დიდი იმედგაცრუება!

ნერვების ომი და მწარე მარცხი მიხეილ მესხზე 

 

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა საბურთალომ ქართველ გულშემატკივარს იმედი გაუცრუა. ევროპის ლიგა თბილისური კლუბისთვის ნაადრევად დასრულდა. გნებავთ ეიფორიას დააბრალეთ, გნებავთ მეტოქის შეუფასებლობას და გნებავთ გულშემატკივრის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომ წინ საუკეთესო შანსი გვიდევს და ჯგუფში შეუსვლელობა არ გვეპატიება, თუმცა ცხადია, რომ მიხეილ მესხზე შეკრებილმა 10 000-ზე მეტმა გულშემატკივარმა ევროსარბიელიდან ქართული გუნდების ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო გამოვარდნა იხილა.

 

ერევანში, არარატ-არმენიასთან 2:1 გამარჯვების მერე, ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ საბურთალო ევროპის ლიგის ფლეი-ოფში ვერ ითამაშებდა, მაგრამ თბილისში ევროსარბიელზე სადებიუტო სეზონში გამომსვლელმა გუნდმა ორი უპასუხო გოლი გაუშვა.

 

არა, გიორგი ჭიაბრიშვილმა წინასამატჩოდ დადებული პირობა შეასრულა და მისმა გუნდმა ბურთის დაჭერა და გაგორება მართლაც მოახერხა, მეორე ნახევარში ამ კომპონენტში მეტოქე უდიდესი უპირატესობითაც დაჩაგრა, თუმცა ამაზე ღირებული მთელი შეხვედრის განმავლობაში თითქმის არაფერი შეუქმნია.

 

ისევე, როგორც შერიფთან, საბურთალომ გოლი საწყის წუთებში მიიღო. მე-10 წუთზე, ანტონ კობაილკომ ქუსლით დაარტყა და საბურთალოს მეორე შეხვედრაშიც გაუტანა. საბურთალომ პირველი ნახევარი დათმო და ვერც ის შეძლო, რასაც წინა შეხვედრებში ახერხებდა - მეორე ტაიმში ანგარიშის შემობრუნება. პირიქით, კოხრეიძის გაუგებარმა მოქმედებამ საბურთალოს კარში მეორე გოლიც მოიტანა. 67-ე წუთზე, ქართული გუნდის მე-10 ნომერმა ბურთი მეტოქის შემტევს ჩააბარა, მისი შეჩერების ერთადერთი გზა კი საჯარიმოში წესების დარღვევა გახდა. პეტროს ავეტისიანმა პენალტი ზუსტად შეასრულა და არარატი ორმატჩიან დაპირისპირებაში დააწინაურა. ​

 

მატჩის დარჩენილი დრო განწირულის ვედრებას გავდა, საბურთალოს მონდომებას ვერ დავუკარგავთ, თუმცა თუ მალის მიერ ხარიხას გარტყმულ ბურთს არ ჩავთვლით, ქართული გუნდისგან გააზრებული კომბინაცია არ გვინახავს. 

 

მესამე დამატებულ წუთზე საბურთალოს მატჩის გადარჩენა შეეძლო, თუმცა რეხვიაშვილის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა და საბურთალოც ევროტურნირებს დაემშვიდობა. 

 

სამწუხაროდ, ევროტურნირებს ერთადერთი ქართული გუნდი შემორჩა - თბილისის დინამო საპასუხო შეხვედრას როტერდამის ფეიენოორდთან 15 აგვისტოს ჩაატარებს, პირველი მატჩი 0:4 დასრულდა.