იკარდი უარზეა, დრო იწურება 

არგენტინელის საორჭოფო საქმე 

 

თითქმის გადაწყვეტილია, რომ მაურო იკარდი მილანის ინტერს დატოვებს. ნერაძურიში მას სეზონის ბოლო მონაკვეთში აღარ ენდობოდნენ, ჯერ კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს, მერე კი სათამაშო ნომერი და სავარაუდოდ მის შემცვლელად ნაყიდ რომელუ ლუკაკუს გადაულოცეს. 


არგენტინელი თავდამსხმელი და მისი მეუღლე-აგენტი ვანდა ნარა ახალ სამსახურს ეძებენ და ვარიანტებს განიხილავენ.

 

როგორც იტალიურ პრესაში ხშირად იწერება, 26 წლის თავდამსხმელს რომაში წასვლის შესაძლებლობა აქვს, თუმცა ამას არც განიხილავს. 


Sportitalia წერს, რომ ჯალოროსიმ ინტერს ედინ ჯეკოს გაცვლა და 40-დან 50 მილიონამდე ევროს დამატება შესთავაზა, თუმცა თავად იკარდიმ მტკიცე უარი თქვა. მას რომაში ან ნაპოლიში გადასვლა არ ხიბლავს, რადგან მიზნად რანგით უფრო მაღალი დონის კლუბში თამაში სურს, ასეთი კი იტალიაში ერთია - ტურინის იუვენტუსი. 


ცნობილია ისიც, რომ მაურო ბებერ ქალბატონს უკვე შეუთანხმდა, ჯერი კი ინტერზეა


Sky Sport Italia-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თუ ბიანკონერიში ტრანსფერი არ შედგება და იკარდის არჩევა ნაპოლისა და რომას შორის მოუწევს, მაშინ უპირატესობას მგლებს მიანიჭებს, რადგან დედაქალაქი და რომაული აქტიური ცხოვრების წესი უფრო ხიბლავს. 


იკარდი, რომელმაც კაპიტნობა თებერვალში დაკარგა, ანტონიო კონტეს სიმპათიით არ სარგებლობს. იმ შემთხვევაში, თუ ორ კვირაში ის გუნდის დატოვებას ვერ შეძლებს, მომდევნო სატრანსფერო ფანჯარამდე უმეტესად სკამზე ჯდომა მოუწევს. 


არგენტინელი მილანურ კლუბში 2013 წლიდან ირიცხება და ამ დროში 124 გოლი გაიტანა, რა მაჩვენებლითაც ყველა დროის ბომბარდირთა შორის მერვე ადგილზეა.