ყენიას და საბურთალოს დაბრუნება - ბრწყინვალე გამარჯვება ერევანში

საქართველოს ჩემპიონის ევროპის ლიგაზე დებიუტი წარმატებული გამოდგა

ქართველი ჟურნალისტების ნაწილი საბურთალოს ქომაგებთან ერთად ერევანში დღეს გამოემგზავრა. სომხეთის დედაქალაქში საქართველოს მოქმედ ჩემპიონ საბურთალოს ევროპის ლიგაზე დებიუტი უნდა ჰქონოდა.

ქართული გუნდი, რომელიც რანგით მეორე ევროპულ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგაში მარცხის შემდეგ გადმოერთო, არარატ-არმენიას უპირისპირდებოდა. საბაჟო და სატრანსპორტო შეჩერების გამო, მატჩს მოგვიანებით ჩამოვუსწარით. ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე შეხვედრის დაწყებიდან 22 წუთის გასვლის შემდეგ შემოვედით და ცოტა გაოცებულებიც დავრჩით. არა, ჩვენი მეტოქე რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის, საფეხბურთო ქვეყნების ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული და არც რიგით სომხურ კლუბს წარმოადგენს, კარგად მოგვეხსენებოდა, მაგრამ თუკი არარატი ჩვენს ჩემპიონს პირველ ნახევარში პირწმინდად დაჩაგრავდა ვერ წარმოვიდგენდით.

იმასაც ველოდით, რომ მასპინძლებს მცირე უპირატესობა ექნებოდათ, თუმცა თბილისელებს საკუთარ სათამაშო სტილზე უარის თქმა თუ მოუწევდათ, ვერ ვიფიქრებდით.

არარატმა პირველ ნომრად თამაში დაიწყო, საბურთალოს კი, რომელიც უბურთობას და უკნიდან თამაშს მიუჩვეველია, ძალიან უჭირდა. ჩვენებურების კარს ყველაზე ხშირად მარჯვენა ფლანგზე გამწესებული ნარსინგი აწუხებდა - ჰოლანდიელი შემტევი, ვისი ძმაც ფეინოორდის რიგებში ირიცხება და ალბათ თბილისის დინამოს წინააღმდეგაც ითამაშებს.

მასპინძელთა აქტიურობას მალე შედეგიც მოჰყვა. 31-ე წუთზე, ჩვენს საჯარიმოში ჩაგდებული ბურთისთვის მეორე სართულზე ორთაბრძოლა გაიმართა. საბოლოოდ, რუსმა ანტონ კობაილკომ იყოჩაღა და ომარ მიგინეიშვილის კარი დალაშქრა.

საბურთალოს გამოფხიზლება სჭირდებოდა, ამისთვის იდეალური ვარიანტი შესვენებამდე ანგარიშის შენარჩუნებით მისვლა იყო, ვინაიდან ქართული გუნდი გააზრებულ შეტევასაც ვერ ახორციელებდა. ასეც მოხდა, შესვენებაზე კი საქმეში გიორგი ჭიაბრიშვილი ჩაერთო, კაცი, რომელსაც ეს საუკეთესოდ გამოსდის...

მეორე ნახევარში მოედანზე სულ სხვა საბურთალო გამოვიდა. ისეთი, როგორსაც, ამ შესარჩევში და ზოგადად მიგვაჩვია - ლაღი, შემტევი და დომინანტი.

ალბათ მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს გასახდელში ჯადოსნური სიტყვები უთხრა, მაგრამ ფაქტია საბურთალომ ქართველ გულშემატკივარს, მეორე, შესანიშნავი ტაიმი აჩუქა.

მალე საბურთალომ ოთხწუთიანი მონაკვეთი მოაწყო, როცა მატჩში დაბრუნება და წინ გასვლა მოახერხა. 72-ე წუთზე, ლუკა ლაკვეხელიანის გადაცემის მერე, საჯარიმოში მყოფი სანდრო ალთუნაშვილი სიტუაციაში მშვენივრად გაერკვა და ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

სამ წუთში, მოედანზე ახლადშემოსულმა, საქართველოს ნაკრების გამოცდილმა ნახევარმცველმა ლევან ყენიამ საბურთალოს შესანიშნავი გამარჯვება შექმნა. ყენიამ სადებიუტო შეხვედრაში თამაში საკუთარ თავზე აიღო, ბურთი წამოიღო, შესანიშნავად დაარტყა და ჩვენ გუნდს მოაგებინა.

საბურთალომ დაწინაურების მერეც სწორად ითამაშა, მეტოქის იერიშებსაც უმკლავდებოდა, თავადაც უტევდა, დროც გაჰყავდა და პირველი მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანა (2:1).

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე, 14 აგვისტოს გაიმართება.


ამირან შაიშმელაშვილი ერევნიდან, სპეციალურად ლიდერსპორტისთვის