ვი-ეი-აააარ!

თამაშგარეები, პენალტები, გაუქმებული გოლები, ამბავი და მეობა

პრემიერლიგა დამშეულად და უკანმოუხედავად დაიწყო: მოწინავე გუნდებმა გოლები მიაყარეს. სიტი და ლივერპული იქაა, ტოტენჰემმაც ივარგა და მანჩესტერ იუნაიტედმაც სრულიად მოულოდნელად ოთხით ნული მოუგო ჩელსის, რომელსაც პირველ ტაიმში ნამდვილად ვერ სჯობდა, მაგრამ აჰა. კი ჩამწარდა ფრენკს, ფრენკის ძეს პირველი საპრემიერლიგო დღე.

 

მოკლედ,დაიწყო და დაიწყო.

 

შაბათ ღამის გადაცემაში წამყვანი გარი ლინეკერი იან რაიტს და ალან შირერს დაეკითხა, ჩემპიონობის უპირველეს ფავორიტად ვის ხედავთო და ორივემ, ლივერპულსო. ჯერ ერთი ტური მოთავდა და იქამდე აბა, რამდენი დროა, მაგრამ ასეო, მეტად შთამბეჭდავად კი გამოუვიდა კლოპის ხალხს ნორვიჩის მასპინძლობა. სიტისაც ნაკლები არ უქნია ვესტ ჰემთან სტუმრობისას. მეტიც გაიტანა, ხუთი, მაგრამ ლივერპულს ზურგს ჩემპიონთა თასი უმაგრებს. თავის მხრივ, სიტი ზედიზედ მესამე ჩემპიონობაზე მიდის.

 

პრემიერლიგა პარასკევს დაიწყო, ლივერპულის მოგებით და ეს გამოდგა ყველაზე მშვიდი თამაში. მშვიდი იმიტომ, რომ ინგლისმა დამხმარე ვიდეო მსაჯი შემოიღო და ერთი ეს ლივეპულ-ნორვიჩი იყო, ვიდეო მსაჯი რომ არ დასჭირვებია, თორემ სხვა დანარჩენი, მიყვა და მიყვააა... სამოცდაათიო, თუ რამდენი შემთხვევა გამოვიდა ამ პირველ ტურში?

 

დიდი წარამარაობა იყო. თამაშგარეები, პენალტები, გაუქმებული გოლები, ამბავი და მეობა. ინგლისმა, რა თქმა უნდა. თავისებური, უფრო დამღეჭავ-ამხსნელი, ხალხის ბოლომდე გამრკვევი გზა აირჩია და ამიტომ, პრემიერლიგის ოცი სტადიონიდან თვრამეტზე. ტაბლო საგანგბეოდ იტყობინება, ხსნის და აჩვენებს, აბა, რა, რატომ და როგორ. ასეთი ტაბლოები ჯერ არ არის ენფილდზე. და ოლდ ტრეფორდზე (კაი ადგილებში კი არ ყოფილა!) მაგრამ, სხვაგან სწორედ ტაბლო და ვიდეომსაჯი შეიქნა უმთავრესი სანახაობა. მაგალითად, ოლიმპიურ სტადიონზე, ვესტ. ჰემი რომ მდგმურობს, ორივე გუნდის ფანობა. ხმაშეწყობილად, ერთდროულად მღეროდა, უკლებლივ ყველა ჯარიმაზე: ვი-ეი-არ! ვი-ეი-ააარ

 

მთავარი კი ისაა, რომ ვიდეომსაჯი, რა თქმა უნდა, ყველგან მართალი იყო და საქმესაც წაადგა. თუმცა, ერთგვარად გულისგამაწვრილებელი კი გამოდგა, იმ მხრივ, რომ მაყურებელი მომეტებული ყურადღებით გასცქეროდა ტაბლოებს და რაღაცნაირი უცნაურობა გამოდიოდა, რახან თითქოს თამაშის ბედი იმ ტაბლოზე იყო დამოკიდებული ხალხი იქ ელოდა პასუხს ყოველ წვრილმანზე.

 

ბიბისიზე ტრიალებს ვიდეომსაჯობის არსის და წესების ვიდეორგოლი, სადაც შირერივე განმარტავს ყველაფერს. ძველი მსაჯებიც აღტაცებით ლაპარაკობენ, ნეტავ ჩვენს დროშიც ყოფილიყო, შეცდომებს გადავრჩებოდითო, მაგრამ სხვა აზრიც არის. უამისოდ როგორ იქნება.

 

ასეთ რამ თქვა რიო ფერდინანდმა: ფეხბურთის არსი რაშიაო და მის უბრალოებაშიო, მის უბრალოებას კი მისი წესების უბრალოება უმაგრებს ზურგსო. აბა, თუ გიფიქრიათ, ამერიკის გარეთ, ამერიკულ სპორტებს მარტო ერთეულები რად მისდევენ და უყურებენო. იმად რომაო, იმათი ბურთაობის და ბეისბოლის ისედაც რთული წესები, კიდევ იმდენად გართულდა დროთა განმავლობაში, რომ სანახაობა ძალიან წყვეტილია და მაგ წესებში გარკვევასაც იმდენი დრო უნდა, რომ ყურების მუღამი გეკარგებაო. ახლა, თუ ჩვენ ფეხბურთს ამ ტაბლოებით შევჭამთ, რაღა გამოვაო.

 

ძველი მსაჯი დერმოტ გალაჰერი კი ამბობს, გვეჩვევა ყველაფერი, ასეთი ამბავი აღარ იქნებაო. ვიდეომსაჯს მსოფლიო ფეხბურთში აღარავინ გააუქმებს, პრემიერლიგა ისედაც ორ წელიწადს იცადა და აკვირდებოდა სხვათა გამოცდილებას, მაგრამ, მგონი, აქ, ცოტა არ იყოს, ნამეტანი მოუვიდათ - თვალსაჩინოებას იმიტომ ჰქვია თვალსაჩინოება. რომ თვალი იმისკენ გარბის.

 

თუმცა, ჯერ პირველი ტური იყო, რომელიც დაახლოებით ისეთი იყო, ბიჭები ბრდღვნიან ყველაფერსო, რომ იტყვიან. მთავარი გმირი კი მაინც ვიდეომსაჯი გამოვდა. ვი-ეი-აააარ!