პახტაკორის 40

ამ დღეებში 40 წელიწადი შესრულდა იმ უნიჭიერესი გუნდის ავიაკატასტროფიდან

ფეხბურთის გუნდების დაღუპვის შესახებ ხშირად გვსმენია. მანჩესტერ იუნაიტედისა და ტორინოს ამბავს, ხომ არა-ერთხელ იხსენებენ დიდი სინანულით. არადა, ორივე გუნდი ტალანტებით იყო სავსე. ამბობენ, მანჩესტერს ასეთი ნიჭიერი თაობა, მერე, 90-იან წლებამდე აღარ ჰყოლიაო. ის ტორინო კი იტალიის ნაკრების საბაზო გუნდი გახლდათ.

ასევე იყო ტაშკენტის პახტაკორიც. ამ დღეებში 40 წელიწადი შესრულდა იმ უნიჭიერესი გუნდის ავიაკატასტროფიდან. ეს არის ისტორია, რომელსაც საბჭოთა რადიო-ტელევიზიები კარგა ხანს არ ახმაურებდნენ. ჩერნობილის ტრაგედიის არ იყოს. მაგრამ როდემდე დაიმალებოდა.

პახტაკორი არასოდეს ყოფილა საბჭოთა ფეხბურთის მოწინავეებს შორის. თუმცა, ჩანს, ეს ის შემთხვევა იყო, როცა ტაშკენტურ კლუბს კარგა ხნით შეეძლო ელიტაში აღმოჩენილიყო.

1977 წელს პახტაკორმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლესში გადავიდა. შემდეგ სეზონში გუნდს განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია და მე-11 ადგილი დაიკავა. იმ წელს ჩემპიონი თბილისის დინამო გახდა.

სპეციალისტებს უკვირდათ, ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელების კრებული როგორ ვერ აღწევდა წარმატებას. იფიქრეს და მწვრთნელად ოლეგ ბაზილევიჩი მიიყვანეს, რომელიც მაშინ კიევის დინამოში ვალერი ლობანოვსკის თანაშემწედ მუშაობდა.

გათვლამ გაამართლა. „პირველი ვარჯიშებიდავნვე მივხვდი, რომ ამ ბიჭებთან ერთად აუცილებლად მივაღწევდით წარმატებას. ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ფეხბურთელებმა თვიდანვე დაიჯერეს თამაშის ჩვენებური ხედვის და ტაქტიკური სიახლეებისა. თამაში აეწყო, ზედიზედ ხუთი მატჩი მოვიგეთ და ლიდერებს მივუახლოვდით. ეს დაუჯერებელი იყო.“ - იხსენებდა ბაზილევიჩი, რომელიც 80 წლისა, შარშან ოქტომბერში გარდაიცვალა.

 

მაგრამ ტრაგედიამ ყველაფერი შეცვალა.

1979 წლის 11 აგვისტოს დილით, გუნდი საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა. ცოტა ხანში მინსკში უნდა გაფრენილიყვნენ, ადგილობრივ დინამოსთან სათამაშოდ. იქ მივიდა მიხაილ ანიც, რომელიც იმ პერიოდის საბჭოთა ფეხბურთის ვარსკვლავად ითვლებოდა. მას ტრავმა აწუხებდა და მინსკში ვერ ითამაშებდა, მაგრამ პარტნიორებმა სთხოვეს, მათთან ერთად გაფრენილიყო საქომაგოდ. დათანხმდა...

ბაზაზე მივიდა 18 წლის სიროჟიდინ ბაზაროვიც, რომელიც წინა დღეს დუბლშემადგენლობასთან ერთად უნდა გაფრენილიყო, მაგრამ მისაღები გამოცდის გამო ვერ გაყვა გუნდს. ახლა კი ძირითდ გუნდთან ერთად მიემგზავრებოდა...

ვერ მიჰყვებოდა გუნდს ოლეგ ბაზილევიჩი. ის სოჭში  გახლდათ წასული ცოლ-შვილის მოსანახულებლად და ძირითდ გუნდს თამაშის წინ შეუერთდებოდა.

კიდევ ორი კაცი აკლდათ: მასაჟისტ ანატოლი დვორნიკოვს ჩაეძინა, მცველმა ანატოლი მოგილნ მ კი უბრალოდ დააგვიანა.

11:30-ზე თვითმფრინავი ტუ-134 აფრინდა. ბორტზე 84 მგზავრი იყო. აქედან 17 პახტაკორის მწვრთნელ-ფეხბურთელი და 12 ბავშვი.

მანამდე 20 წუთით ადრე, ჩელიაბინსკიდან კიდევ ერთი ტუ-134 კიშინიოვისკენ გაემართა. ამ ბორტზე, როგორც შემდეგ გაირკვა, სავარაუდოდ, პარტიული ბობოლები მგზავრობდნენ. მერე ჭორაობდნენ, არაკეთილმოსურნეებმა შეჯახება მათი გულისთვის მოაწყვესო, თუმცა ოფიციალურად ვერაფერი დაამტკიცეს.

13:17-ზე ორივე თვითმფრინავი შევიდა ზონაში, რომელსაც ხარკოვის რაიონული სადისპეჩერო აკონტროლებდა. ყველაზე დაძაბულ მონაკვეთზე გამოუცდელი ნიკოლაი ჟუკოვსკი და ვლადიმირ სუმსკოი მორიგეობდნენ.

 

ამ დროს ჟუკოვსკიმ შედცომა დაუშვა, რომელიც სუმსკოიმ ვეღარ გამოასწორა. სიხშირე შეეშალა და თვითმფრინავები ერთ დონეზე გასწორდნენ. ჯერ ფრთებით შეეჯახნენ ერთმანეთს, შემდეგ დატრიალდნენ და ჰაერშივე ნამსხვრევებად იქცნენ.

დაკრძალვისას, რომელსაც ლამის მთელი ტაშკენტი ესწრებოდა, ცინკის კუბოებში სილა და ქვები ეყარა. ფეხბურთელების სხეულები ისე იყო დაფლეთილ-დამწვარი, რომ ვერაფრით ამოიცნეს.

ამ ამბის შესახებ საბჭოთა მედია რამდენიმე დღეს დუმდა, მაგრამ ამხელა ტრაგედია სად დაიმალებოდა და ბოლოს იძულებულნი გახდნენ ეთქვათ. ჟუკოვსკი და სუმსკოი დააპატიმრეს. ახალგაზრდა ჟუკოვსკიმ შეცდომა, მისი მიზეზით ადამიანების დაღუპვა ვერ გადაიტანა  თავი მოიკლა.

ასეთი საშინელი ისტორიაა. მერე პახტაკორს ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, სამი წლით უმაღლეს ლიგაში ადგილი დაუჯავშნეს. ფეხბურთელები კი სხვადასხვა გუნდებიდან მიიწვიეს. მათ შორის, ქუთაისის ტორპოედოს შემტევი ზურაბ წერეთელი. ერთი წლის შემდეგ მათ ძმები მანუჩარ და გოჩა მაჩაიძეებიც შეუერთდნენ.