ალონზო, რომელმაც შეცვალა სამყარო

იმ სეზონის შემდეგ მურნინგმა კარიერა დაამთავრა. კარიერა, რომელიც ღირსეული კაცის ღირსეული მონაპოვარი გახდა. 

NBA Top 50. ალონზო მურნინგი

კარიერა: 1993-1995 (შარლოტი), 1995-2002 (მაიამი), 2003-2005 (ნიუ ჯერსი), 2005-2008 (მაიამი).

NBA-ს ჩემპიონი (2006).

საუკეთესო დამცველი  (1999, 2000)

ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე (7)

სტატისტიკა: 17.1 (14 311) ქულა, 8.5 (7 137) მოხსნა, 2.8 (2 356) დაფარება.

 

პატ რაილი და ბრიოლინი. ლეგენდარული მწვრთნელის და წარმატებული პრეზიდენტის მაფიოზური ეფექტი. ტიმ ჰარდევეის ჭირვეული ხასიათი და ვოშონ ლენარდის პრობლემები ალკოჰოლთან. ჯამალ მაშბურნის ფსევდოვარსკვლავობა და დენ მარლის სიჯიუტე. ეს იყო 90-იანების მეორე ნახევრის მაიამი ჰიტი, რომელსაც არ გაუმართლა. რომ იმ წლებში, იმავე კონფერენციაში ჩიკაგო ბულზი და მაიკლ ჯორდანი უკრავდნენ. ის გუნდი ყოველთვის სხვაზე ბასრი და დაუნდობელი იყო. და ის მაჩეტე მთელ ლიგას ჭრიდა. ის ჩიკაგო სისხლით ვერ ძღებოდა და უთვალავი ტრილიონი ზუსტი სროლის და ელეგანტური პასის შემდეგ, იმ ჩიკაგოს მაინც მეტი უნდოდა. მაიამი ელოდებოდა. და მაიამისთან ერთად, თავის შანსს ერთი ჯარისკაცი ელოდებოდა. რომელიც ერთგულად იცავდა საკუთარ ტერიტორიას, მაგრამ ხანდახან, ძირითადად ბულზთან ან პატრიკ იუინგის ნიქსთან, უძლური იყო. ის ჯარისკაცი სეზონს ბევრი ჭრილობით ამთავრებდა. და ადიოდა საკუთარ ბაღებში, სადაც სიმწვანეში, სიჩუმეში ისვენებდა და ახსენდებოდა მეგობრის სიტყვები - გახსოვდეს, რომ შენ შეგიძლია სამყაროს შეცვლა. შენ განსაკუთრებული ხარ. უბრალოდ, გჯეროდეს. უბრალოდ, გჯეროდეს...

ალონზო მურნინგი მაიამი ჰიტის კედელი გახდა.

ზო ორჯერ დაასახელეს სეზონის საუკეთესო დამცველად. იმ პერიოდში, საუკეთესო დამცველად ძირითადად, ცენტრს ან, უბრალოდ, მაღალ მოთამაშეს ასახელბდნენ. 1989 წლიდან, როდესაც ლიგის საუკეთესო დამცველი დეტროიტის ფორვარდი დენის როდმანი გახდა, მხოლოდ ერთხელ გადაჯოკრა პატარამ. 1996. ბაობაბების ტყეში გარი პეიტონი გამოარჩიეს. მეტსახელად - ხაფანგი. და ეს ტრადიცია 2002 წლამდე გაგრძელდა. ამ სერიაში მოხვდა ალონზო მურნინგიც. 1999-2000 წლები. ეს ზოს სამყარო, მისი უბანი, მისი წესები იყო.

მურნინგი ითვლებოდა ცენტრად. და, რეალურად, ის იყო ძალიან კარგი კომპლექციის მქონე მძიმე ფორვარდი კლასიკური მეხუთე ნომრის კალათბურთით. მურნინგი სიმაღლით (209) სხვა ბეჰემოტებთან (დევიდ რობინსონი, პატ იუინგი, ახალგაზრდა შაკი, ჰაკიმ ოლაჯუონი) აგებდა. და 6-7 სანტიმეტრის ამოღებას ის მეტრონომივით ზუსტი დაცვით და ინსტინქტებით ცდილობდა. ზომ დაიწყო მოგება. ზომ დაიწყო დაცვის სხვაზე უკეთ თამაში. ზოს დაცვა გახდა საილენთ ჰილი, სადაც ყველა სტუმარი ფერფლის წვიმაში ხვდებოდა და იქ სიცივე, სიკვდილი იყო. იმ სიკვდილს ეწერა - Mourning.

ზოს რთული მისია ჰქონდა. ლიგაში დომიმანტი ცენტრების ეპოქა, მათი რენესანსი დაიწყო.

