ქართველებიც გაიხსენებენ: 40 წელი ფახთაქორის ტრაგედიიდან

11 აგვისტოს 40 წელი გახდება ტაშკენტის ფახთაქორის ავიაკატასტროფიდან. 1979-ის ზაფხულის ერთ დღეს ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა და ჯამში 178 ადამიანი  გარდაიცვალა.

მათ შორის, ფახთაქორის 17 ფეხბურთელი. ტრაგედია ქალაქ დნეპროძერჟინსკის თავზე, დაახლოებით 8 500 მეტრ სიმაღლეზე მოხდა.  

 

საერთო აზრით, ფახთაქორს ასეთი კარგი გუნდი არც მანამდე ჰყოლია და არც მას შემდეგ. განსაკუთრებით გამოარჩევდნენ ორ გარდაცვლილ ფეხბურთელს, რომლებიც საბჭოეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც თამაშობდნენ: ვლადიმირ ფიოდოროვსა და მიხაილ ანს.   

 

აი, რას ჰყვება მაშინდელი ფახთაქორის ფეხბურთელი ტულიაგან ისაკოვი: "ტრავმა მქონდა. 8 აგვისტოს ზორიასთან 3:1 მოგების მერე ბიჭებთან გასახდელში შევედი, გამარჯვება მივულოცე. 11-ში გუნდი მინსკის დინამოსთან სათამაშოდ გაფრინდა... ამ საშინელების შესახებ მეორე დღეს გავიგე. არავითარი მკურნალობა. ტრავმა ტრავმად დარჩა. კარიერა მაშინვე დავამთავრე. 30 წლის ვიყავი და ხუთი წელი კიდევ შეიძლებოდა მეთამაშა, მაგრამ ვთქვი: არ მინდა!".


 

საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ფახთაქორი სამი წლის განმავლობაში უმაღლესი ლიგიდან არ გავარდებოდა. ამასთან, სხვადასხვა კლუბებმა ფეხბურთელები გააგზავნეს ფახთაქორში სათამაშოდ. მათ შორის, თბილისის დინამოდან გადავიდა ზურაბ წერეთელი და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიც გახდა.   

 

ოდნავ მოგვიანებით, 1980 წელს ფახთაქორში მანუჩარ მაჩაიძემაც ითამაშა. 1980 წლის სეზონი იქ დაასრულა და მეორე წელს გადავიდა მოსკოვის სპარტაკში.     

 

გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ, ტაშკენტში ამხანაგური მატჩი გაიმართება: ფახთაქორისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის. ფახთაქორს, როგორც იცით, შოთა არველაძე წვრთნის და გუნდი ჩემპიონატს ლიდერობს. თუმცა ამჯერად ვეტერანთა გუნდების თამაშია.  

 

ყოფილი საბჭოეთის ნაკრებში კი ქართველებიც ითამაშებენ: ოთარ გაბელია, ალექსანდრე ჩივაძე და ვლადიმერ გუცაევი. სია უზბეკურ Uzreport-ზე გამოქვეყნდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.