ისევ სიტი და ლივერპული

...მოკლედ, ძალიან საინტერესო ტურნირი დღეს საღამოს აიღებს სტარტს

დღეს, თბილისის დროით 23 საათზე, ინგლისური პრემიერლიგის ახალი სეზონი გაიხსნება: ლივერპული ელიტაში დაბრუნებულ ნორვიჩს უმასპინძლებს.

დღეს მხოლოდ ეს თამაშია. შაბათს კიდევ ექვსი და სამიც კვირას. აქედან გამოსარჩევი ვესტ ჰემი - მანჩესტერ სიტის დაპირისპირებაა მიშვნელოვანი.

რატომ გამოვარჩიეთ ეს ორი შეხვედრა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. გასულ სეზონში სიტიმ და ლივერპულმა იმდენად გაუსწრეს დანარჩენებს (26-25 ქულით), რომ წლეულსაც ტიტულის კანდიდატებად ისევ მათ მიიჩნევენ.

გასულ კვირას, ინგლისის სუპერთასის მატჩის წინ, რომელიც სიტიმ მოიგო მატჩისშემდგომი პენალტებით, იურგენ კლოპს ჰკითხეს, რატომ დაასახელეს ბუქმეიკერებმა ფავორიტად მანჩესტერული კლუბი. „ალბათ იმიტომ, რომ ორჯერ ზედიზედ მოიგეს პრემიერლიგა. ეს მნიშვნელოვანი მიზეზია. ჩვენ მხოლოდ ერთი სეზონი ვითამაშეთ მათ დონეზე. 97 ქულა გასულ სეზონში უბრალო დამთხვევა არ გახლდათ. თუმცა ვერ ვიტყოდით, რომ ყოველ მატჩში ვდომინირებდით, ვჭყლეტდით და ვანადგურებდით  მოწინააღმდეგეებს. ჩვენ უმეტესად თანაბარ მატჩებში ვიმარჯვედით, თანაბარ მეტოქეებთან. ლივერპული შედეგის გამოწურვის მანქანად გადაიქცა.“ - ამბობს გერმანელი სპეციალისტი.

კლოპს არა-ერთხელ უთქვამს, რომ მისთვის თამაშის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი. ამით მან ირიბად აღიარა, რომ ხშირად მერსისაიდელებს უმართლებდათ. 

„სპორტულ მეცნიერებას ვსწავლობდი. ამიტომ მირჩევნია წავაგო და ზუსტად ვიცოდე ამ მარცხის მიზეზი, ვიდრე მოვიგო და წარმოდგენა არ მქონდეს, როგორ მოხდა ეს. მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება მეორე ვარიანტმა გაამართლოს, მაგრამ გრძელვადიან პროექტში სხვაგვარად ხდება.“ - ამბობდა კლოპი 2016-ში.

ახლანდელი ფორმაციის ლივერპული კვლავ რჩება ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად. ზუსტად ირჩევს პრესინგის დაწყების მომენტს და ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს.

97 ქულა დიდებულია, თუმცა ბევრმა ასპექტმა იმუშავა მათ სასარგებლოდ. ვთქვათ, არცთუ ლოგიკური გოლები მატჩების ბოლოს, ალისონის დიდებული თამაში და შემტევი სუპერტრიოს უტრავმობა. ხანდახან, შეიძლება მსაჯების გადაწყვეტილებები მათ სასარგებლოდ.
სიტის 98 ქულაც ის შედეგია, რომელსაც იღბლის გარეშე ვერ მოიპოვებ. მაგრამ ქალქელების თამაშის ხარისხი უფრო ახლოსაა ამ მაჩვენებელთან. სიტი უფრო სტაბილური იყო და როგორც კლოპმა აღნიშნა, ამ დონეზე უკვე ორი წელიწადია დგანან. სიტიმ შეძლო ეს, მიუხედავად იმისა, რომ ლამის მთელი სეზონი ლიდერის, კევინ დე ბრუინის გარეშე ჩაატარეს.

დე ბრუინი მიიჩნევს, რომ მომავალ სეზონში ეს ორი გუნდი მსგავს შედეგს ვეღარ გაიმეორებს. შესაძლოა, გამარჯვებისთვის 85 ქულაც გვეყოსო - დასძენს ბელგიელი.
საერთოდ, ბოლო დროს სიტი-ლივერპულის დაპირისპირებამ სხვა განზომილებაში გადაიყვანა პრემიერლიგა. „ოქროს ეპოქაც“ კი დაარქვეს ბრიტანეთში მათ პაექრობას.

სიტი ისევ ტიტულის მთავრესი კანდიდატია, თუმცა ურთიერთშეხვედრებში მერსისაიდელები ჯობნიან. კლოპი ერთადერთი მწვრთნელია პრემიერლიგაში, რომელსაც გვარდიოლასთან შეხვედრების დადებითი ბალანსი  აქვს.

როდრის დამატებით, სიტი ახალ სეზონს მნიშვნელოვნად გაძლიერებული ხვდება. გვარდიოლა მას მსოფლიოს საუკეთესო საყრდენს უწოდებს. მან ჩინებულად წარმოაჩინა თავი სეზონისწინა მატჩებში და ჩანს, ადაპტაციის პრობლემა არ აქვს.
ლივერპულს, ფაქტობრივად არავინ უიყიდია, 16-17 წლის ბიჭების გარდა. თუმცა, კლოპი მიიჩნევს, რომ ჯო გომესის, ადამ ლალნას და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის ტრავმებისგან განკურნება და მთვარ გუნდში დაბრუნება, ახალი ფეხბურთელების დამატების ტოლფასია.

მეორეც. შესაძლოა, გუნდში არსებული ფანტასტიკური ურთიერთობის დარღვევა არ უნდა. აკი თქვა კიდეც: ეს ლივერპული საუკეთესო შემადგენლობაა ვისთნაც კი ოდესმე მიმუშავიაო.

მოკლედ, ძალიან საინტერესო ტურნირი დღეს საღამოს აიღებს სტარტს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.