გაიქეცი, დემიან, გაიქეცი! NBA. გუნდების რეიტინგი. 8. პორტლენდი

პორტლენდმა ლილარდის გარშემო ორჯერ ააგო იმპერია. ერთხელ, ლამარკუს ოლდრიჯთან და ნიკოლა ბატუმთან ერთად და იმ გეგმამ ვერ იმუშავა. 

2018-2019 რეგულარულის შედეგი53:29.

მნიშვნელოვანი მატება: ჰასან უაითსაიდი, ენტონი ტოლივერი, კენტ ბეიზმორი, მარიო ჰეზონია.   

მნიშვნელოვანი დანაკარგი: აივენ ტერნერი, მორის ჰარკლესი, ალ-ფარუქ ამინუ, ენეშ კანტერი.

 

პორტლენდში მარათონი იწყება. სადაც ტრეილ ბლეიზერსს საკუთარი ფორესტ გამპი ეყოლება. რომელიც მიიღებს სასტარტო ნომერს და განდევნის სასტარტო მღელვარებას. რომელიც გადახედავს კონკურენტებს, პატივისცემით დაუხრის თავს და კიდევ ერთი გარბენისთვის მოემზადება. პორტლენდის სახელით ირბენს ახალგაზრდა, რომელსაც ბოლო წლებში დიდი სიმძიმე დააწვა. რომელიც ჯერ უძლებს. და რომელიც ნელ-ნელა, მაგრამ უახლოვდება ოცნებას. მას ძალიან უნდა ამ მარათონის მოგება. და ბიჭმა იცის, რომ ამაში აუცილებლად დასჭირდება თანაგუნდელების დახმარება. რომლებიც სახიფათო კონკურენტებს წინაღობებს შეუქმნიან. რომლებიც იქნებიან სხარტები აზროვნებით. რომლებიც არ გაიმეორებენ მანამდე, წინა გარბენებში დაშვებულ შეცდომებს. რომლებიც აუცილებლად გააკეთებენ საქმეს. და რომლებმაც მას უნდა მოაგებინონ. პორტლენდიდან ამ მარათონზე ირბენს დემიან ლილარდი.

ლილარდი გაჭირვებული კაცის სტეფ კარია. თითქმის იდენტური მოძრაობები, მსგავსი სროლა და არეალი, კარივით შეუპოვარი ბრძოლაში და მშვიდი ჭუთშესვენების დროს. ლილარდი არის ლიდერი კალათბურთით და ლილარდმა უნდა მოიგოს. წელს აუცილებლად უნდა მოიგოს. მეტი, ვიდრე - წინა წლებში. ლილარდის მაგი გადაის თაანგუნდელებზე და წლიდან წლამდე პორტლენდი უფრო შეკრული, უკეთ დაბაალნსებული, ორგანიზებული გუნდია. ოდნავ სუსტ აღმოსავლეთში პორტლენდი ჩემპიონობისთვის იომებდა. დასავლეთში ლილარდთან ერთად გუნდი ერთ-ერთი კარგია და ყოველთვის ცოტა აკლდება ზედა ეშელონამდე. წელს კარგი დროა. წელს ყველას აქვს ამბიცია და ამ ტერარიუმში პორტლენდი შეიძლება, გადარჩეს. და შეიძლება, განმეორდეს ძველი ისტორია და გუნდი დაიძიროს. დასავლეთი დაუნდობელი ჭაობია. ამ კონფერენციაში ერთხელ ფლეი ოფში კობი ბრაიანტიც ვერ გავიდა. დასავლეთი ვესტერნია.

პორტლენდმა ლილარდის გარშემო ორჯერ ააგო იმპერია. ერთხელ, ლამარკუს ოლდრიჯთან და ნიკოლა ბატუმთან ერთად და იმ გეგმამ ვერ იმუშავა. ის პორტლენდი ორჯერ სან ანტონიომ მიტყეპა. როგორც - სკოლის მოსწავლე მასწავლებელმა. და ოლდრიჯი იმ სპერსში ლეგენდის, დიდი ტიმ დანკანის შემცვლელად გადავიდა. პორტლენდმა ახალი ბენდის შეგროვება დაიწყო. ფანების ფავორიტი, მულტიინსტრუმენტალისტი ლილარდი აქ მაინც ყველაზე ლამაზად უკრავდა და ოდნავ ამოვარდნილი იყო ანსამბლიდან. ლილარდი იყო ერიკ კლაპტონის გიტარა, ლილარდი იყო ბობ დილანის ვოკალი და ლილარდის კალათბურთი ჯონ პოლ ჯონსის ბასივით გემრიელი, არითმიული, ღრმა და მოქნილი იყო. ლილარდმა კაალთბურთის თამაში ეზოში, ბანდიტ  მეგობრებთან ერთად ისწავლა. იმ მეგობრებიდან ბევრი ჩაიხოცა. ბევრმა თავისუფლება დაკარგა. კარგავდა ამ თავისუფლებას ლილარდიც. ფლეი ოფის დაწყებამდე პორტლენდზე არავინ არ საუბრობდა. ფლეი ოფის დასრულების შემდეგ, პორტლენდზე, მით უმეტეს, საერთოდ არავინ არ საუბრობდა. რა დროს ტრეილ ბლეიზერსი იყო? ღადაობთ?

ამ სეზონში პორტლენდი შეიცვლება. არ მგონია, რომ მენეჯმენტის რისკმა გაამართლოს და კარგი, გამოცდილი, გუნდურად მოაზროვნე ხალხი ინდივიდუალურად უკეთესმა ეგოისტებმა შეცვალონ. მე შარშანდელი ტრეილ ბლეიზერსი უფრო მომწონდა, თუმდა, თუ ურჩი ჰასან უაითსაიდის ექსპერიმენტი გაამართლებს, ყველაფერი მშვენივრად წავა. თუ გაამართლებს.

ბუნებრივია, ძალიან დიდი დანაკლისი იქნება იუსუფ ნურკიჩის ტრავმაც, მაგრამ თუ დემიან ლილარდი თავის კალათბურთს იყომარებს, პორტლენდი დასავლეთის ოთხ საუკეთესო გუნდში შევა, პირველ წრეში მიიღებს დარბაზის უპირატესობას და აუცილებლად იხმაურებს.

ვნახოთ, სადამდე.

ეს პორტლენდი ძალიან საინტერესო გუნდი იქნება.

ლილარდთან ერთად ყოველთის საინტერესო იყო.

გაიქეცი, დემიან, გაიქეცი!