ორი ამბავი ჰიმნებზე

ზუსტად არ ვიცი, ვთქვათ, 20-25 წლის წინ იყო. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები პორტუგალიაში ყოფილა რაღაც ტურნირზე და, როგორც ხვდებით, რაღაც ტურნირზე ვიღაც გუნდებს ეთამაშებოდა.

 ჰოდა, პირველი მატჩის წინ, როგორც წესი და რიგია, მოთელვის შემდეგ მეტოქეები მოედნის ცენტრში ჩამწკრივდნენ, გამომცხადებელმა შემადგენლობები ჩამოთვალა, რის მერეც ორგანიზატორებმა ჰიმნები დააგუგუნეს.

 

დაიწყო რაღაც მელოდია. გუნდები და მსაჯები დგანან გაჭიმულები. მაყურებელიც ფეხზეა. გავიდა ერთი წუთი, გავიდა ორი წუთი… აღარ მთავრდება. ჩვენებმა ერთმენეთს კი გადაულაპარაკეს, ეს რამსიგრძე ჰიმნი ჰქონიათ ამ ჩემისებსო, მაგრამ რას იზამ. ვალდებული ხარ მეტოქეს და ზოგადად, ქვეყანას პატივი სცე.

 

ჰიმნი კი გრძელდება…შემდეგ, ბიჭებმა შეამჩნიეს, რომ ორგანიზატორებიც ერთმანეთს უყურებენ და იშმუშნებიან. ტუჩები მოიღრიცეს და უჩურჩულეს კიდეც ერთმანეთს რაღაც.

 

ჰიმნი გრძელდება!

 

აი, ამის მერე, ორგანიზატორთა მაგიდას თუ ლოჟას ერთი კოსტუმიანი კაცი გამოეყო და მორიდებული ნაბიჯით საქართველოს დელეგაციისკენ წამოვიდა. ფეხაკრეფით მოდიოდა, ყურადღება რომ არ მიეპყრო.

 

ჰიმნი კი არა და არ თავდება. მელოდიამ რაღაც ახალი განვითარება მიიღო.

 

და აი, ორგანიზატორების მაგიდიდან წამოსულმა კაცმა, როგორც იქნა, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელამდე მიაღწია და დიდი მოწიწებით ჰკითხა:

 

— არ არის, საკმარისი?

 

მიხვდით, ხომ? რაღაც მელოდია საქართველოს ჰიმნი ჰგონებიათ და ეტყობა, არც კი შეამოწმეს ისე ჩართეს, პირდაპირ…

 

ჩვენებს კიდევ მოწინააღმდეგის ჰიმნი ეგონათ.

 

აი, ასე იყო ეს ამბავი.

 

და კიდევ ერთი ისტორია ვიცი ჰიმნებთან დაკავშირებით. დიდი ქართველი კალათბურთელის, ნიკოლოზ დერიუგინის მონაყოლია და მე, როგორც მისი ბიოგრაფიული წიგნის ავტორი, გავბედავ და პირდაპირ ამონარიდს შემოგთავაზებთ:

 

„იმ წლებში საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ერთხელ, სან ფრანცისკოში, თამაშის წინ, ვხედავ, დარბაზში ორკესტრი შემოვიდა და ემზადება. ასეთი ორკესტრები, როგორც წესი, მატჩის დაწყების წინ ჰიმნებს ასრულებდნენ, ასე რომ, ერთი შეხედვით, უჩვეულო არაფერი ჩანდა. დამთავრდა მოთელვა, გამოვედით შეხვედრაზე, ჩავმწკრივდით.

 

დარბაზის გამომცხადებელმა თქვა, ახლა მეტოქე გუნდების ჰიმნები შესრულდებაო და… ორკესტრმა რუსეთის ცარისტული იმპერიის ჰიმნი Боже, царя храни! დასცხო. თქვენ წარმოიდგინეთ, დარბაზში მაყურებელთაგან ბევრი აჰყვა, ჩვენ კი დაბნეულებმა გომელსკის (ალექსანდრ გომელსკისაბჭოთა ნაკრების მწვრთნელი 16 წლის განმავლობაში) შევხედეთ. თან კაგებეშნიკებიც ხომ გვახლდნენ…

 

 

— დასხედით! — დაიყვირა გომელსკიმ და ჩვენც როგორ ართი ისე დავსხედით სათადარიგოთა სკამზე.

 

შემდეგ მაინც დაუკრეს საბჭოთა კავშირის ჰიმნი. ბოდიშიც მოგვიხადეს, მაგრამ ამბავი მაინც გახმაურდა — „ამერიკის ხმას“ ნახევარ საათში უკვე გადაცემული ჰქონდა სკანდალური ამბავი“.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.