ჭიაბრიშვილი: მეტოქე შეგვიტევს, მაგრამ ანგარიშის შენარჩუნებაზე არ ვითამაშებთ

საბურთალოს მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია 

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საბურთალო ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას 14 აგვისტოს, მიხეილ მესხზე არარატ-არმენიასთან გამართავს. 

ზესტაფონის ბაზაზე, თბილისური გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. 

"არარატი კარგი გუნდია, ეროვნული გუნდების კანდიდატებით დაკომპლექტებული. მათი მწვრთნელიც ამბობს, რომ ბევრი ახალი ფეხბურთელი დაიმატეს. ერევანში გამართულ მატჩში რიგ ეპიზოდებში გაგვიმართლა.

ხვალინდელ შეხვედრაში მეტოქისგან აქტიურ შეტევებს ველით. მიუხედავად ამისა, ანგარიშის შენარჩუნების ნაცვლად ვეცდებით პირველ ნომრად ვითამაშოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ ბურთი ვაკონტროლოთ და მომენტები შევქმნათ, მსგავს მეტოქესთან სხვა გამოსავალი არ არსებობს. 

რამდენიმე ფეხბურთელს მსუბუქი ტრავმა აქვს, თუმცა ისინი 18-კაციან განაცხადში ალბათ იქნებიან. ვაგნერის მდგომარეობა ცოტა რთულია, ჯერჯერობით არ ვიცით შეძლებს თუ არა თამაშს. 

შერიფთან ჩატარებულმა საპასუხო შეხვედრამ დიდი გამოცდილება მოგვცა, დაგვანახა კონკრეტული შეცდომები, რომელზეც ვიმუშავეთ და შევეცდებით იგივე არ გავიმეოროთ. 


ვერ ვიტყვი, რომ არარატთან პირველ მატჩში ჩვენი ფეხბურთელები სათანადოდ არ მოემზადნენ, ანალოგიურად ვართ დღეს. გუნდში ფხიზელი განწყობაა და ყველა ფეხბურთელი საპასუხო მატჩზეა კონცენტრირებული. 

არ ვინტერესდები იმით, თუ რა თანხას გამოვიმუშავებთ ევროტურნირებზე გამოსვლისას. ეს კლუბის და უეფას საქმეა. ჩემთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ის, რომ, როცა კონკრეტული ფეხბურთელი მომწონს და მისი შეძენით ვინტერესდები, კლუბი მხარს მიჭერს და არასდროს მზღუდავს

გუნდი ძლიერდება, მაგრამ ლეგიონერებთან შედარებით უპირატესობას ადგილობრივ ფეხბურთელებს ვანიჭებ, ვინაიდან მათ ქართული საფეხბურთო მენტალიტეტის კარგად ესმით. საერთოდ, ვთვლი, რომ ნიჭიერი ერი ვართ და რესურსი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. 

გვაქვს რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვის ვარიანტი. რაც შეეხება ლეგიონერის დამატებას, ეს მხოლოდ ფინანსური და ქვეყნებს შორის ურთიერთობის საკითხი არ არის... მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ დავუკავშირდით ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს, რომლის შეძენაც გვსურდა და მან მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ითხოვა, პასუხი კი ასეთი იყო: "თქვენს თამაშებს ვუყურე და სტადიონზე ძალიან ცოტა ხალხი დადის"... კარგი ფეხბურთელი ზუსტად ასე უნდა ფიქრობდეს და ფინანსურის გარდა, სპორტული ინტერესიც ჰქონდეს. 

 

არ მომწონს უცხოელ ფეხბურთელებთან მიმართებაში არსებული პოლიტიკა: დავიმატოთ თავისუფალი აგენტი და შემდეგ ვნახოთ გამოგვადგება თუ არა. 

რა თქმა უნდა, ჯერ არარატთან არაფერი დასრულებულა, მაგრამ თუ ფლეი-ოფზე ვისაუბრებთ, დუდელანჟს მარტივ მეტოქედ არ მივიჩნევთ. შესაძლოა სხვა პოტენციურ მეტოქეებთან შედარებით, უფრო მეტი შანსი გვაქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენზე კარგი გუნდი იყოს. წინა სეზონში მათ ჯგუფში შესვლის კანდიდატად არავინ მიიჩნევდა, მაგრამ სენსაცია მოახდინეს და ფინალურ ეტაპზეც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. 


შესაძლოა ლევან ყენია 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის, მაგრამ მან არსებული ნიჭი და ტალანტი კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ამიტომ, ვეცდებით, რომ მისი სათამაშო უნარ-ჩვევები საჭირო მომენტში გამოვიყენოთ. 


სანდოხაძე კარგ ფორმაშია, მას არც ტრავმა ჰქონია და არც დიდხანს ყოფილა უთამაშებელი. ის უკვე ჩვენთან ერთად არის და ემზადება. მას თამაში ორ პოზიციაზე შეუძლია - მარჯვენა და მარცხენა ცენტრალური მცველის. აქამდე 3 ცენტრალური მცველით არასდროს მითამაშია, მაგრამ ევროტურნირებზე ამის საჭიროებას ნამდვილად ვხედავ. თანაც, თედორე გრიგალაშვილს ტრავმის გამო სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა და მის პოზიციაზე კონკურენცია აუცილებელია",-თქვა ჭიაბრიშვილმა




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.