მწვანე მილი. NBA. გუნდების რეიტინგი. 7. ბოსტონი

უოკერი ირვინგზე კარგი დამცველია. იდეაში, კაირიზე კარგი დამცველი პირველ ნომერზე ლიგის ყველა გუნდს ჰყავს. 

2018-2019 რეგულარულის შედეგი49:33.

მნიშვნელოვანი მატება: კემბა უოკერი, ენეშ კანტერი, რომეო ლანგფორდი.   

მნიშვნელოვანი დანაკარგი: კაირი ირვინგი, ალ ჰორფორდი, მარკუს მორისი, არონ ბეინსი.

 

ბრედ პიტის პერსონაჟი გენიალურ ფილმში Moneyball არგუმენტირებულად გვიხსნის თეორიას, რომლის თანახამად, ნებისმიერ გუნდს შეუძლია ნებისმიერი ვარსკვლავის სრულფასოვნად შეცვლა. და არ არის აუცილებელი მის ნაცვლად კიდევ ერთი ძვირადღირებული სათამაშოს მოყვანა. ერთი ძლიერი მოთამაშის სტატისტიკა რამდენიმე კარგ მოთამაშეზე გადანაწილდება და გუნდი არაფერს არ დაკარგავს. ის ისტორიული პერსონაჟი, ოკლენდ ატლეტიქსის გენერალური მენეჯერი ბილი ბინი იყო. იმ ოკლენდმა ვერ მოიგო დიდი პრიზი, მაგრამ თითქმის ყოველთვის ფავორიტებთან მოძრაობდა. და იმ ოკლენდს ლიგაში (MLB) ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდა. კარგი მენეჯმენტით ბინმა ვარსკვლავების დეფიციტი გადაფარა.

ბოსტონი შარშან აღმოსავლეთის კონფერენციის ფავორიტი უნდა ყოფილიყო. კარგი შემადგენლობა, რამდენიმე ლიდერი, არაჩვეულებრივი მწვრთნელი და ლოიალური ფანები - იდეალური მიქსი. გუნდმა კოჭლობით დაამთავრა რეგულარული, ფლეი ოფში შეასკდა მილუოკის და სერია ხუთ მატჩში (ზედიზედ ოთხი წაგებით) დათმო. სელტიქსი იყო ერთფეროვანი, უინიციატივო, მძიმე გუნდი, რომელიც ვერ გაიქცა. ბოსტონს აკლდა ლიდერი, რომელიც დანარჩენებს აიყოლიებდა, აზრზე მოიყვანდა, ყურს აუწევდა და თუ საჭირო გახდებოდა, მწვანე კუთხეშიც დააყენებდა. სელტიქსმა ჩააგდო სეზონი, რომელიც გუნდისთვის ისტორიულად კარგი უნდა ყოფილიყო. თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ბოსტონს ზედმეტად ბევრი პირველი და მეორე ნომრები ჰყავდა. თუ იმ ოკლენდში ნიჭის დეფიციტი შრომით და სრული კონცენტრაციით იფარებოდა, ამ ბოსტონში ზედმეტი ნიჭი ზედმეტი იყო.

ბოსტონში აღარ არიან კაირი ირვინგი და ალ ჰორფორდი. თუ ირვინგს სრულყოფილად კემბა უოკერი შეცვლის, ჰორფორდი ბილი ბინის პრინციპით უნდა შეავსონ. ფილადელფიაში წასული დიდი ბიჭის ადგილს სასტარტო ხუთეულში დაიკავებს ენეშ კანტერი. ნორმალური მომხსნელი, რომელიც დაცვაში პასიური და უყურადღებოა. თურქი შეტევაში 3 მოხსნას დააგროვებს, იომებს და ზედმეტი პერსონალურებით დაისვენებს. ამ დროს მას ცვლიან - მეორეწლიანი მაღალი რობერტ უილიამს მესამე, თორნიკე შენგელიას ყოფილი თანაგუნდელი ბასკონიაში - ფრანგი ვენსან პორიე და გერმანელი დანიელ ტაისი. ნორმალური შემადგენლობა. ამ ბიჭებიდან ყველას აკლია NBA-ს გამოცდილება, კლასი, აგრესია და პასი. მწვრთნელები მათგან საუკეთესო თვისებებს აიღებენ და მეხუთე ნომრის პრობლემა ალბათ, მოგვარდება. ან, არ მოგვარდება და ბოსტონი რეგულარულის დროს რამდენიმე სვლას გააკეთებს. ალბათ, მაინც გააკეთებს.

უოკერი ირვინგზე კარგი დამცველია. იდეაში, კაირიზე კარგი დამცველი პირველ ნომერზე ლიგის ყველა გუნდს ჰყავს. უოკერი მოდის ყველაზე ტიტულოვან გუნდში. უოკერი ითამაშებს არა მხოლოდ ფლეი ოფისთვის. კემბამ იქ, ფლეი ოფში უნდა ინადიროს დანარჩენებზე და მას მუდამ თან ექნება არბალეტი. უოკერი ბოსტონს 19-20 ქულას, 5-6 პასს, რამდენიმე ჩაჭრას და მოტივირებულ კალათბურთს მისცემს. და თუ ბიჭი არ დაილეწება და სეზონს ტრავმის გარეშე ჩაატარებს, ბოსტონში არ გაიხსენებენ ნიჭიერ, მაგრამ საკუთარ თავზე შეყვარებულ კაირის.

ეს ბოსტონი ალბათ, დამაჯერებლად გაივლის ფლეი ოფის პირველ წრეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღმოსავლეთში აღარ არიან ლებრონი და კავაი, გზა ფინალისკენ ხსნილია. იანისმა და ფილადელფიამ ჯერ ხასიათით მოგება უნდა ისწავლონ.

მწვანე მილი იწყება.