...ისევ წავალ დინამოზე

ფეიენოორდი შარშანაც ფავორიტი იყო, 1:5 კი წააგო

დინამომ გაბალას რომ გადაუარა (2:0, 3:0) და ახლა ერთობ ძლიერ, ჰოლანდიის მესამე გუნდთან, როტერდამის ფეიენოორდთან მოუწევს საქმის გარჩევა. .

ეს გუნდი დინამოსთვის განსაკუთრებულია და ასეთივე ემოციებს აღძრავს ჩვენში. 38 წლის წინათ, თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში, სწორედ ფეიენოორდს მოვუგეთ (3:0, 0:2). მერე ფინალში კარლ ცაისი 2:1 დავამარცხეთ და...

ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ამ საქმეში „თავისი  წვლილი“ როტერდამულმა კლუბმაც შეიტანა.

ახლა, 38 წლის შემდეგ, ფეიენოორდი ისევ ჩამოვა თბილისში. მაშინ, 8 აპრილს, დინამოს სტადიონზე 80 ათასი მაყურებელი შეიკრიბა. სულაქველიძის დუბლით და გუცაევის გოლით 3:0 გავიმარჯვეთ. მაშინ სტდიონზე გახლდით და დღემდე არ დამვიწყებია ის ემოცია, შინ მიმავალს რომ დამეუფლა. ძალიან ბედნიერი ვიყავი. 

 

ახლაც თვალწინ მიდგას მათი ლეგენდარული ჩეხი მწვრთნელის, ვაცლავ იეჟეკის ზეაღმართული ცერა თითი და ჰოლანდიელი ჟურნალისტების აღფრთოვანებული ქათიანურები დინამოს ფეხბურთელების მიმართ.

ფეიენოორდი 15 აგვისტოს ჩამოვა თბილისში. ისევ წავალ სტადიონზე და იმედი მაქვს, ახლაც ამაღლებული განწობით წამოვალ „დინამო არენადან.“ თუმცა, მანამდე როტერდამული მატჩი არის სათამაშო. 

არ ვიცი, საბჭოელები ეზიზღებოდათ ასე თუ სხვა რამ მიზეზი იყო, მაგრამ რაც მაშინ დინამოს დამართეს საპასუხო მატჩში, სხვა დროს არსად მინახავს. მთავარი მსაჯი ავსტრიელი ფრანც ვიორერი გახლდათ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რათა თასების ფინალში ფეიენოორდი გასულიყო. 

ინტრიგა მე-15 წუთზევე უნდა დასრულებულიყო, როცა დავით ყიფიანის გენიალური პასის შემდეგ რამაზ შენგელიამ შეაგდო, მაგრამ არარსებული თამაშგარე დაფიქსირდა. ეს პირველი, მერე მეორე, მესამე... აღარაფერს ვამბობთ გამოგონილ ჯარიმებზე, ჰოლანდიელთა უხეშობისას თვალის დახუჭვაზე.

სამი ნაღდი გოლი არ ჩაგვითვალეს და ორი თერთმეტმტერიანი არ დაგვიდეს. ასეთი უტიფრობა გამაოგნებელი იყო. წუთებს ვითვლიდით და მაინც გავძელით, არ შევდრკით. ახლაც ასევე უნდა მოვიქცეთ.

მახსოვს, მათი წვეროსანი კაპიტნის რენე ნოტენის დაღლილი და სასოწარკვეთილი სახე.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ფეიენოორდი კიდევ ოთხჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, უეფას თასიც მოიგო.

 

მართალია, ძველი დიდებისგან ბევრი აღარაფერი დარჩა, თუმცა მაინც ერთობ სერიოზული მეტოქეა, გამოცდა ახალგაზრდა დინამოელებისთვის. სწორედ ახლა გამოჩნდება დინამოელთა ნამდვილი სახე, გუნდისა, რომელმაც ბოლო დროს ქომაგი სათავისოდ მიიბრუნა.

ერთზე გვწყდება გული, ლეგენდარული რობინ ვან პერსი ვერ ჩამოვა თბილისში. მისი ცოცხლად ნახვა ერთ რამედ ეღირებოდა. გენიალურმა შემტევმა  კარიერა ორიოდ თვის წინათ დაასრულა.

სამაგიეროდ, ჰყავთ ვარსკვლავი მწვრთნელი - მანჩესტერის, მილანისა და აიაქსის დიდი მცველი იაპ სტამი. სტამი მაგარი ფეხბურთელი იყო, აი მწვრთნელობისა, რა გითხრათ. 

ფეიენოორდთან კონტრაქტი მან წლეულს მარტში გააფორმა. სერიოზულ მუშაობას კი ახალი სეზონიდან შეუდგება.

მწვრთნელთა ბანაკში ჰოლანდიური ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდაა: როი მაკაი თავდამსხმელების დამრიგებელია, ასეთი სამსახურიც არსებობს ამ კლუბში. მაკაი მიუნხენის ბაიერნიდან გემახსოვრებათ.

წინა სეზონში ფეიენოორდმა ჰოლანდიის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, ცხადია, აიაქსისა და პსვ-ს შემდეგ.

იოჰან ბოსკამპი

დინამოსთან ჰოლანდიური კლუბი ფავორიტია, თუმცა ჩვენი იქაური კოლეგები მიიჩნევენ, რომ გუნდი ჯერ შორსაა სასურველი ფორმისგან. ჩემპიონატი ხომ 2 აგვისტოს ეწყებათ და ფეიენოორდი პირველ მატჩს 4-ში გამართავს შინ, თანაქალაქელ სპარტასთან.

ჩვენთვის კარგად ნაცნობმა, დინამოსა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ღრიალა მწვრთნელმა იოჰან ბოსკამპმა თქვა, ფეიენოორდს წესით, დინამოსთნ პრობლემა არ უნდა შეექმნას, მაგრამ გამორიცხული არაფერია. შარშან ტრენჩინთან მატჩამდეც ასე ვამბობდიო. მაგრამ...

შეგახსენებთ, რომ შარშან, ამავე ტურნირის ამავე ეტაპზე, ფეიენოორდი ტრენჩინთანაც ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ სლოვაკებმა ჯამში 5:1 (4:0, 1:1) მოუგეს და პლეი ოფშიც ისინი გავიდნენ.

ასე რომ...

1981 წელი. როტერდამის ფეიენოორდის კაპიტანი რენე ნოტენი (მარცხნივ) დინამოსთან მატჩისწინა ვარჯიშზე