მაგუაირის ამბავი

ფელანი იხსენებს: „გარი ყოველთვის გვეკითხებოდა რატომ ათამაშებენ ამ პოზიციაზე და არა სხვაზე. ავუხსნიდით. იფიქრებდა და ნელ-ნელა ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა.“

გასული სეზონის ბოლოს, ინგლისურ მედიაში გაჩნდა კითხვა: რამდენია დაახლოებით გარი მაგუაირის სატრანსფერო ღირებულება. გაჟღერდა თანხაც - 65 მილიონი გირვანქა, რაც სიმართლესთან შორს იყო.

 

ლესტერმა მასში 100 მილიონი მოითხოვა და ეს ინფორმაცია პოტენციურ მყიდველებამდე, მანჩესტერ იუნაიტედამდე და მანჩესტერ სიტიმდე მივიდა.

 

იუნაიტედის დირექტორი, ედ ვუდვარდი საგონებელში ჩავარდა. ერთი რომ, სულშერი მაგუაირს აუცილებლად ითხოვდა, არა მხოლოდ საფეხბურთო თვისებების, არამედ მინდორს გარეთ კარგი ქცევისათვის. სულშერი ჩქარობდა, რადგან უნდოდა გარის სეზონის დაწყებამდე გუნდთან შეგუება მოესწრო.

 

მეორე მხრივ, ვუდვორდს სიჩქარე არ აწყობდა, რადგან სარეკორდო თანხის გადახდას აპირებდა და ამით სახიფათო პრეცედენტს შექმნიდა. გახსოვთ როგორ უხაროდა ჟოზე მოურინიუს ლუკაკუს ყიდვა ნეიმარის „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერამდე? იმიტომ, რომ მერე ფასები უცებ ავარდა.

 

ახლაც დაახლოებით ასეთი სიტუაცია შეიქმნა. მაგრამ ვუდვორდს მაინც უნდა ეჩქარა, რადგან ლესტერელისთვის თვალი სიტისაც დაედგა.

 

ვუდვორდმა ლესტერის აღმასრულებელ დირექტორს, სიუზენ უილანს დაურეკა.

 

საერთოდ, მოლაპარაკებებს ლესტერის სპორტული დირექტორი, ჯონ რადკინი მართავს ხოლმე. მაგრამ ნაირგვარ სამიტებზე ვუდვორდმა უილანთან კარგი ურთიერთობა დაამყარა. თანაც, ეს ქალბატონი, კლუბის დაღუპული პრეზიდენტის შვილს, აიავატ შრივადჰანაპრაბჰას ეხმარება საფეხბურთო საქმეებში გარკვევაში.

 

ვუდვორდმა იცოდა, რომ უილანს კლუბში მეტი გავლენა ჰქონდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა, ამიტომ პირდაპირ მას დაურეკა.

 

პირველი მოლაპარაკების შემდეგ ტრანსფერის სტატუსი ასეთი იყო: ლესტერი 80 მილიონს ითხოვდა, რათა ვირჯილ ვან დეიკის რეკორდი გადაეფარა (2018 წელს ლივერპულმა ჰოლანდიელი მცველი საუთჰემპტონიდან 75 მილიონად იყიდა), მანჩესტერმა აგრძნობინა, რომ მყიდველი იყო.

 

ამასობაში, სიტი უფრო რბილად მოქმედებდა. გვარდიოლა მაგუაირს კომპანის შემცვლელად მოიაზრებდა. კლუბმა იცოდა ლესტერის მოთხოვნა და არ ჩქარობდა. ივნისის შუაში აგენტებში გავრცელდა ინფორმაცია - ლესტერი მაგუაირში 90 მილიონს ითხოვსო. სიტი ამხელა თანხის გადახდას არ აპირებდა. თან კარგად ახსოვდათ, როგორ ცდილობდნენ ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ლესტერელი მაჰრეზის ყიდვას. ბოლოს შეიძინეს, თუმცა ლესტერის პირობებით.

 

სიტიმ ცოტაც დაიცადა და ლესტერს 70 მილიონი შესთავაზა, რაზედაც უარი მიიღო. ლესტერში დარწმუნებული იყვნენ, რომ მაგუაირს სარეკორდო თანხად გაყიდდნენ.

 

მანჩესტერს კი სულშერის ახირების გარდა, კიდევ ორი მიზეზი ჰქონდა მაგუაირის ყიდვისა. ერთი რომ, ეს მცველი 2011 წელს პირველმა ალექს ფერგიუსონმა შეამჩნია. მეორეც, მანჩესტერელთა ერთ-ერთი მწვრთნელი მაიკ ფელანია, რომელიც 2016 წელს ჰალში მუშაობდა. სწორედ მაშინ შედგა მაგუაირის პრემიერლიგური დებიუტი ამ გუნდში.

 

ფელანი იხსენებს: „გარი ყოველთვის გვეკითხებოდა რატომ ათამაშებენ ამ პოზიციაზე და არა სხვაზე. ავუხსნიდით. იფიქრებდა და ნელ-ნელა ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა.“

 

მაგუაირმა ლესტერის მთავარ მწვრთნელს, ბრენდან როჯერსს, თავიდანვე აცნობა გუდიდან წასვლის სურვილის შესახებ, თუმცა მაჰრეზისგან განსხვავებით, არც ვარჯიშები გაუცდენია და ბოლომდე პროფესიონალად დარჩა. ისე წამოვიდა გუნდიდან, ყველასთან კარგი ურთიერთობა დაიტოვა.