ნოდარ აკობია: მშიერი როგორ უნდა დატვირთო?

თბილისის დინამო და საბურთალო: ორი გუნდი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, მაგრამ სხვადასხვა დონის მეტოქე ჰყავთ და გასვლის შანსიც სხვადასხვა აქვთ. 

განვლილი თამაშები ცნობილ მწვრთნელ ნოდარ აკობიას შევაფასებინეთ. სხვა საინტერესო საკითხებსაც შევეხეთ.

 

აკობია 70 წლის გახლავთ და ბოლოს ზუგდიდში არსებულ სფფ–ის აკადემიაში მუშაობდა, მანამდე კი არაერთი კლუბი და ასაკობრივი ნაკრები გამოიცვალა. მწვრთნელობის თითქმის 45–წლიანი სტაჟი აქვს:

 

საბურთალოთი დავიწყოთ. ერევანში პირველი ტაიმი ცუდი იყო და მეორე ნახევარში მკვეთრად შეიცვალა სურათი. რის ხარჯზე?

 

ვფიქრობ, სწორი თამაშით და არარატის შეცდომებითაც. სომხებმა იფიქრეს, რომ საქმე გაკეთებული ჰქონდათ და თითქოს მოეშვნენ.  საბურთალოს აქვს დაყენებული თამაში, კარგად გადადიან შეტევაში, უაზროდ არ იგერიებენ ბურთს. იციან, პარტნიორი სად იქნება. მიმართულებებს ეძებენ. ბურთის კონტროლი შეუძლიათ. რა თქმა უნდა, არის რაღაცეები, რაც საბურთალოს მოქმედებებში არ მომწონს.

 

მაგალითად?

 

ფლანგელი მცველები თავით ცუდად თამაშობენ. ასევე ვფიქრობ, ზოგიერთი ფეხბურთელი შესაძლებლობების ზღვარზეა და მეტი არ შუძლიათ. მაინც ვშიშობ საპასუხო მატჩის წინ: სომხები სახიფათონი არიან, წაგებას იოლად არ ეგუებიან–ხოლმე. გამოცდილებით ვიცი.

 

ჭიაბრიშვილმა მეორე ტაიმში გიორგი მარგველაშვილის შეყვანით ტაქტიკური სქემაც შეცვალა. ამან გადამწყვეტი როლი შეასრულა?

 

არა მგონია. უბრალოდ ჩანდა, რომ საბურთალოს თამაში წაუვიდა და უნდა გაგვეტანა. ეფექტი მოიტანა ფლანგელი მცველების ჩართვებმა. ლოგიკურია, რომ სანდრო ალთუნაშვილმა და ლევან ყენიამ გაიტანეს. ვფიქრობ, ისინი ყველაზე მეტი იმპროვიზაციით გამოირჩევიან.

 

ფეიენოორდი–დინამო...

 

დავიწყოთ იმით, რომ ფეიენოორდის დონის გუნდებთან თამაშის გამოცდილება არ გვაქვს. ეროვნული ჩემპიონატის დონესთან ცა და დედამიწაა. დიდი სხვაობა იყო სათამაშო აზროვნებაში, ტემპში. სინისტერამ და ლარსონმა ჩვენი ფლანგელი მცველები, ფაქტობრივად, გამოთიშეს. პირველი გოლი ყველაფერს გამოხატავდა. ჰოლანდიელებმა ისე სწრაფად და ჭკვიანურად გაათამაშეს ბურთი, რომ დინამოსთვის ეს რაღაც ახალი იყო.

 

...იცით, რა გააკეთა ცხონებულმა ნოდარ ახალკაცმა 90–იანი წლების დასაწყისში? როცა ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, შემოიარა მთელი საქართველო, დაათვალიერა სტადიონები და როცა ცუდი სურათი ნახა, უცებ გადაწყვიტა, რომ შემჭიდროებული კალენდარი შემოეღო: თამშები ყოველ მეოთხე დღეს. რატომ? გუნდებს არ ჰქონდათ სავარჯიშო პირობები და მინდვრები, ამიტომაც, თამაშებით უნდა ამოევსოთ. ინტენსივობა იყო საჭირო.

 

თამაშები ახლაც ხშირადაა, 36 ტური ცოტა არაა.

