ილაის წიგნი. NBA. გუნდების რეიტინგი. 1. მილუოკი

მილუოკიში ბაქსმა უნდა მოიგოს. ან, იანისიც წავა და გუნდი ილაის წიგნის პერსონაჟივით, ფერფლის და იმედგაცრუების გზაზე დადგება.

2018-2019 რეგულარულის შედეგი60:22.

მნიშვნელოვანი მატება: რობინ ლოპესი, უესლი მეთიუზი.  

მნიშვნელოვანი დანაკარგი: მალკოლმ ბროგდონი, ნიკოლა მიროტიჩი.

 

ლიგა იცვლება. წრე შეიკრა და გუნდები ძველ დროში ბრუნდებიან. ყველა ვერ გაუძლებს ცდუნებას და ყველა ვერ გააკეთებს აქცენტს მაღალ, მძიმე მოთამაშეებზე, რომლებიც სამწამიანში უნდა იდგნენ და ხიდან ფოთლები დააგემოვნონ. ეს დინოზავრები არ გამოვლენ პერიმეტრზე და ეს დინოზავრები არ ამოგყვებიან, რომ გაცვლის შედეგად დაბალ მოთამაშეზე აღმოჩნდნენ. ეს დინოზავრები საკუთარ ტერიტორიაზე მიგიღებენ, რომ იქ, ტალახში დაგმარხონ. მილუოკიმ დაიმატა რობინ ლოპესი. მეორე ვადით დაკონტრაქტებული ბრუქ ლოპესის ძმა, რომელიც სამწამიანის იქით არ იყურება და იქ, რაპტორების ტერიტორიაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. გუნდმა დაკარგა მალკოლმ ბროგდონი და ბიჭი ბაქსის მეორე საუკეთესო მოთამაშე იყო. ბროგდონის გარეშე პირველ შეტევაში ბურთს სხვა დაბლები ვერ აიტანენ. ბროგდონი თავის ნიჭს ინდიანას აჩუქებს. და მილუოკი, რომელიც რეგულარულის მთავარი ფავორიტია, მონსტრზე იქნება დამოკიდებული. ეს მონსტრი ნადირობას იწყებს. ეს მონსტრი მშიერია.

მილუოკი ერთმა დრაფტმა შეცვალა. იმ დრაფტიდან გუნდი მდიდარი დაბრუნდა. მილუოკიმ იცოდა, რომ კიდევ ერთი არასწორი სვლა გუნდს რამდენიმე წელიწადს გაუჩერებდა, გმაყინვარების ეპოქაში დატოვებდა, მომავალს წაართმევდა. მილუოკი ამ ბიჭს ელოდებოდა და ყველაფერი კარგად დასრულდა. ის არ იყო სპრინტერივით სწრაფი პირველი ნომერი, რომელიც ბურთს ჯეისონ კიდივით ატარებდა და ხანდახან, საკუთარ თავს ასწრებდა. ის არ იყო სანდო მსროლელი, რომელიც გარედან მოწინააღმდეგეს რეი ალენივით ან რეჯი მილერივით ატკენდა. ის არ იყო ნეოლითიდან წამოსული დინოზავრი მეოთხე ნომერი, რომელიც ლეგენდარული ტიმ დანკანივიით მხოლოდ სამწამიანში გაჩერდებოდა და მაინც მოგიგებდა. და, ალბათ, ის არ იყო კლასიკური მეხუთე ნომერი, რომელიც ოპერირებას მხოლოდ სამწამიანში დაიწყებდა და დიდი უკანალით პოზიციას მოგიგებდა. ის ამ ყველა, ან, თითქმის ყველა (მეორე ნომრის სროლის გარდა) ნიჭს აერთიანებდა. მილუოკიმ აირჩია უნივერსალი, რომელმაც შეცვალა გუნდი, ლიგა და კალათბურთი. მილუოკიმ აირჩია იანის ანტეტოკუმპო. მონსტრი ბავშვის სახით.

კალათბურთი არ დგას. იანისი ვერ ჩერდება. მილუოკის ლიდერის თამაში არის ვულკანი, რომელიც აუცილებლად დაგფარავს და ლავა დაგწვავს, დაგმარხავს, შენ არავის არ გაახსენდები და იანისის მოგზაურობა გაგრძელდება. ანტეტოკუმპო ახალი თაობის მონსტრია. ადრე, ისინი, მონსტრები არ იყვნენ ასეთი დახვეწილები და მრავალმხრივები. ადრე მათ ერთი სიცოცხლე ჰქონდათ. დღეს, მონსტრებს, იანისს, კავაის, ლებრონს ბევრი სიცოცხლე აქვთ. და ისინი არ კვდებიან. იცვლებიან გენერაციები და ისინი ბრძოლის ველზე ამაყად დგანან და ახალ არმიას ელოდებიან. ის არმიაც განადგურდება და მონსტრები მოიწყენენ. იანისმა რამდენიმე ომი მოიგო, მაგრამ ბიჭმა იცის, რომ მთავარი ბრძოლა ჯერ არ დაწყებულა. დაუნდობელი ბრძოლა ჩემპიონობისთვის. იმ არენაზე შესვლა რთულია. ეს უნდა დაიმსახურო. უნდა შეასკდე რამდენიმე ღონიერ ახალგაზრდას, რომლებიც დანით, სამართებლით, კასტეტით, ყველა დაუშვებელი ხერხით ეცდებიან შენს გაჩერებას. და მონსტრი აუცილებლად მზად უნდა იყოს. იანისმა ეს კავაისთან წაგების შემდეგ გაიგო. კავაი უკვე სხვა კონტინეტზეა. კავაიმ იქ მოიწყინა. და იანისი მას მხოლოდ იმ, დიდ ბრძოლაში თუ შეხვდება. დიდი ბრძოლა ორი უკვდავის მონაწილეობით. ბიჭები კიდევ ერთხელ დადგებიან ერთმანეთის წინაშე და დაიწყება ჩეხვა. რომლის შემდეგ კორონერები კიდევ ბევრ გვამს გაიტანენ. ასე იყო. ასე იქნება. ეს არ და ვერ  შეიცვლება. და მილუოკი ახალ დონეზე გადასასვლელად მზად არის.

მილუოკიში იანისი მთელი გუნდია. სხვები იქ მხოლოდ ნარჩენებს იღებენ.

მილუოკიში იანისი სიცოცხლეა. და როგორც თანოსი, ის მხოლოდ ღირსეულებს დაიტოვებს.

მილუოკიში ბაქსმა უნდა მოიგოს. ან, იანისიც წავა და გუნდი ილაის წიგნის პერსონაჟივით, ფერფლის და იმედგაცრუების გზაზე დადგება.

ეს იანისის წიგნია.

რომელიც ბიჭს ილაივით სხვებისთვის, მხოლოდ ღირსეულებისთვის მიაქვს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.