რომან ფიფია: ბიუჯეტი ისე გაიზრდება, ყოველ წელს ჯგუფში ვითამაშებთ

თბილისის დინამოს პრეზიდენტმა გუნდის ახალი გენერალური დირექტორი წარადგინა

თბილისის დინამოში ცვლილებებია. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის გენერალურ დირექტორად ზაზა დოლიძე დაინიშნა. დოლიძე ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა.

გაბალასთან, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის (3:0) დღეს, თბილისელთა პრეზიდეტმა რომან ფიფიამ კლუბის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. ამასთან, ფიფიამ დინამოს ახალი სამოქმედო გეგმის და სამომავლო მიზნების შესახებაც ისაუბრა. დინამოს პრეზიდენტის თქმით, კლუბში დაფინანსება გაიზრდება და გუნდს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი ექნება.

"გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის ახალი გენერალური დირექორი ზაზა დოლიძე. ადამიანი, რომელიც ყველა თქვენგანისთვის კარგად ნაცნობია. წლების განმავლობაში ის ფეხბურთის განვითარების ფონდში მუშაობდა და საკმაოდ წარმატებულადაც. ამ ფონდის წყალობით ჩვენმა ფეხბურთმა მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა, რისთვისაც მინდა ზაზას მადლობა გადავუხადო.

4 წლის წინ, მაშინ, როცა ზაზამ ფეხბურთის განვითარების ფონდი ჩაიბარა, მისი დასაქმება მეც მსურდა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობა, რომ მას თავ-გზა აღარ ავურიე. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ზაზამ წარმატებული სამუშაო გასწია, საქმე პირნათლად შეასრულა, ფონდი მაღალ დონეზე აიყვანა და დადგა დრო, როცა მას პოსტის დატოვების შესაძლებლობა მიეცა.

ჩვენ გვაქვს მიზანი რომლის მიღწევისკენ გეგმაზომიერად მივიწევთ. ვცდილობთ არ გადაუხვიოთ დასახულ მიზანს, ახალ-ახალი პროექტებით წინ ვიაროთ.

7-8 წლის წინ ვთქვი, რომ თბილისის დინამოს სჭირდებოდა ძლიერი აკადემია, რასაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი და ჟურნალისტი ღიმილით შეხვდა, თუმცა დღეს ჩვენი კლუბი ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა.

პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველოში წლების წინ ახალი საფეხბურთო თაობა არ არსებობდა, დინამოს აკადემიამ, ის როგორც შვილი ისე გააჩინა და აღზარდა. სწორედ ამ აკადემიის დამსახურებით, მთავარმა გუნდმაც და მთლიანად ქართულმა ფეხბურთმა სერიოზული პროგრესი განიცადა. ჩვენმა აკადემიამ ისეთი ფეხბურთელები აღზარდა, როგორებიც ჩაკვეტაძე, ხარაბაძე, კვარაცხელია და სხვები არიან. დღესაც გვყავს ფეხბურთელები, რომელთა ხელიდან აცლასაც არაერთი გუნდი ცდილობს, მაგალითად ნინუა და კობოური. ვცდილობთ ლევან შენგელიას შენარჩუნებასაც, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი 31 აგვისტოს უმთავრდება, თუმცა სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ევროტურნირებს ის თბილისის დინამოში გაატარებს.

სწორედ ამ გეგმის ნაწილია ზაზა დოლიძის ჩვენს გუნდში მოსვლა. უახლოეს პერიოდში უცხოეთში გამგზავრება მიწევს, სადაც დიდი დრო უნდა გავატარო. საქმეებთან ერთად, იქ დინამოსთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები მაქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პერიოდში ზაზა დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს. ის არის ადამიანი, რომელიც თბილისის დინამოს ყველა მიმართულებას ჩაიბარებს და კლუბის გემს სწორი მიმართულებით წაიყვანს.

რაც შეეხება სასამართლოს, ამას ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, რადგან სიმართლე ერთია და ის ჩვენს მხარესაა. დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ და როგორც კი სამართლიანობა იზეიმებს, თბილისის დინამოს ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზრდება. შესაძლოა ეს იყოს 15, 20 ან 25 მილიონი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში კლუბი ფინანსურ იმ დონეზე იქნება, რომ პრაქტიკულად ყოველ წელს მინიმუმ ევროპის ლიგის ჯგუფში ითამაშებს",-განაცხადა რომან ფიფიამ.

შეგახსენებთ, თბილისის დინამომ გაბალას საშინაო მატჩში 3:0 სძლია, ორრაუნდიან დაპირისპირებაში კი 5 უპასუხო გოლი გაუტანა და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც როტერდამის ფეიენოორდს დაუპირისპირდება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.