ზოს უნდა დაეჭირა ადმირალი და დევიდ რობინსონი მურნინგზე მაღალი, მოქნილი და უკეთესი იყო. რობინსონი ადიოდა პერიმეტრზე, არ ისროდა სამიანს, მაგრამ 4-5 მეტრიდან აგდებდა და თუ იქ საცობი იყო, დევიდი სამწამიანიდანაც გკლავდა. მურნინგმა გაუძლო.

ზოს უნდა დაეჭირა ჰაკიმი და ოლაჯუონი მურნინგზე სწრაფი, აგრესიული შემტევი და უნიკალური დამცველი იყო. ოლაჯუონიც ადიოდა პერიმეტრზე, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სნაიპერებისთვის გარედან მეტი სივრცე მიეცა. ოლაჯუონი ცეკვავდა და ზოს ცეკვა არ უყვარდა.

ზოს უნდა დაეჭირა პატრიკ იუინგი და იუინგი მურნინგზე ღონიერი, მიმწოლი და აგრესიული იყო. ნიქსის ცენტრს ზოზე უკეთესი საშუალო სროლა ჰქონდა და იუინგს არ უყვარდა პერიმეტრზე ასვლა. ის გარედან ისროდა, მაგრამ სამწამიანშიც მაგარს იჩეხებოდა. კლასიკა.

ზოს უნდა დაეჭირა შაკი. რომელიც ლიგაში მურნინგთან ერთად (1992/1993 წლების სეზონი) მივიდა და იმ, ბიჭების პირველი პროფესიული წლის საუკეთესო ახალბედად ალონზო არ დაასახელეს. შაკი არ იცნობდა პერიმეტრს და შაკი სამწამიანშიც საკმარისი იყო. ზოს ტერორი.

ჯორდანის გამო მურნინგმა დაკარგა ჩემპიონობის შანსი და თანდაყოლილი უიღბლობით, მურნინგმა 2000-ში დაკარგა თირკმელი. ექიმებმა ზოს მანამდე, გაცილებით ადრე ურჩიეს თირკმლის გადანერგვა, მაგრამ ოპერაციის შემდეგ ზოს უნდა აეღო საკაიფო პაუზა და დიდი ალბათობით, ღონიერი კაცი კარიერას დაასრულებდა. მურნინგმა კალათბურთით ვერ გარისკა და კინაღამ, საკუთარი სიცოცხლით გარისკა. ზო გადარჩა. რთული ოპერაცია, რთული პერიოდი ოპერაციის შემდეგ და მურნინგის მეგობრები უკვე მისი კარიერის დასრულებაზე საუბრობდნენ. და, ალონზო დაბრუნდა. კალათბურთის გარეშე ცხოვრება მისთვის სიკვდილი იყო.

თირკმლის დონორი მალევე გამოჩნდა და ოპერაციიდან 6 კვირაში (აზრზე ხართ, 6 კვირაში!) ალონზო უკვე დარბაზში იყო. ასკდებოდა რკინას, ტრენაჟორებს კალათბურთზე ესაუბრებოდა და შემდეგი სეზონისთვის ემზადებოდა. ექიმებმა პასუხისმგებლობა მოიხსნეს. ალონზო ზედმეტად ჯიუტი და მონდომებული იყო. და მურნინგს უყვარდა კალათბურთი. ცალი თირკმლით თუ სხვისი ორგანოთი, ალონზო კალათბურთს არ მიატოვებდა. ის წავიდა რისკზე და ალონზომ მიიღო ის, რაც ბევრისთის აუხდენელ ოცნებად დარჩა.

იოგა, აუზი, მსუბუქი ვარჯიშები, გაზრდილი დატვირთვები, ჯოჯოხეთი დარბაზში და ჯოჯოხეთი ძილის წინ, როდესაც ტკივილი ტონობით მოდიოდა და არ ტოვებდა ალონზოს გაკერილ სხეულს. მურნინგის ადგილზე სხვა გაჩერდებოდა, დროს და ას მილიონ დოლარს ოჯახს დაუთმობდა, მაგრამ მურნინგი არასოდეს არ თმობდა. ის ბოლომდე მიდიოდა და ის ამ ბრძოლაშიც ბოლომდე გავიდა. როგორც მიკი რურკის გმირი რესტლერში. იმ გმირმა იცის, რომ დატვირთვების გაზრდის შემთხვევაში, მისი გული გაჩერდება, მაგრამ ეს მისი სამყაროა, ეს მისი გუნდია და აქ მას აფასებენ და ადამიანად თვლიან. ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო მურნინგთან. ზოს უყვარდა კალათბურთი და ზო დაიკარგებოდა კალათბურთის გარეშე.

