგაზრდულ (23 წლამდე) გუნდში. თუმცა მთელი გასული სეზონი ტრავმის მიზეზით გამოტოვა. 

 

გომესმა შარშან დეკემბერს ფეხი მოიტეხა. გაზაფხულის ბოლოსღა გამოჯანმრთელდა და პრემიერლიგის მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა, ისიც 12 წუთი.

ჩემბერლენი უფრო რთულ მდგომარეობაში იყო. მუხლის ტრავმა და გართულება ოპერაციის შემდეგ. ჯამში, აღდგენითმა პროცესმა წელიწადზე მეტ ხანს გასტანა. 

ლალანას პატარ-პატარა ტრავმები აწუხებდა და არც ერთ მატჩში უთამაშია 90 წუთს.

ცხადია, გომესი და ჩემბერლენი სერიოზული შევსებაა. თუმცა პირველს მოტეხილობის გარდა, აქილევსის მყესის პრობლემაც აწუხებს. მეორემ კი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ დააგროვა სეზონში 2 ათას წუთზე მეტი (22 მატჩი) ყველა ტურნირში. 

რაც შეეხება ბრიუსტერს, ასეთი მძიმე ტრავმა ყმაწვილურ ასაკში, ყველანაირ პროგნოზს უსარგებლოს ხდის.

ახლა ლალანაზე. ბოლოდროინდელმა განუწყვეტელმა ტრავმებმა მას მართლაც ძალიან შეუშალა ხელი წინსვლაში. თუმც დადებითი მაგალითიც არსებობს. საუთჰემპტონში ყოფნისას, ჩემპიონშიფში, არაერთხელ დაუგროვებია 3 ათას წუთზე მეტი და სეზონში 40 მატჩიც ჩაუტარებია. ლივერპულშიც დაუგროვებია ამდენი დრო, მაგრამ ყველა ტურნირში. ანუ, რამდენად გამოადგებიან ისინი ახალ სეზონში ლივერპულს?

2018-19 წლების სეზონში, წითლებს დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავდათ. ჰენდერსონმა, მილნერმა, ვეინალდუმმა, ფაბინიომ და კეიტამ, ერთობ მობილური ნახევარდაცვის ხაზი შექმნეს, თან სხვებიც იყვნენ, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში უმტკივნეულოდ შეცვლიდნენ.

 

ეს ხუთეული ჩინებულად იყენებს გუნდურ პრესინგს და შესანიშნავად თამაშობს უბურთოდაც. ნაბი კეიტას ალბათ მეტი შეეძლო, მაგრამ ჯერ არ არის ის, რაც გერმანიაში იყო. 

ერთი შეხედვით, მერსისაიდელთა შუა ხაზი ცოტა ერთფეროვანია, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი მათთვის შესანიშნავი სეზონი ჩაეტარებინათ პრემიერლიგაში და ევროთასზე.

მაგრამ, ისევ „ახალწვეულებზე“ ვთვათ. ლალანას აქვს თვისებები, რომელიც არცერთ სხვა მოთამაშეს არ გააჩნია. მას ყველაზე ოსტატურად შუძლია ბურთი შეტევაში ერთი პასით გადაიტანოს. კლოპი მას ჟორჟინიოს ადარებს.

ასევეა ჩემბერლენიც. ის არა მხოლოდ შეუდარებელი დრიბლიორია, არამედ, ამ თვისებას მკაცრი პრესინგის პირობებშიც არ კარგავს.

თუ კეიტა ლაიპციგურ დრიბლინგებს გაიხსენებს, შესაძლოა, ჩემბერლენის მონდომება აღარც გახდეს საჭირო, თუმცა, ჯერჯერობით შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ამჟღავნებს. 
ლალანა პოზიციური შეტევისა და ბურთის კონტროლის პირობებში შეუდარებელია, ოქსი კი მისი საპირისპირო პერსონაჟია - ჩემბერლენის ძლიერი მხარე მოწინააღმდეგის ზეწოლის დროს ჩინებული თამაშია. ამიტომ, თუ ჯანმრთელები იყვნენ, მართლაც საგრძნობლად გააძლიერებენ ნახევარდაცვას.