დრო მიდის, სიტყვები რჩება (VIDEO)

ბარსელონას კაპიტანმა შარშანდელი გაიმეორა 

ბარსელონამ ჟოან გამპერის თასი 42-ედ მოიგო. კამპ ნოუზე კატალონიელებმა ამჯერად არსენალს უმასპინძლეს და 2:1 მოუგეს.

 


ლონდონელთაგან თავი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გამოიჩინა, ბლაუგრანამ წონასწორობა მაიტლენდ-ნაილსის ავტო-გოლით აღადგინა, გამარჯვება კი სუარესის ბოლო წუთზე შეგდებული ბურთით შეძლო. 

 


მატჩის შემდეგ, მასპინძელი გუნდის კაპიტანმა ტრადიციულად ქომაგს მიმართა. ლიონელ მესიმ თითქმის 100 000 გულშემატკივარს დაახლოებით იგივე, ცნობილი სიტყვები უთხრა, რომლითაც ფანებს შარშან მიმართა. არგენტინელის პირველი და მთავარი საკაპიტნო დაპირება ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო... 


"დღეს რაიმეს თქმა ძალიან რთულია. იმ სიტყვების გამეორება მიწევს, რომელიც შარშან ამ დროს ვთქვი. მე მჯერა ამ ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბის და გუნდის. დღეს ჩვენ ისევ იგივე მიზნისთვის, ყველა ტიტულის მოგებისთვის ბრძოლას ვაპირებთ.


წინა სეზონის დასასრული არასახარბიელო იყო, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონები მაინც გავხდით - ბოლო 11 წელიწადში მერვედ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას მგონი სათანადოდ არ ვაფასებთ. ეს კლუბი ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და არც მომავალი სეზონი იქნება გამონაკლისი. თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს",-თქვა ბარსელონას 32 წლის კაპიტანმა.