გიორგი ქვილითაია: ტრავმების დრო აღარაა

გიორგი ქვილითაია ტრავმაზე, ევროპა ლიგის შესარჩევზე, ნაკრებზე ...

გიორგი ქვილითაიას საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2016 წელს ჰქონდა და მას შემდეგ, თუ ჯანმრთელადაა თითქმის ყოველთვის ძირითად შემადგენლობაშია. სამწუხაროა, რომ ბოლო დროს იგი ხშირად ტრავმიანობს. ამ მომენტისთვის ქვილითაიას ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 17 მატჩი და 4 გოლია.

 

მოგეხსენებათ, 25 წლის ფორვარდმა ბოლო 2 სანაკრებო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ქვილითაია გენტს წინასასეზონო შეკრებაზეც არ ახლდა, თუმცა როგორც Leadersport.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ბოლომდე გამოჯანმრთელდა.

 

- რა მდგომარეობაა ტრავმის მხრივ?

 

- როგორც იცით, რამდენიმე თვე გამიცდა. თავიდან მხრის ტრავმა მაწუხებდა, შემდეგ მყესი დამეჭიმა და ამანაც ძალიან შემიშალა ხელი. ამჟამად 100%-ით ჯანმრთელი ვარ და უკვე ხუთი დღეა, რაც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვემზადები.

 

- რა იქნება გენტის მიზანი ახალ სეზონში?

 

- სატრანსფერო ფანჯრისას რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დავიმატეთ და ვფიქრობ, რომ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. ახლა მთავარი ამოცანა ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვედრაა. რაც შეეხება ჩემპიონატს, ხელმძღვანელები სამეულში მოხვედრას ითხოვენ. ვფიქრობ ამ ყველაფრის მიღწევა სავსებით შესაძლებელია.

 

- სწორედ ევროპის ლიგაზე გკითხავ. გენტის მეტოქე ლარნაკას აეკია. რა მოლოდინი გაქვს?

 

- აეკის რამდენიმე თამაში ვნახეთ და ძალიან ძლიერი გუნდია. მათ ბევრი ესპანელი ფეხბურთელი ჰყავთ, რაც აეკისთვის დიდი ძალაა. რთული თამაში იქნება, თუმცა ფავორიტები ჩვენ ვართ და ბარიერი აუცილებლად უნდა დავძლიოთ.

 

- ერთი წელი გავიდა, რაც გენტში გადახვედი. შეგიძლია თქვა, რომ ადაპტაცია 100%-ით გაიარე და გუნდს ბოლომდე შეეწყვე?

 

 

- მართალია 1 წლის წინ გადმოვედი, თუმცა აქედან 8 თვე ტრავმების გამო გამიცდა. ორჯერ კოჭი მოვიტეხე, რამაც გარკვეულწილად ხელი შემიშალა. სასიხარულოა, რომ სეზონის ბოლოს ფორმაში შევედი. გუნდს 4 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემითაც დავეხმარე. საბოლოო ჯამში მაინც ვთვლი, რომ ადაპტაცია ნორმალურად გავიარე.

 

- ბოლო 4 სანაკრებო მატჩებზე რას იტყვი?

 

- ყველანი ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, ერთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგიდან და თამაშის ხარისხიდან გამომდინარე მეტს ველოდით, თუმცა ასე არ მოხდა. ყველაზე მეტად იმან შეგვიშალა ხელი, რომ ყოველთვის ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს. სამწუხაროა, რომ ვერასდროს შევიკრიბეთ ის გუნდი, რომელიც ვაისს სურდა.

 

- ჯგუფში დარჩენილი სანაკრებო მატჩებისგან რას უნდა ველოდოთ?

 

- ჩემი აზრით დარჩენილი 4 შეხვედრა ბელარუსის ნაკრებთან მზადებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ვაისიც ალბათ სწორედ ამაზე გააკეთებს აქცენტს.

 

 

- ფაქტია, როცა ჯანმრთელი ხარ ვაისი სწორედ შენ გაყენებს ძირითადში და არა რომელიმე სხვა ფორვარდს. ამან ალბათ თავდაჯერება შეგმატა.

 

- ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. რა თქმა უნდა თავდაჯერებას მმატებს და დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. ვისურვებდი, რომ ტრავმამ ხელი აღარ შემიშალოს. ჩემს კარიერას რომ გადავხედოთ, საკმაოდ იყო ჯანმრთელობის პრობლემები. ტრავმების დრო აღარაა და იმედი მაქვს, ნაკრებს აღარ დავაკლდები.