მურნინგმა გარისკა.

კარიერის განმავლობაში ალონზომ ხუთჯერ გაიწყვიტა მუხლის მყესები. ალონზოს ორჯერ გაუტეხეს ცხვირი და სამჯერ - სახის ძვალი, რის გამოც ზო გარკვეული პერიოდი ნიღბით თამაშობდა. ალონზოს ამოუვარდა ხელი და იქვე, თამაშის დროს ჩაისვა. ალონზოს 9 ოპერაცია დასჭირდა. რომ კალათბურთში დაბრუნებულიყო. რომ გულშემატკივრებს მისთვის ხაზი არ გადაესვათ. რომ კალათბურთთან მეგობრობა შეენარჩუნებინა. ეს ზოს პატარა სამოთხე იყო. რომელსაც ღონიერი ბიჭი უფრთხილდებოდა. და აქ ქაოსის შეტანა მისთვის მიუღებელი იყო.

და ალონზომ მოიგო. ის, რაზეც ოცნებოდა. ის, რაც ბევრისთვის ილუზიაა. ის, რაც უფრო ზღაპრულია, ვიდრე ედვარდ ნორტონის ილუზიონისტის სამყარო. ის, რაც არის NBA-ს ჩემპიონობა. ის, რაც უნდა დააფასო და რისთვისაც უნდა იომო.

მურნინგმა ერთი წელიწადი გამოტოვა. მურნინგი ნიუ ჯერსიში დაბრუნდა. და ზო საყვარელი მაიამის ზარს ელოდებოდა. მას არ ჰქონდა ჩემპიონობის იმედი. უბრალოდ, კარიერის დასრულება პატ რაილისთან ერთად უნდოდა. ტიმი, ვოშონი, დენი და ჯამალი აღარ თამაშობდნენ, მაგრამ ზოს გული მაიამიში იყო. მორიდებულმა გიგანტმა ერთხელაც ვერ დაურეკა რაილის. და ჰიტის ბოსი ზოსთან დარეკვას ერიდებოდა. ძველი მეგობარი ჯერ მზად არ იყო. რაილი რეგულარულად ეცნობოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და როგორც კი გადაწყდა, რომ ალოზო ითამაშებდა, მურნინგს რაილის მდივანმა დაურეკა - სერ, თქვენ მაიამიში გელოდებიან. 2005 წლის 1 მარტს ალონზო მურნინგი დაბრუნდა ჰიტში. რაილისთან.

ის გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოდა. იმ გუნდში იყო ახალგაზრდა დუეინ უეიდი და იმ გუნდში ზოს ძველი მეგობარი და ერთ-ერთი პრინციპული მოწინააღმდეგე, შაკი დახვდა. მურნინგი შაკის შემცვლელი გახდა. და მურნინგმა ჰიტს აგრესია, ნეანდერტალური ლტოლვა დაუბრუნა. ის, რაც მაიამის აკლდა. ზოს გარდა, ჰიტმა დაიკონტრაქტა ვეტერანები გარი პეიტონი, ენტუან უოკერი და ჯეისონ უილიამსი. ჭრელი ბანდა.

მაიამი ჩემპიონი გახდა.

სერია, რომელშიც ფავორიტი დირკ ნოვიცკი და დალასი იყვნენ, ჰიტმა 0:2-დან წამოიღო და 4:2 დასვა. იმ სერიაში ალონზომ ლიმიტირებული დრო მიიღო. იმ სერიაში მურნინგი საშუალოდ მხოლოდ 4.3 ქულას, 3.2 მოხსნას და 1.5 დაფარებას აგროვებდა. დაცვაში ყველაფერი იდეალურად იყო. ზო კლდესავით იდგა.

და მაიამიმ გაძლო. და მაიამიმ დალასი დაამტვრია. ის მაიამი ზოს კარიერის ჰიტი გახდა.

არასოდეს არ ვყოფილვარ აღმოსავლეთის გულშემატკივარი, არასოდეს არ მომწონდა რაილის ზედმეტად ხმაურიანი გუნდები, მაგრამ იმ სეზონში მე ჰიტი ვიყავი.

იმ სეზონში მე ალონზოს ჩემპიონობა მინდოდა.

იმ სეზონში ღმერთებმა მურნინგს თავი დაუხარეს და ალონზომ დაისვენა.

კლდე დაიღალა და იმ სეზონის შემდეგ მურნინგმა კარიერა დაამთავრა. კარიერა, რომელიც ღირსეული კაცის ღირსეული მონაპოვარი გახდა. მურნინგმა შეცვალა სამყარო. ზო დიდი იყო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.