ასპროცენტიანი ასათიანი

რა კარგი იქნებოდა, დღესაც რომ თამაშობდეს. მისი მოედნის ხედვა, ჭკუა, ელეგანტურობა და თან მებრძოლი ხასიათი დახატავდა საქართველოს ნაკრებს.

 

მალხაზ ასათიანზე ვწერთ. დღეს 38 წლის გახდა. არადა, 29 წლისამ დაანება თამაშს თავი. რა არის 29? ბევრი მცველი ამის მერე ხდება, რაც ხდება. რომელი ერთი დავწეროთ, თუნდაც  კიელინი, ბარძალი, ტიაგო სილვა...

 

მაგრამ ყველა ადამიანი ინდივიდია და ასათიანმა ასე გადაწყვიტა: კარგ ფორმაში მყოფმა დაასრულა კარიერა. ახალ გუნდში გადასვლის პროცესი გაიწელა, რაღაც-რაღაცეები არ გამოვიდა და მალხაზმაც წასვლა გადაწყვიტა.

 

საინტერესოა, რომ საფეხბურთო სფეროში აღარ გამოჩენილა. მშობლიურ ქუთაისში ცხოვრობს და ლეჩხუმშიც ხშირად ჩადის ხოლმე - თავის სოფელში. იქ ეკლესია ააშენა.

 

ასათას ვერ ნახავთ შოუებზე თუ დაჯილდოვებებზე. ზოგადად, უბრალო პიროვნებაა, ფეხბურთელობის დროსაც არ უყვარდა ინტერვიუები და მოედანს მიღმა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ერთხელ მახსოვს, ხუმრობით მითხრა: კარგით რა, თამაში კიდევ ასე თუ ისე შემიძლია, ლაპარაკი არ მიყვარს და მომკალითო...

 

ტორპედო ქუთაისი, ლოკომოტივი მოსკოვი და დინამო კიევი - ამ სამ გუნდში ითამაშა, ნაკრებში კი 42 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 42 ძალიან ცოტაა მისი დონის ფეხბურთელისთვის, მაგრამ კარიერის მალე დასრულებას რომ თავი დავანებოთ, ტრავმებიც ჰქონდა. ცნობილმა ხორვატმა ივიცა ოლიჩმა დაამტვრია და წელიწადი გაუცდა.

 

განსაკუთრებული იყო სამი მატჩი: რუსეთს რომ გადამწყვეტი გოლი გაუტანა და 1:0 მოვიგეთ, თანაც, ოფიციალურ შეხვედრებში სანაკრებო დებიუტი ჰქონდა. რა ჩაუთავურა... გავიხსენებთ დანიასთან 2:2-ს, როცა გოლი გაიტანა და გეგონებოდა, არწივიაო, მოედანზე სხვებს ზემოდან დაჰყურებდა, მათზე ერთი თავით მაღლა იდგა. სოლო-მატჩი ჩაატარა და იმ თამაშის მერე იყო, ალენ ჟირესმა რომ თქვა, ასათიანი ქართველი ზიდანიაო. კიდევ, შოტლანდიასთან შინ 2:0, როცა დაცვას ლიდერობდა და ფაქტობრივად, უშეცდომოდ ითამაშა.

 

ყოველთვის მტკივნეულად აღვიქვამთ, როცა მაგარ ქართველ ფეხბურთელს ცუდად მისდის საქმე, ან ტრავმა აქვს, ან თავში უვარდება, ან სიზარმაცე მოაკითხავს ხოლმე. ასათიანზე ამ მიზეზებს ვერ იტყოდი - უბრალოდ, ადგა და წავიდა.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.