ზედიზედ ორი დღის განმავლობაში!

...და ვერ ხვდები, რა ჩემს ფეხებს აკეთებენ ქუჩაში ვიღაც ტიპები, რომელბმაც სიცილ-ხარხარით ჩაიარეს. ამაზე უკეთესს რას ნახავენ? 

ზიხარ, შენთვის. მოჭარბებულ პრობლემებზე ფიქრობ. წარმოდგენა არ გაქვს, რომ სადღაც, რაღაც შეჯიბრება ტარდება და უცებ, მეგობარი გირეკავს. 

 

— ბიჭო, დღეს ბასილაშვილი თამაშობს. ჰამბურგში ზვერევთან აქვს ნახევარფინალი. მე ის არხი არ მაქვს, რომელიც გადასცემს, შენ კი მგონი გაქვს, არა? 

 

ცოტა არ იყოს, იბნევი. ძნელია, პრობლემების ლაფიდან უცბად ამოყვინთვა და ასე ტყვიასავით შუბლში დახლილ კითხვაზე სხარტი პასუხის გაცემა. ის კი არა, უცებ შეიძლება ვერც მიხვდე, ვისზეა ლაპარაკი. ვინო? ბასილაშვილიო? კი, იცი, როგორ არა, რომ ქართველებს ჩოგბურთელი გვყავს ასეთი, შარშან წერდნენ მის წარმატებებზე. მაშინ გაგიხარდა, მაგრამ მერე დაგავიწყდა. სადღაც, პასიურ მეხსიერებაში დაილექა. რა დროს სპორტია, ვალები გახრჩობს, მილიდან წვეთავს, მანქანაში ზეთს ვერ ცვლი.

 

დაკავშირებული სურათი

 

მაგრამ, მერე, მეგობრის სიტყვებს გონებაში პაზლივით ალაგებ და ხვდები რაც უნდა.

 

— კი, კაცო. გამოდი, ერთად ვნახოთ.

 

კიდევ ერთი მურდალი დღის შედარებით მხიარულად გადაგორების შანსი გეძლევა და რატომ არ უნდა გამოიყენო?

 

მერე კი, საათი 15:30-ს აჩვენებს და სადღაც, 3500 კილომეტრის იქით თამაში იწყება. თავიდან, ყველაფერი უჯიგროდ მიდის: ტკაც-ტკუც, ტკაც-ტკუც… უფრო ამხანაგის ხათრით უყურებ. მაგრამ, ნელ-ნელა იქოქები. ჯერ ხმადაბლა შეიძახებ, რაღაცას. მერე შეჰყვირებ. მერე, ამ შენს ყვირილზე გვერდით ოთახიდან შენი ოჯახის წევრები გამოდიან.

 

— რა ხდება?

 

— ბასილაშვილი თამაშობს, — პასუხობ და ხედავ, რომ ისინი თავიანთ ოთახში აღარ ბრუნდებიან.

 

თანდათანობით შენში ჩოგბურთელი იღვიძებს. ბავშვობაშიც ხომ გითამაშია… ორი თუ სამი თვე ხომ დადიოდი.

 

და მერე იწყებ:

 

— პირველ „პადაჩას“ რატომ ვერ აწვდის ეს ბიჭი?!

 

— ბიჭო, იმას უფრო ძლიერი ჩაწოდება აქვს, აგერ, უკან კილომეტრ საათებს უწერენ.

 

— ეხლა არ უნდა მოდუნდეს…

 

— მეშვიდე გადამწყვეტია, ფრთხილად!

 

— ყოჩაღ, ყოჩაღ! მიდი, მიდი! კონცენტრაცია მომწონს!

 

ოთახში უკვე ყველანი გიჟებს ჰგავხართ: შენ, შენი მეგობარი, შენი ოჯახის წევრები. და ვერ ხვდები, რა ჩემს ფეხებს აკეთებენ ქუჩაში ვიღაც ტიპები, რომელბმაც სიცილ-ხარხარით ჩაიარეს. ამაზე უკეთესს რას ნახავენ? ბასილაშვილი შეიძლება ფინალში გავიდეს. ზედიზედ მეორედ! (მერე რა, რომ ეს ამბავი ცოტა ხნის წინ შენ თვითონ არ იცოდი).

 

მესამე სეტი… 3:0. მერე - 3:5. უკვე სამკურნალო ხარ.

 

— ბიჭო, ვაგებთ?!

 

მაგრამ ვერ მივართვით! ბასილამ ძალ-ღონე მოიკრიბა და: არის, ტაი-ბრეიქი!

 

ბოლოს კი მოგება! ფინალი!

 

nikoloz basilashvili vs zverev-ის სურათის შედეგი

 

— ხვალაც ხომ მოხვალ? — ეკითხები მეგობარს. მოვა, აბა რას იზამს.

 

ჰო, ეს ზვერევი გერმანელი იყო (ყოფილა). ფინალში კი რუბლიოვი ეთამაშება. ის უკვე რუსია.

 

მაგრამ, ვინც გინდა ის იყოს. ჩვენი ბიჭი ნიკოლოზ ბასილაშვილია. და აქედან შენ გულშემატკივრობ. კაცი, რომელსაც პრობლემები აღარ გახსოვს.

 

მეორე დღეს, შენი ოჯახის წევრებს მიზეზი აღარ სჭირდებათ. ისინი 14 საათზე ტელევიზორთან სხედან.

 

— როგორც გუშინ, ისე დასხედით. შენ აქ იჯექი, შენ იქით.

 

მეგობარი იმავე მაისურით მოვიდა.

 

და დაიწყო.

 

პირველ ორ სეტში რუბლიოვმა იბრძოლა, მესამეში კი ვეღარ გაუძლო. ჩვენიანმა იძალა. მოიგო. აჯობა: 7:5, 4:6, 6:3!

 

და ჰამბურგი მოიგო. ზედიზედ მეორედ!

 

nikoloz basilashvili hamburg-ის სურათის შედეგი

 

ჰამბურგში ზედიზედ ორჯერ ბოლოს ფედერერმა გაიმარჯვა!

 

და შენც, ზედიზედ ორი დღის განმავლობაში პირველად დაგავიწყდა შენი პრობლემები!

 

ღმერთო, შენ დალოცე ბასილა და ჩოგბურთი!