ჰოლივუდი ჰიუსტონში გადმოიტანეს. NBA. გუნდების რეიტინგი. 5. ჰიუსტონი

გუნდმა რასელ უესთბრუქის და ჯეიმს ჰარდენის გაერთიანებისთვის 2024 და 2026 წლებში დრაფტის პირველი წრის არჩევანი დაკარგა. სარისკო სვლა. 

2018-2019 რეგულარულის შედეგი53:29.

მნიშვნელოვანი მატება: რასელ უესთბრუქი, ტაისონ ჩენდლერი.  

მნიშვნელოვანი დანაკარგი: კრის პოლი.

 

ჰიუსტონი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ალბათ, უფრო სწორი იქნება, რომ ვთქვათ - ჰიუსტონს ჩემპიონობისთვის ბრძოლის დიდი სურვილი აქვს. შანსები? სურვილი შანსებზე დიდია. ძალიან კარგი გუნდი ორი გენიალური მოთამაშით. პოპულარული, ძალიან კარგი მწვრთნელი რეგულარულისთვის. კარგი სათადარიგოები, რომლებიც ხანდახან მარგი ქმედების მაღალი კოეფიციენტით იქნებიან გამორჩეულები. და ღრმა, ბოლო პერიოდში ყველაზე ღრმა დასავლეთის კონფერენცია. პირანიები. ალიგატორები. ანაკონდები. ჰიუსტონი ამ წყალში ვერ გაძლებს. ჰიუსტონი ამ წყალში ბოლომდე ვერ დარჩება.

გუნდმა რასელ უესთბრუქის და ჯეიმს ჰარდენის გაერთიანებისთვის 2024 და 2026 წლებში დრაფტის პირველი წრის არჩევანი დაკარგა. სარისკო სვლა. ჰარდენი ჯერ ფორმაშია და გაუმჯობესებული სტატისტიკით ფარავს დაცვაში სრულ იმპოტენციას. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ - ჯეიმსი ძალიან კარგი დამცველია. როდესაც არის საკმარისად მოტივირებული და როდესაც არ ეზარება ენერგიის დახარჯვა. და ჯეიმსი დაცვაში 82-დან 7-8 მატჩში ბრუნდება, აზღვევს თანაგუნდელს, ადის ორმაგ მეურვეობაზე, ანუ - თამაშობს დაცვას. ამ როტაციით, ჰიუსტონმა დაცვაში მაგრად უნდა მოუმატოს. გუნდს აქვს დიდი შემტევი პოტენციალი, მაგრამ ზედმეტად დამოკიდებულია შესვლებზე და სამიანებზე. არც ჰარდენი, არც რასი და არც ერიკ გორდონი არ არიან საშუალო სროლების ფანები. აუცილებელი კონტაქტი შესვლის დროს და სარისკო სამიანი - ეს ჰარდენია. აუცილებელი კონტაქტი შესვლის დროს და ხორციანი ჩატენვა - ეს უკვე რასია. და ეს ორი ტერორისტი არ შეიცვლება. მათ, უბრალოდ, სხვა კალათბურთის თამაში არ იციან. და, როგორც Heat-ში ბობ დე ნიროს გმირი ეუბნება გამომძიებელს, მას არც უნდა რომ შეიცვალოს. მას, უბრალოდ, უყვარს თავისი საქმე.

ბოლო სამ სეზონში ჰარდენი საშუალოდ, 5 შეცდომას უშვებს. ბევრია. თუნდაც, იმის გათვალისწინებით, რომ როკეტსის შეტევების 2/3-ს ჯეიმსი და კრის პოლი იწყებდნენ. რასელთან ერთად ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ალბათ, თითქმის ყოველთვის ჰიუსტონის მთავარი მწვრთნელი მაიკ დ’ანტონი გოლდენ სტეიტის მოდელს ენდობა და ერთ-ერთ ვარსკვლავს ხუთეულში აუცილებლად დატოვებს. და ამ ნიჭიერი ფსიქოფატების გვერდით, სხვები ბურთს არ მოითხოვენ. თუ, მათ ეს ბურთი რასისგან ან ჯეიმსისგან არ მიუვა.

ბოლო სამ სეზონში უესთბრუქიც ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ბიჭებს აქვთ შანსი, რომ პირველად NBA-ისტორიაში როგორც თანაგუნდელებმა, დაასრულონ სეზონი საშუალოდ, სულ მცირე 20 ქულით და 10 შედეგიანი გადაცემით. ორივემ. სიგიჟე. არარეალური სტატისტიკა, რომელიც არანაირად არ გააუმჯობესებს ჰიუსტონის საჩემპიონო შანსებს. უბრალოდ, გუნდის კალათბურთი უფრო საინტერესო და სექსუალური იქნება. დ’ანტონის უყვარს სექსუალური თამაში. რომელიც ერთჯერადი და მოსაწყენია. რომელიც ლამაზი და უშედეგოა. რომელიც მის ფინიქსს სტივ ნეშის და ამარე სტაუდმაიერის დროს ჰქონდა. და იმ გუნდმა ვერაფერი ვერ მოიგო. ის გუნდი ფინალამდეც ვერ მიცოცდა. ის გუნდი ყველაზე ძვირი საჩემპიონო იმედგაცრუება იყო.

ჰიუსტონს დააკლდებოდა სიმაღლე. რთულია, მთელი სეზონის ერთი კვალიფიციური ცენტრით ჩატარება. და ბოსებმა მოხუცი ტაისონ ჩენდლერი აიყვანეს. რომელსაც ფინალი ჯერ კიდევ ჯეისონ კიდთან, შონ მერიონთან ერთად და ახალგაზრდა ლებრონის წინააღმდეგ აქვს მოგებული. ჩენდლერი დაასვენებს კლინტ კაპელას, მაგრამ ტაისონი აღარ არის ის, ვინც თუნდაც, 2-3 სეზონის წინ იყო. მან დაკარგა სისწრაფე და უკვე ვერ აზღვევს ყველა თანაგუნდელს სამწამიანის მიმდებარე ტერიტორიაზე. როკეტსმა კარგი ისტორია იყიდა. ვეტერანი, რომელსაც შეუძლია კარგი, მაგრამ არასაჩემპიონო კალათბურთის თამაში. და როდესაც გუნდს ექნება პრობლემები პოზიციური დაცვის დროს, გახდება საჭირო კარგი დამცველი მესამე ნომრის დამატება. სვლა, რომლისთვისაც ჰიუსტონი არ არის მზად. სვლა, რომელიც გუნდმა აუცილებლად უნდა გააკეთოს. საჩემპიონო, კარგი სვლა.

ჰიუსტონი აუცილებლად მოიგებს 50 ან - მეტ შეხვედრას. ჰიუსტონი აუცილებლად იქნება ჩვენი ამერიკელი კოლეგების ფავორიტი. ყველგან. არა მხოლოდ დივიზიონში. ყველგან. და ჰიუსტონი კარგად დაასრულებს პირველ წრეს. შემდეგ დაიწყება კონფერენციის ნახევარფინალი, სადაც როკეტსი დენვერთან, იუტასთან, გოლდენ სტეიტთან, ლეიკერსთან ან კავაისთან წააგებს. ფრთხილად იყოს, სან ანტონიოსთანაც არ აირტყას. პოპოვიჩმა იცის ჰარდენთან მოგება.

თუ გაუმართლებს, ჰიუსტონი კონფერენციის ფინალს ითამაშებს.

ჰოლივუდი ჰიუსტონში გადმოდის. საგიჟეთი იწყება.