ჭიაბრიშვილი: ეს სრული კრახი იყო, ბოდიში, მთავარი დამნაშავე მე ვარ 

საბურთალოს თავკაცი პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საბურთალო ევროპის ლიგას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან, სენსაციურად დაემშვიდობა. ქართული გუნდი, რომელსაც არარატ-არმენია ერევანში - 2:1 ჰყავდა დამარცხებული, საშინაო არენაზე 2 უპასუხო გოლით დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენციაზე ამ მძიმე მარცხზე მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და თქვა, რომ მთავარი დამნაშავე ის არის. 

 

"ამ მძიმე მარცხის გამო პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ნამდვილად ძალიან ცუდად ვითამაშეთ. მოწინააღმდეგემ შექმნა მომენტები, გამოიყენა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

 

ეს მატჩი საბურთალოს სრული კრახია და ამის სათავეში მე ვარ. ბოდიშს ვიხდი, ყველაფერი ჩემი ბრალია. არც ჩემმა ტაქტიკურმა სქემამ გაამართლა, რომელიც მატჩის წინ შევიმუშავე. ვიტყვი, რომ მე არ ვიმსახურებ საქართველოს ჩემპიონი გუნდის მწვრთნელობას. 

 

შეხვედრის წინ ვთქვი, რომ 3 ცენტრალური მცველით აქამდე არ მითამაშია, მაგრამ მიმდინარე ევროშესარჩევზე ამის საჭიროება ვნახე, როგორც ჩანს, ამ ექსპერიმენტმაც არ გაამართლა. ჩვენ ფლანგზე შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც შეტევაში შესანიშნავად ერთვებიან, თუმცა გადავწყვიტე, რომ მეტოქის კონტრშეტევების მოსაგერიებლად ფრთებზე ტანმაღალი ფეხბურთელები გამენაწილებინა

 

ძალიან ბევრ საკითხში ჩვენ გამოუცდელები ვართ, თუნდაც გულშემატკივართან ურთიერთობაში. წელიწადში ერთხელ მოდის ქომაგი შენი თამაშის სანახავად და უნდა მოახერხო და სულ მცირე მადლობა გადაუხადო. თუმცა, გულშემატკიავრმაც უნდა გამოიჩინოს სათანადო დამოკიდებულება და ფეხბურთელებს პირადი შეურაცხყოფა არ მიაყენოს. 

 

ეს იყო იმ დონის მატჩი, როგორის თამაშის შესაძლებლობა შეიძლება ცხოვრებაში აღარ მოგეცეს და ასეთ მატჩს ასე არ თამაშობენ. ეს თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო, სომხურ გუნდებთან ასე არ უნდა ვაგებდეთ

 

ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ეიფორიაში ვვარდებით და ფსიქოლოგიური პრობლემები გვაქვს, სანამ ამას არ გამოვასწორებთ, წარმატებას ვერ მივაღწევთ",-თქვა ჭიაბრიშვილმა

 

შეგახსენებთ, ორი მატჩის ჯამში საბურთალო მეტოქესთან - 2:3 დამარცხდა.