 

კი ბატონო, მე სხვა რამეზე ვამახვილებ ყურადღებას. კლუბები მაქსიმალურად უნდა ეცადნონ, რომ ძლიერ გუნდებთან გამართონ ამხანაგურები. ეს უცხოურ შეკრებაზე. აქ უკვე გლობალურ პრობლემებს ვაწყდებით. მაინც ვფიქრობ, რომ დინამოს უკეთ თამაში შეეძლო, ყველა ფეხბურთელის რესურსი სწორად რომ გამოყენებულიყო.

 

დაცვიდან დავიწყოთ.

 

კობოური ცენტრალური მცველი არაა. მის შესაძლებლობებს ვიცნობ, ფლანგელი მცველია. თუმცა მარცხნივ ქიმაძეა, რომელსაც აქვს ტექნიკა და წინ კარგად ერთვება, მაგრამ დაცვაში ისეთი ვერ არის. ქიმაძეც და რუხაიაც, უკვე ვთქვი, დაიჩაგრნენ. შედარებით უკეთესია ესპანელი მონხილი, მას ცენტრალური მცველის ყველა მონაცემები აქვს.

 

...ნახევარდაცვაში ნინუაც მომწონს და პაპავაც, მაგრამ ყველაფერს ნელა აკეთებდნენ. არადა, სწრაფი აზროვნებაა საჭირო.

 

...გამიკვირდა, წინ ორი ფორვარდის გარეშე რატომ ვითამაშეთ. აკაკი შულაიაზე: რამდენი წელია, რაც ეს ბიჭი გამოჩნდა და არ მახსოვს, რომელიმე მწვრთნელს თავის პოზიციაზე დაეყენებინოს. შულაია ცენტრალური თავდამსხმელია! საამისო თვისებები აქვს. გარემარბობა არ დაიჯეროთ, მისი პოზიცია არაა. წინ ბრძოლა შეუძლია, სწრაფია, გატანა იცის. ჩემი პირადი აზრია, მეტი არაფერი.

 

...კუხიანიძე ტიპიური ნახევარმცველია,ხოლო კუტალიას პოზიცია თავდამსხმელის ოდნავ უკანაა. კუტალია პროფესიონალია, რასაც დაავალებ, შეეცდება მაქსიმალურად გააკეთოს, მაგრამ გამოკვეთილი თავდამსხმელი არაა. ქავთარაძეს რაც შეეხება, სწრაფი ბიჭია, აქვს ეს პლუსი, თუმცა ფეიენოორდის დონის გუნდებთან გაუჭირდება.

 

...არადა, სკამზე იყვნენ კარიკარი და დაფე. საკვირველია. დაფე საერთოდ არ შეიყვანეს, კარიკარი კი ბოლოს ათამაშეს. ორივენი თავდამსხმელები არიან და ისინი უნდა გამოეყენებინათ.  

 

...საერთოდ, თუ უკეთ თამაში გვსურს, ჯერ ეროვნული ჩემპიონატის დონე უნდა ამაღლდეს. როცა ეს იქნება, მერე უკვე შეიძლება ფეიენოორდთან სწორ გუნდურ თამაშზე და სწრაფ აზროვნებაზე გათვლა.

 

სამწუხაროდ, დონის ამაღლება მალე ვერ ხერხდება. აკადემიებია საჭირო, მაგრამ ყველა რეგიონში აშენებას დრო სჭირდება.  

 

აკადემიები. რაც შეიძლება ბევრი! თუნდაც ზუგდიდში მუშაობისას  დავინახე, რა სხვაობაა აკადემიაში და ქუჩაში გაზრდილ ბიჭებს შორის. სწორი და დროული კვება, დროულად დაძინება და გაღვიძება... მშიერ ბავშვს როგორ აათამაშებ? 14–15 წლის მოზარდს უკვე დატვირთვები უნდა მისცე და როგორ, როცა უჭმელია?! ბევრი ვიცი, მშობლები უცხოეთში ჰყავთ და ქუჩაში არიან. ასეთები გვყავდა აკადემიაში, მოვიყვანეთ და სულ სხვა დონეზე ათამაშდნენ. დილით 7 საათზე გვქონდა ვარჯიში და საღამოს კიდევ მეორე. ვფიქრობ, დღეში ერთი ვარჯიში ცოტაა.   




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.