ბრავო ბრავო

გვარდიოლას ფანდი - ბურთი არნოლდის ზონაში 

კვირას, უემბლიზე, ინგლისის სუპერთასზე (Community shield), მანჩესტერ სიტიმ ლივერპულს მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიაში 5:4 მოუგო. ძირითადი დრო 1:1 დამთავრდა. ერთადერთი პენალტი ჟორჟინიო ვეინალდუმმა გააცუდა. მეკარე კლაუდიო ბრავომ აუღო.

ბოლო სამ წელიწადში უკვე მეორედ ხდება, რომ სიტი ლივერპულს პენალტებით ამარცხებს. პირვალად ეს 2016 წელს იყო, როცა ინგლისის ლიგის თასის ფინალში გვარდიოლამ მერსისაიდში ახალმისულ კლოპს 3:1 მოუგო.

 

claudio bravo-ის სურათის შედეგი

ამჯერად კლოპმა საკმაოდ გამოსაცნობი შემადგენლობა ათამაშა. სასტარტოში 11-დან 9 მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფალურ ფინალში მონაწილეობდა. ორი გამონაკლისი ჯო გომესი და დივოკ ორიჯი გახლდნენ. გომესი გამოჯანმრთელდა და ძირითადისთვის ჟოელ მატიპს მოუგო კონკურენცია. ორიჯიმ კი აფრიკის ერთა თასიდან გვიან ჩასული სადიო მანე შეცვალა. ტაქტიკური სქემაც 4-3-3 იგივე დარჩა.

გვარდიოლამ რამდენიმე სიურპრიზი შემოგვთავაზა. რაც მთავარია, კარში კლაუდიო ბრავო იდგა და არა ედერსონი. შემტევთა სამეულში კი ლეროი სანე გამოჩნდა, რომელმაც მე-13 წუთზე ტრავმა მიიღო და მისი ბაიერნში გადასვლა საეჭვო გახდა. ამან რაჰიმ სტერლინგსაც შეუცვალა პოზიცია. ექს-ლივერპულელი ამჯერად თავდასხმის ცენტრში დადგა. გვარდიოლას განლაგებაც 4-3-3 იყო.

პირველ ტაიმში სიტი უფრო ყოჩაღად გამოიყურებოდა. მეორეში - ლივერპული. მერსისაიდელები ოდნავ ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, პენალტების სერია საჭირო აღარ იქნებოდა. სამჯერ მარტო ძელს მოარტყეს ბურთი.

მაგრამ ამ შეხვედრაში ერთი საინტერსო ამბავი მოხდა. გვარდიოლამ მეკარე ბრავო, ფაქტობრივად, პლეიმეიკერად ათამაშა.

ბოლო წლებში კატალონიელ სპეციალისტს ერთი მუდმივი პრობლემა გაუჩნდა: როგორ დაეძლია კლოპის პრესინგი. ამისდაკვალად, „ქალაქელთა“ თამაშები დახურული გამოდიოდა - სიტი მოთამაშეებს საკუთარ ნახევარზე აჯგუფებდა და ასე ებრძოდა გერმანელის „გეგენპრესინგს.“ შეტევაში კი აშკარად აკლდათ ფეხბურთელები. ბალანსი დარღვეულიყო.

ახლა კი პეპმა სხვა რამ მოიფიქრა - ბრავო გუნდის მთავარ პლეიმეიკერად აქცია...

 

claudio bravo-ის სურათის შედეგი

პირველ ტაიმში ჩილელმა მეკარემ 45 პასი შეასრულა, ყველაზე მეტი მატჩში... ეს ერთობ უცნაური შემთხვევაა, იმ გუნდისთვისაც კი, რომელიც მოკლე პასით თამაშობს.

პარტნიორები განზრახ უბრუნებდნენ ბურთს ბრავოს, რათა ის საჯრიმოდან გამოსულიყო და შეტევისთვის უკეთესი გაგრძელება მოეძებნა.

ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობდა, რომ პირველი: მოწინააღმდეგე მეკარეს მაშინვე არ ეხება, მომენტს ელის და მერე ახდენს ზეწოლას. მეორე: პრესინგის სიმძიმეს საკუთარ თავზე დაცვა იღებს, მეკარე შედარებით თავისუფალი რჩება და გამოზომილი დარტყმით ბურთს მეტოქის დაცვის უკან აგდებს.

საერთოდ, ლივერპულის პრესინგის მთავარი აზრი ის არის, რომ მეტოქეს დრო და სივრცე მაქსიმალურად შეუზღუდოს და „წითლებს“ ეს ჩინებულად გამოსდით. 

ახლა კი ერთი მოთამაშე, კერძოდ მეკარე, თავისუფალი რჩებოდა და ამით კლოპის შეგირდებს დისკომფორტს უქმნიდა. ცხადია, ამ შემთხვევაში საჭირო კვალიფიკაციის მეკარე უნდა გყავდეს. ხომ გახსოვთ  2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მანუელ ნოიერის გარჯა.

 

claudio bravo-ის სურათის შედეგი

ყველაფერი გათვლილი იყო - ბრავო ბურთს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ზონაში გზავნიდა, სადაც, ტრავმის მიღებამდე სანე აქტიურობდა, შემდეგ კი სტერლინგი და ჟეზუსი.

„ყველაზე სახიფათო ბრავოს გრძელი პასები იყო. ის ბურთს მცველებს უკან აგდებდა და ამით პრობლემებს გვიქმნიდა. ასე ცდილობდნენ  ჩვენი დაცვის „გაწელვას,“ - თქვა შემდეგ კლოპმა.