მეფე ნიკოლა. NBA. გუნდების რეიტინგი. 2. დენვერი

ნიკოლა იოკიჩი ყველაზე დახვეწილი ცენტრია, რომლის თამაშშიც არვიდას საბონისის ელემენტებია. დააკვირდით, თქვენ ბევრ მსგავსებას აღმოაჩენთ.

2018-2019 რეგულარულის შედეგი54:28.

მნიშვნელოვანი მატება: ჯერამი გრანტი.   

მნიშვნელოვანი დანაკარგი: ტრეი ლაილზი.

 

დენვერი არ შეცვლილა. დენვერი უკეთესი გახდა. ჯერამი გრანტი ძალიან კარგი, ერთ-ერთი დაუფასებელი მოთამაშეა და გუნდს აუცილებლად გამოადგება. დრაფტის პირველ წრეში დენვერმა მე-14 ნომრად აირჩია მაიკლ პორტერ მესამე, რომელსაც ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა, მაგრამ რეგულარულის სტარტისთვის მზად იქნება და დენვერი კიდევ ერთ ათლეტურ, საინტერესო, მოქნილ ბიჭს მიიღებს. დენვერი წესრიგში იქნება. და გუნდი ყველა პოზიციაზე კარგად არის შევსებული. აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთდა, მაგრამ ნაგეთსმა რამდენიმე ვეტერანთან ერთად მენტორობის პრობლემაც უნდა მოაგვაროს. ეს დენვერი არ არის ერთჯერადი გუნდი. ეს დენვერი დღეს მოსაგებად ემზადება და გუნდი მზად არის საკეპში გასავლელად. იქიდან ბევრი ვერ ბრუნდება. იქ ბევრი იკარგება და ლაბირინთის ბოლოს ხვდება სიკვდილს, რომელიც კოლექციას კარგი ახალგარზდებით ავსებს. დენვერი სიკვდილი სხვებისთვის იქნება. ელეგანტური, სწრაფი სიკვდილი. ჯო ბლექზე ელეგანტური.

დენვერის კალათბურთი არის ფორსაჟი. შარშან, როდესაც ნაგეთსის რამდენიმე თამაში წავიყვანე, გამახსენდა ძველი, ტიმ ჰარდევეის, კრის მულინის და მიტჩ რიჩმონდის გოლდენ სტეიტი. ის გუნდი არ ჩერდებოდა. ის გუნდი ვერ თამაშობდა პოზიციურ კალათბურთს და იმ გუნდმა ვერაფერი ვერ მოიგო. უბრალოდ, იმ გუნდიდან მულინი პირველი და ყველაზე უკვდავი ოცნების გუნდის წევრად აირჩიეს. იმ გუნდმა ლიგას რამდენიმე ლამაზი სეზონი აჩუქა და როგორც ყველაფერი კარგი, მალე დაილექა, საჭირო არ გახდა. ეს დენვერიც არ ჩერდება. ალბათ, ყველაზე სწრაფი და მოუსვენარი ბანდა მაიკ დ’ანტონის შვიდწამიანი ფინიქსის შემდეგ. და ამ ნაგეთსში (მოედანზე ყოფნის დროს) თითქმის ყველა შეტევაში ბურთს ერთი კაცი ეხება. უნდა შეეხოს. იმ კაცს აქვს ინტელექტი და იმ კაცმა კალათბურთის თამაში იცის. ალბათ, დენვერი ვერ გასცდებოდა პირველ წრეში დაღლილ და ნელ სან ანტონიოს ამ საოცარი მოთამაშის გარეშე. ლიგამ მიიღო, გაიცნო და დააფასა დენვერ ნაგეთსის ცენტრი და დიეტაზე აცრილი ცენტრი ნიკოლა იოკიჩი. რომელიც კალათბურთის დიეტაზე ზის.

ერთი მოთამაშე ვერ იგებს სერიებს. ერთმა მოთამაშემ შეიძლება, წამოიღოს რეგულარული, მაგრამ ფლეი ოფი სხვა მხეცია. იქ ნიჭს არ უფრთხილდებიან და იქ ნიჭს სკალპელებით ჭრიან. იქ სხვა დაცვაა და იქიდან ბევრი იარით, შეუხორცებელი ჭრილობით გამოდიხარ. გამოცდილების და საჭირო აკომპანიატორების მიღების გარეშე ბევრი წააგო მაიკლ ჯორდანმა. უბრალოდ, როდესაც ყველაფერი საათივით აიწყო, ჯორდანი ღმერთი გახდა. ჯორდანმა შექმნა საკუთარი მითი და ამ მითს მთელი ლიგა უფრთხილდებოდა. დენვერში უკვე დაიწყეს მითების წერა ბუთქუნა ცენტრზე, რომელიც ერთ ჭამაზე 10 დონატს და თორმეტ ჩიზბურგერს მიირთმევს. დენვერში უყვართ ახალგაზრდა, რომელიც დენვერისთვის კალათბურთზე მეტი გახდა. დენვერში ხედავენ, რომ ნიკოლა იოკიჩი ცვლის პროცესებს, აჩერებს დროს და ეს დრო უკვე ნაგეთსზე მუშაობს. დენვერმა ერთ ახალგაზრდას დაუთმო ყველაფერი. და ეს ბიჭი ამ ყურადღებას იმსახურებს. ეს ბიჭი მომავალია. ეს ბიჭი კალათბურთია.

ნიკოლა იოკიჩი დენვერის და მთელი ლიგის დარტ ვეიდერი გახდება.

ნიკოლა იოკიჩი ჯერ სწავლობს და შემდეგ სეზონში უფრო ბევრი გახდება.

ნიკოლა იოკიჩი ყველაზე დახვეწილი ცენტრია, რომლის თამაშშიც არვიდას საბონისის ელემენტებია. დააკვირდით, თქვენ ბევრ მსგავსებას აღმოაჩენთ.

ნიკოლა იოკიჩთან ერთად დენვერი ბევრს მოიგებს. გუნდი დასავლეთის ფავორიტი იქნება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.